Accessibility links

logo-print
რამდენიმე დღეში საატესტატო გამოცდები სასჯელაღსრულებით დაწესებულებებშიც დასრულდება და, შესაბამისად, განათლების სამინისტრო გამოცდების შედეგების შესახებ საბოლოო სტატისტიკურ მონაცემებს შეაჯერებს. თუმცა რეალურად ამ დროისათვის უცნობია მხოლოდ ის, რამდენი მოსწავლე დარჩება სკოლის დამამთავრებელი ატესტატის გარეშე. უკვე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მოსწავლეთა 30 პროცენტმა ცოდნის მაღალი დონე გამოავლინა, ხუთმა პროცენტმა კი საუკეთესო შედეგი აჩვენა.

პირველ საატესტატო გამოცდებს ქვეყნის მასშტაბით 50 000-მდე მოსწავლე აბარებდა. შესაბამისად მოსწავლეთა მოსწრების პროცენტული მაჩვენებლები რეალურ რიცხვებში ნიშნავს, რომ დაახლოებით 16 000-მა კურსდამთავრებულმა გამოცდებს თავი წარმატებით გაართვა, 2500 კი საუკეთესოა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ამ 2500 მოსწავლეს ოქროს ბავშვები უწოდა, გამოცდების მნიშვნელობის შესახებ კი განაცხადა, რომ სკოლას პრესტიჟი, მის დამამთავრებელ ატესტატს კი წონა დაუბრუნდა. სკოლის დამამთავრებელი ატესტატის ფაქტობრივი წონა ისაა, რომ მის გარეშე კურსდამთავრებული უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას ვერ შეძლებს. ატესტატის მიღების პირობები კი 2010-2011 აკადემიურ სასწავლო წელს, დიმიტრი შაშკინის თქმით, ასეთი იყო:

”წელს, როგორც იცით, ბარიერი დადგინდა 5,5, მაგრამ, ჩვენ როგორც დავპირდით მოსწავლეებს, იმის გამო, რომ მოსამზადებლად მხოლოდ წელიწად-ნახევარი ჰქონდათ, სამ საგანში მათ მიეცათ უფლება, რომ მიეღოთ 5,2 და დანარჩენებში - 5,5. მომავალ წელს ეს შეღავათი უკვე არ იარსებებს, იქნება 5,5 და უკვე 2013 წელს მინიმალური ბარიერი განისაზღვრება 6,0-ით, რაც მოგვცემს ჩვენ შესაძლებლობას თამამად ვთქვათ, რომ ძალიან მაღალი სტანდარტია.”

ძალიან მაღალი სტანდარტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011 წელს საატესტატო გამოცდების ტექნიკური უზრუნველყოფის საქმეში აჩვენა, აღნიშნავენ სამინისტროში. გამოცდები ეგრეთ წოდებული CAT-ის ტიპის მოდელით საქართველოს 1520 სკოლის საგამოცდო ცენტრში ერთდროულად, ცენტრალიზებულად, ერთიანი მართვისა და კონტროლის პირობებში მიმდინარეობდა; 1520-ვე სკოლაში პროცესი უახლოესი სისტემებით აღჭურვილი სასერვერო ოთახიდან ვიდეოგამოსახულების საშუალებით კონტროლირდებოდა; კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება გამოცდების ეროვნულ ცენტრში შექმნილი ალგორითმისა და კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ჩატარდა.

”ეს ალგორითმი აპრობირებულია, მაგალითად, ჰოლანდიაში, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში. თქვენთვის ცნობილი გამოცდები - „ჯიარი“, „ესეიტი“ - ასეთი ფორმატით ტარდება, მაგრამ საუბარი აქ არის მასშტაბზე. ქვეყნის მასშტაბით და ასეთი რაოდენობით არსად მსოფლიოში ჯერ არ ჩატარებულა და, აქედან გამომდინარე, სწორედ ამიტომ უყურებდნენ სკეპტიკურად იმას, შესაძლებელია თუ არა ერთდროულად 48 000 მოსწავლე მიიღო და ჩაატარო ასეთი ფორმით გამოცდა”, - ამბობს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და ყოფილ სკეპტიკოსთა შორის ასახელებს ჰოლანდიის დაჩ ტესტის დამფუძნებელსა და ევროპის საერთაშორისო საგანმანათლებლო ასოციაციის პრეზიდენტს სტივენ ბაკერსაც. სტივენ ბაკერი მაშინ ფიქრობდა, რომ ერთი წლის განმავლობაში შეუძლებელი იყო ამ სისტემის დანერგვა. დღეს შედეგით კმაყოფილებას ისიც გამოხატავს:

”მე მოხარული ვარ აქ ყოფნით და იმ პატივით, ვიყო ამ წარმატებული პროექტის მონაწილე. ის, რისი მომსწრეც თქვენ პირველი საატესტატო გამოცდების სახით ამ გასული ორი კვირის განმავლობაში გახდით, გამორჩეულია მსოფლიოში. კომპიუტერულად ადაპტირებული გამოცდები გამოსაცდელის ცოდნის შეფასების საუკეთესო, ტექნოლოგიურად მოწინავე მეთოდია, რომელსაც მრავალ ქვეყანაში მიმართავენ. მაგრამ ამ მეთოდის გამოსაშვებ გამოცდებზე გამოყენების თვალსაზრისით საქართველო პირველია, რასაც ვულოცავ ჩემს კოლეგებს.”

საატესტატო გამოცდები საქართველოში 23 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით 8 დისციპლინაში - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში, მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში - ჩატარდა.

საატესტატო გამოცდები 2011 საქართველოში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 50 000-მდე მოსწავლემ ჩააბარა. აქედან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისათვის 35 000 აბიტურიენტმა გაიარა რეგისტრაცია. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი კურსდამთავრებული ვერ მიიღებს სკოლის დამამთავრებელ ატესტატს, თუმცა განათლების სამინისტროში ვარაუდობენ, რომ პოტენციური უატესტატოები მოსწავლეთა იმ 15 000 კაციან ჯგუფში აღმოჩნდებიან, ვინც უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას არც აპირებდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG