Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატკო მლადიჩის სასამართლო პროცესი 4 ივლისამდე გადაიდო


ბალკანეთის ომის დროს ბოსნიელ სერბთა არმიის მეთაურმა რატკო მლადიჩმა, რომელიც 3 ივნისს პირველად წარდგა ჰააგის ტრიბუნალის წინაშე, უარი თქვა მოესმინა საბრალდებო დასკვნა და მოითხოვა დამატებითი დრო წაყენებული ბრალდებების გასაცნობად. მლადიჩს 1992-1995 წლების ბოსნიის ომის დროს გენოციდსა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში ედება ბრალი, რასაც გენერალმა დღეს „შეურაცხმყოფელი“ უწოდა.

გენერალმა რატკო მლადიჩმა „საზიზღარი“ და „შეურაცხმყოფელი“ უწოდა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას, რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმას, რომ არის მძიმედ ავად და სჭირდება ერთ თვეზე მეტი დრო, რათა ბოლომდე შეისწავლოს და გაიგოს მის მიმართ წაყენებული ბრალდების შინაარსი:

„მსურს გავეცნო იმას, რაც თქვენ ახლახან წაიკითხეთ - ჩემს მიმართ წაყენებულ ამ „შეურაცხმყოფელ“ ბრალდებებს. მსურს სათანადოდ წავიკითხო, ჩემს ადვოკატთან ერთად კარგად გავიაზრო ამ საბრალდებო დასკვნაში მოცემული საზიზღარი სიტყვები, რომლის მსგავსიც ადრე არასოდეს მომისმენია, რისთვისაც მჭირდება თვეზე მეტი დრო.“

სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ ალფონს ორიემ დაადგინა, რომ არ არსებობს იმის მიზეზი, რის გამოც მლადიჩს ერთ თვეზე მეტი ვადა უნდა მიეცეს საბრალდებო დასკვნის გასაცნობად. ამიტომ მოსამართლემ შემდეგი სასამართლო სხდომა 4 ივლისს დანიშნა. მლადიჩმა, რომელმაც თავის ავადმყოფობას რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, თქვა, რომ იცოცხლებს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე და იმედი აქვს, რომ მას გაათავისუფლებენ. მლადიჩმა განაცხადა, რომ ის „დაიცავს არა რატკო მლადიჩს, არამედ ქვეყანასა და ხალხს.“

თუმცა გენერლის ეს განცხადება უარყო მოსამართლე ორიემ, რომელმაც, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ბრალდება ინდივიდუალურად მხოლოდ მას ეხება და მისი დაცვა მხოლოდ მის მიმართ არსებულ ბრალდებებზე უნდა იყოს ფოკუსირებული:

„საბრალდებო დასკვნის თანახმად, თქვენ, რატკო მლადიჩი, ბრალდებული ხართ გენოციდში, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში, ომის წესებისა და კანონების დარღვევაში, მათ შორის - ერთობლივი დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნაში.“

აღსანიშნავია, რომ, საბრალდებო დასკვნით, რომელიც ჰააგის ტრიბუნალს გაეროს პროკურორებმა ამ კვირაში წარუდგინეს, გენერალ რატკო მლადიჩის საქმე ბოსნიელ სერბთა პოლიტიკურ ლიდერთან, ომის დანაშაულსა და გენოციდში ბრალდებულ რადოვან კარაჯიჩთან კავშირში განიხილება. მლადიჩს ბრალი მიუძღვის 8000 ბოსნიელი მუსლიმის დახოცვაში 1995 წელს, სარაევოს 44 თვიანი ალყის ორგანიზებაში, რომლის დროსაც 10 ათასი ადამიანი დაიღუპა. გენერალი რატკო მლადიჩი 16 წლიანი მიმალვის შემდეგ სერბეთში მაისის ბოლოს დააპატიმრეს და 31 მაისს გაეროს ჰააგის ტრიბუნალს გადასცეს, სადაც რადოვან კარაჯიჩის სასამართლოც მიმდინარეობს. 3 ივნისს სასამართლო პროცესს, რომელსაც ჰააგიდან პირდაპირ ეთერში მსოფლიოს ბევრი ტელეკომპანია გადასცემდა, თვალს ადევნებდნენ სრებრენიცაში დახოცილი ადამიანების ნათესავები ბოსნია- ჰერცეგოვინის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე. ისინი გაბრაზებული შეძახილებით შეხვდნენ გენერალ მლადიჩის განცხადებას, საბრალდებო დასკვნა „საზიზღარი“ და „შეურაცხმყოფელიაო“.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG