Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენის დაჭრილმა პრეზიდენტმა განცხადება გაავრცელა


იემენის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ქვეყნის პრეზიდენტის, ალი აბდულა სალეჰის განცხადების აუდიოჩანაწერი - მას შემდეგ, რაც დღეს უფრო ადრე სალეჰი საპრეზიდენტო სასახლეზე მიტანილი იერიშის შედეგად დაიჭრა. თავდასხმაში, რომელსაც სხვა რამდენიმე ოფიციალური პირის დაჭრაც მოჰყვა - და, სალეჰის თანახმად, 7 ადამიანი იმსხვერპლა - პრეზიდენტმა „უკანონო დაჯგუფება“ დაადანაშაულა. კერძოდ, სალეჰმა განაცხადა, თავდასხმა სადეყ ალ-აჰმარის ხელმძღვანელობით მოქმედი ჰაშედის თემის წევრებმა მოახდინესო. იემენის პრეზიდენტმა ქვეყნის უსაფრთხოების და სამხედრო ძალები ამ თემის წევრებთან ბრძოლისთვის შეაქო. გავრცელებული ინფორმაციით, სალეჰი კისრის არეში დაიჭრა და სახეზეც მიიღო ჭრილობები - თუმცა განცხადების აუდიოჩანაწერში მან თქვა, „თავს, ასე თუ ისე, კარგად ვგრძნობო“. დღეს უფრო ადრე ქვეყნის დედაქალაქში სამთავრობო ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს, რომლებიც სალეჰის 33-წლიანი მართველობის დასრულებას მოითხოვდნენ. მას შემდეგ, რაც იანვარში სალეჰის წინააღმდეგ ამბოხება დაიწყო, 350 ადამიანი იქნა მოკლული. ბოლო დღეებში ძალადობამ შესამჩნევი ესკალაცია განიცადა.
XS
SM
MD
LG