Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაც საქართველოში მოხდა, ის შეერთებულ შტატებში რომ მომხდარიყო, კონგრესში მოსმენები დაიწყებოდა


საქართველოს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ოთხკაციანი დელეგაცია სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციას ხელმძღვანელობს რესპუბლიკელი კონგრესმენი დევიდ დრაიერი, რომელიც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ”პარტნიორობა დემოკრატიისთვის” კომისიის თავმჯდომარეა. კომისია მსოფლიოს 14 ქვეყანასთან თანამშრომლობს საკანონმდებლო ინსტიტუტების განვითარებისთვის. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კონგრესმენები პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ და ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე მათ შეკითხვებსაც უპასუხეს.

შეერთებული შტატების კონგრესმენთა დელეგაცია საქართველოში 4 ივნისს ჩამოვიდა. დელეგაციას რესპუბლიკელი კონგრესმენი დევიდ დრაიერი ხელმძღვანელობს. დელეგაციის სხვა წევრები დემოკრატი კონგრესმენები არიან, მათ შორის - დევიდ პრაისი, სიუზან დევისი და ბრედ მილერი. რესპუბლიკელმა სენატორმა დევიდ დრაიერმა აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი ამაღელვებელი მომენტი ისიც იყო, რომ ისინი ფილმის პრემიერას დაესწრნენ. ეს გახლავთ ამერიკელი რეჟისორის ფილმი „აგვისტოს 5 დღე“.

მათი მხრიდან ინტერესი და მხარდაჭერა იმის დამადასტურებელია, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა კონკრეტულ შედეგებს მოიტანს...
კონგრესმენებმა აღნიშნეს, რომ მათი ვიზიტი შემთხვევით დაემთხვა ფილმის პრემიერას და ისინი საქართველოში სხვა მნიშვნელოვანი მიზნებითაც იყვნენ ჩამოსული, მათ შორის, საპარლამენტო მუშაობის გასაცნობად.

საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრის შემდეგ ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, მაგდა ანიკაშვილმა, განაცხადა, რომ კონგრესმენები საქართველოში არსებული საარჩევნო გარემოთი და იმ მოლაპარაკებითაც დაინტერესდნენ, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს:

”დიდი ინტერესით მოისმინეს ქრისტიან-დემოკრატების პოზიცია, რომ აუცილებელია 26 მაისის მოვლენების გამოძიება - კონკრეტულად, პოლიციის მოქმედების გამოძიება აქციის დარბევის დროს. ძალიან დიდია კონგრესმენების დაინტერესება იმით, თუ როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. სხვათა შორის, ასევე დაინტერესდნენ, რამდენად მიზანშეწონილია პარლამენტის შენობის გადატანა ქუთაისში, რადგან, მათი აზრით, თანამშრომლობა პარლამენტსა და მთავრობას შორის ორ ქალაქში შეიძლება ნაკლებეფექტური იყოს, ვიდრე მაშინ, როცა ტერიტორიული დაშორება არც ისე დიდია.”

ამას გარდა, კონგრესმენები პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიასაც შეხვდნენ. შეხვედრიდან გამოსულმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ მათ ისაუბრეს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც ძალაში 2013 წლიდან უნდა შევიდეს, კერძოდ, ძალთა ბალანსის ახლებურ გადანაწილებაზე. კონგრესმენები ასევე გაეცნენ იმ უფლებამოსილებებს, რაც პარლამენტს ექნება აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტების კომპეტენციის მხრივ.
ძალთა ბალანსის გადანაწილების გარდა, როგორც პავლე კუბლაშვილი ამბობს, ისაუბრეს თვითმმართველობის, საკუთრების უფლებისა და სასამართლო ხელისუფლების საკითხებზე:

ამის მსგავსი რამ ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ მომხდარიყო, აუცილებლად ჩატარდებოდა დამოუკიდებელი გამოძიება; ამას გარდა,შეერთებული შტატების კონგრესში ჩატარდებოდა მოსმენები და განხილვები...
”მათი მხრიდან ინტერესი და მხარდაჭერა იმის დამადასტურებელია, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა კონკრეტულ შედეგებს მოიტანს. იმედი მაქვს, რომ ეს მხარდაჭერა მომავალშიც არაერთხელ გამოჩნდება.”

უკვე ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დევიდ დრაიერმა აღნიშნა, რომ საარჩევნო რეფორმა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, დემოკრატიულ პრინციპებზე და ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე უნდა იყოს ორიენტირებული:

”რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, რომელიც მიმდინარეობს მომავალ წელს დაგეგმილი საპარლამენტო და შემდგომში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ჩვენ შეგვიძლია აღვნიშნით, რომ ეს არის ქართველი ხალხის და თავად საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი, თუ როგორი შეიძლება იყოს საარჩევნო გარემო. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენი გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით და ასევე მოგიწოდოთ, რომ იყოს ისეთი პირობები შექმნილი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ქართველ ხალხს მისცემს არჩევანის შესაძლებლობას.”

დევიდ დრაიერმა ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც 26 მაისის მოვლენების გამოძიებას შეეხებოდა, უპასუხა:

”ამის მსგავსი რამ ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ მომხდარიყო, აუცილებლად ჩატარდებოდა დამოუკიდებელი გამოძიება; ამას გარდა,შეერთებული შტატების კონგრესში ჩატარდებოდა მოსმენები და განხილვები. ჩვენ ქართველ კოლეგებს საუბრის დროს ვუთხარით, რომ ეს იქნებოდა ყველასთვის სასარგებლო და ასევე გაზრდიდა მთავრობისა და პარლამენტისადმი ნდობას.”

კონგრესმენმა ასევე ისაუბრა პარლამენტის ქუთაისში გადატანის საკითხზეც და აღნიშნა, რომ მთავრობასა და პარლამენტს შორის 2 საათიანმა მანძილმა პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციები არ უნდა შეასუსტოს:

”და ჩვენ გვინდა ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ პარლამენტი ეფექტურად შეასრულებს თავის საქმეს ორი საათით დაშორებულ მანძილზეც კი. ეს ქართველი ხალხის, მთავრობისა და პარლამენტის გადასაწყვეტია. ჩვენ გვინდა ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ ისინი კვლავ გააგრძელებენ საქმიანობას და ზედამხედველობას გაუწევენ აღმასრულებელ ხელისუფლებას.”

დემოკრატმა კონგრესმენმა სიუზან დევისმა კი ყველა იმ ქართველ ოჯახს გადაუხადა მადლობა, რომლის წევრიც ავღანეთში მსახურობს.

პარლამენტში შეხვედრების დასრულების შემდეგ, რომელიც სხვადასხვა კომიტეტთან საუბარს მოიცავს, კონგრესმენთა დელეგაცია, მათი განცხადებით, უკრაინაში, შემდეგ ყირგიზეთში და იქიდან კი მონღოლეთში მიემგზავრება. მიზანი, ისევე როგორც საქართველოში, იქაც საპარლამენტო საქმიანობის გაცნობა და თანამშრომლობაა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG