Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარბევის შემდგომი კვირა


პრესასა და ელექტრონულ თუ ინტერნეტსივრცეში კვირის განმავლობაში გავრცელებული მასალებიდან ირკვევა, რომ აქციის დამშლელები დემონსტრანტებს სცემდნენ როგორც ადგილზე, უკვე დაკავებულებსა და ხელებზე ბორკილდადებულებს, ასევე იზოლატორებში გადაყვანის პროცესში. ამ თემაზე მომზადდა ჟურნალისტური ვიდეომასალა, სადაც საუბრობენ დაკავებული თუ ნაცემი ჟურნალისტები, შეიკრიბა ასევე ნაცემი დემონსტრანტების ვიდეომასალა და ყველაფერი ეს საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლობებს წარედგინათ. ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა თქვა:

„ოპოზიციურმა „რვიანმა“ წარმოგვიდგინა მასალები, გაგვაცნო იდეები, სიტუაცია და დამოკიდებულება ისეთია, რომ გამოძიება აუცილებლად უნდა ჩატარდეს.“

განცხადებები კვირის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმაც გააკეთა. მან ილაპარაკა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე წესრიგის დაცვის სფეროში, თუმცა ასევე ცალსახად აღნიშნა საჭიროება გამოძიებული იქნეს ცაკლეული ადამიანების უფლების დარღვევის ფაქტები.

ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ ლაპარაკობდა კვირის განმავლობაში სხვადასხვა არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციაც. მაგალითად, გავრცელდა კომენტარი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის პრესსპიკერის რუპერტ კოლდვილისგან:

„როგორც ჩანს, პოლიციამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა საპროტესტო აქციის მონაწილეთა დასაშლელად. ჩვენ მთლიანად ვუჭერთ მხარს საქართველოს სახალხო დამცველის, ომბუდსმენის მოწოდებას, განხორციელდეს ამ მოვლენის დროს პოლიციის ქმედებების სრულყოფილი, ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიება. და ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ძალის გამოყენება ხდება საჭიროების მინიმუმით და საჭიროებისა და პროპორციულობის პრინციპების შესაბამისად. ყველა მხარის ჩართულობით, განხორციელებული ფიზიკური თავდასხმები სწრაფად და დროულად უნდა იქნეს გამოძიებული.“

დიპლომატიურ დონეზე ქართული მხარე გაეროსთვის კვირის განმავლობაში ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ძალის გამოყენების პროპორცია იმ განწყობებმა გამოიწვია, რომელიც დემონსტრანტებში არსებობდა. ამაზე რადიო თავისუფლებას ესაუბრა შვეიცარიაში საქართველოს ელჩი ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელმაც გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისს განცხადების გახმაურების დღესვე გადაუგზავნა მასალები, სადაც, მისი თქმით:

„აშკარა იყო მათი განწყობა საიმისო, რომ ძალადობას ჰქონოდა ადგილი, და ისინი იყვნენ შეიარაღებულები და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციას. ბუნებრივია, პოლიციას მოუხდა ძალის გამოყენება.“

შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით იმასვე ამტკიცებდა პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობა, რომელმაც უარი განაცხადა დამატებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეაზე. შესაბამისად, პარლამენტში ვერ მოხერხდა კომისიის მოსაწვევად საკმარისი ხელმოწერების შეგროვება. უმრავლესობის წევრები სხვებს საკითხის პოლიტიზებისგან თავის შეკავებას ურჩევდნენ და საუბრობდნენ უკვე დაწყებულ უწყებრივ მოკვლევებზე, მიუთითებდნენ ასევე იმ ფაქტზე, რომ საკითხს იკვლევს სახალხო დამცველი და „წითელი ჯვარი“ და ამ დროს დამატებითი საპარლამენტო კომისიის მოთხოვნა საკითხის პოლიტიზების მცდელობააო, დასძენდნენ. აი, რა განაცხადა დავით დარჩიაშვილმა:

„ეს არის მცდელობა, რომ საკითხის შემდგომი პოლიტიზაცია მოხდეს და აშკარა დანაშაულებრივი ქმედებები ერთი ჯგუფისა გაუთანაბრდეს სახელმწიფოს ქმედებებს.“

საკითხის პოლიტიზების მცდელობის თემა კვირის განვალობაში ისმოდა არამარტო უმრავლესობის წევრთა მხრიდან. საპირისპიროდ გაისმოდა მოსაზრებები, რომ მმართველი გუნდი, ერთი პოზიციის ერთსულოვანი დაცვით, ხელს უშლის საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებას, რასაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ითხოვდა არა მარტო ოპოზიცია, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლობები თუ არასამთავრობო სექტორი. შეიძლება ითქვას, იმავე ფაქტორთან იყო დაკავშირებული დაკარგულ ადამიანთა თემაც. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვირის განმავლობაში აცხადებდა, რომ მათთვის ოფიციალურად არავის მიუმართავს და, შესაბამისად, დაკარგულიც არავინაა, მაშინ როცა არასამთავრობო სექტორი აქციის დარბევის დროს ათეულობით დაკარგულ ადამიანზე ლაპარაკობდა. იმის გამო, რომ ოფიციალურ საგამოძიებო სტრუქტურებთან სხვადასხვა გარე ორგანიზაციებს წვდომა არ ჰქონდათ, დაკავებულთა რაოდენობის შესახებ კვირის განმავლობაში საკმაოდ განსხვავებული ცნობები ვრცელდებოდა. თამარ ჩუგოშვილმა, ახალგაზრდა იურისტმა, თქვა:

„ჩვენ ამ წუთში გვაქვს დაახლოებით ორმოცკაციანი სია. აქედან ნაწილის შესახებ ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაუჩინარებულები არიან, იმიტომ რომ ოჯახმა არ იცის მათი ადგილსამყოფელი. მეორე ნაწილის თაობაზე სიაში შეიძლება იყოს უზუსტობები, ამას არ გამოვრიცხავთ, იმიტომ რომ ადამიანთა ერთი ნაწილის თაობაზე ჩვენ ვერ ვახერხებთ ინფორმაციის გადამოწმებას.“

4 ივნისს „რეზონანსი“ ციტირებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროს შოთა უტიაშვილს, რომელმაც თქვა, რომ მათთან ამ თემაზე ოფიციალური მიმართვა არ შესულა, და დასძინა: „რუსთაველი ჯუნგლები არ არის, რომ იქ ადამიანი დაიკარგოსო”.

რაც შეეხება გამოძიებას, კვირის განმავლობაში გავრცელდა „ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის“ წევრთა ჩანაწერები, რომლებშიც ადამიანები ლაპარაკობდნენ პროვოკაციების მოწყობის მცდელობაზე. ჯგუფის 23 წევრი ყინწვისის მონასტრიდან აიყვანეს და მათ სახელმწიფო გადატრიალების მუხლი შეეფარდათ. ჩანაწერებში, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასმედიის საშუალებებით გაავრცელა, იყო ბადრი ბიწაძის გვარიც:

”ბადრი ბიწაძის და თემურ ხაჩიშვილის შეთანხმებით, შეფიცულები უნდა ჩასულიყვნენ იგოეთში, შეერთებოდნენ გადმოსულ ხაჩიშვილის შეიარაღებულ რაზმს და წამოსულყვნენ თბილისში შეიარაღებული ამბოხისთვის.”

თუმცა ბადრი ბიწაძეს, დაკავებული წევრებისგან განსხვავებით, რომელთაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ბრალდებათ, შეეფარდა გირაო, რომლის საფუძველი კანონმდებლობით ასე ფორმულირდება: „წინააღმდეგობა, ძალადობა ან მუქარა სამართალდამცველის მიმართ“. თავად ბარდი ბიწაძე კი დაკავებული არაა. კვირის განმავლობაში კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ისმოდა, იყო: სადაა ბადრი ბიწაძე? - პასუხად, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომც ვიცოდე, ამ ეტაპზე არ ვიტყვიო.

ამ კვირასვე პარლამენტმა თავისუფლების ქარტია დაამტკიცა. კანონის მიხედვით, შეიქმნება სპეციალური ჯგუფი შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც შეზღუდვებს დაუწესებს კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნებს პოლიტიკაში მონაწილეობისას და აგრეთვე მოახდენს საბჭოთა სიმბოლოების დემონტაჟს. კანონის ინიციატორმა გია თორთლაძემ თქვა:

„სიმბოლიკა იდეოლოგიის ნაწილი იყო, სიმბოლიკა უბრალოდ ჰაერში არ იყო, როგორც ზოგიერთები ამბობენ, შრომის იარაღებიაო… ასე რომ, კანონით უნდა იყოს ისინი მოხსნილი, თუკი არ არის ხელოვნების ნიმუში. თუ ხელოვნების ნიმუშია, გადავიტანთ სხვაგან.“

კანონის მიხედვით, არ არის ცხადი, შეზღუდვები დაწესდება მხოლოდ საჯარო სივრცეში საბჭოთა სიმბოლოების გამოყენებაზე თუ ის კერძო მოხმარებასაც გადასწვდება.
XS
SM
MD
LG