Accessibility links

logo-print
5 ივნისიდან საქართველოს კინოთეატრებში მაყურებელს შეუძლია ნახოს ამერიკელი რეჟისორის რენი ჰარლინის მიერ გადაღებული ფილმი -”აგვისტოს 5 დღე”. ფილმის პრემიერას 5 ივნისს თბილისში თავად ფილმის რეჟისორი, ფილმში საქართველოს პრეზიდენტის როლის შემსრულებელი, ჰოლივუდის მსახიობი ენდი გარსია და სხვა ჰოლივუდელი მსახიობები დაესწრნენ. სპეციალურად ფილმის პრემიერაზე თბილისში ჩამოვიდა ჰოლივუდის ვარსკვლავი შერონ სტოუნი. ფილმში, რომელიც 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის მოვლენებს ასახავს, ჰოლივუდელ მსახიობებთან ერთად ქართველი მსახიობებიც მონაწილეობენ. ფილმის პროდიუსერები არიან პარლამენტარი კობა ნაყოფია და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია. ფილმის პრეზენტაციამდე რამდენიმე საათით ადრე გამართული პრესკონფერენციის პარალელურად სასტუმრო ”რედისონთან” სტუდენტთა მცირერიცხოვანი აქცია გაიმართა. მათი თქმით, ისინი იაფფასიანი პროპაგანდისტული ფილმების გადაღების წინააღმდეგ გამოვიდნენ. როგორც რენი ჰარლინმა თქვა, ფილმის ბიუჯეტმა 12 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ფილმის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა საქველმოქმედო საღამო. ბიზნესმენების მიერ შეგროვილმა თანხამ, საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, უპრეცედენტო რაოდენობას მიაღწია.

საქართველოში ორი წლის წინ ჩამოვედი. გავეცანი ინფორმაციას, გამოვიკითხე რა ხდებოდა, დავიწყე ხალხთან საუბარი. ველაპარაკე ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, დევნილებს...
საერთოდ, ალბათ, ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი და გათვლილი. ყოველ შემთხვევაში, წესით და რიგით, ასე უნდა ყოფილიყო: პრესკონფერენცია, წითელი ხალიჩა, მოწვეული სტუმრები, ჰოლივუდის ვარსკვლავები, გლამური, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველა წინასწარ დაგეგმილმა საათმა მინიმუმ საათ-ნახევრით გადაიწ-გადმოიწია. აი, მაგალითად, ფილმის ჩვენება ჯერ ხუთის ნახევარზე იყო დაგეგმილი, შემდეგ -6-ზე, ბოლოს, კინოთეატრ „რუსთაველის“ დიდი და მცირე დარბაზის ეკრანები, სავარაუდოდ, დაახლოებით 7 საათისათვის აინთო, ვინაიდან მოწვეული სტუმრების მნიშვნელოვანი ნაწილი, - ბარემ აქვე ვთქვათ, მათი რიცხვი 840-ს შეადგენდა - მართალია, საკმაოდ უხერხული სვლით, შვიდის ნახევარზე ჯერ კიდევ წითელ ხალიჩაზე დაიარებოდა პომპეზური, მაგრამ უმეტესად შავ ფერებში გადაწყვეტილი სამოსით... იყო აქა-იქ ალისფერი, წითელი ან ატმისფერი, ზოგან კრემისფერიც, ზურმუხტისფერიც.

სულ ცოტა ხნით მივატოვოთ წითელი ხალიჩა და პრესკონფერენციაზე, სასტუმრო ”რედისონში” გადავინაცვლოთ, რომლის მთავარი გმირები ფილმში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის როლის შემსრულებელი, წარმოშობით კუბელი, ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი ენდი გარსია და ფილმის რეჟისორი, წარმოშობით ფინელი, ასე ვთქვათ, ზედმეტად ხალისიანი და ენერგიული რენი ჰარლინი იყო. პირველი სიტყვაც, შესაბამისად, მას ერგო. მოხარული ვარ, რომ ჩემს მეორე სამშობლოში დავბრუნდი, - ამ სიტყვებით გახსნა რენი ჰარლინმა პრესკონფერენცია. მოდით, მოვისმინოთ როგორ დაიწყო მან ფილმზე მუშაობა. და აქვე ერთი შენიშვნაც: მისი სიტყვების თარგმნისას ჩვენ საქართველოს პრეზიდენტს მოვიხსენიებთ მხოლოდ და მხოლოდ სახელით, მიშა, რადგან რენი ჰარლინი მას პრესკონფერენციის მსვლელობისას სწორედ ასე მოიხსენიებს: ”საქართველოში ორი წლის წინ ჩამოვედი. გავეცანი ინფორმაციას, გამოვიკითხე რა ხდებოდა, დავიწყე ხალხთან საუბარი. ველაპარაკე ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, დევნილებს. შემდეგ წავიკითხე გაეროს, ევროკავშირისა და Human rights Watch - ის ანგარიშები, რათა გამეგო რეალურად რასთან მქონდა საქმე. შევხვდი მიშას. მე მინდოდა ყველაფერი მცოდნოდა”, - ამბობს რენი ჰარლინი.

ფილმის გადაღება ჰოლივუდელმა რეჟისორმა აგვისტოს ომის დასრულებიდან ზუსტად ერთი წლის თავზე დაიწყო. როდესაც გორის დატოვების სცენას ვიღებდით, არ გვჭირდებოდა ხალხისთვის მიგვეთითებინა რა და როგორ გაეკეთებინა - ტკივილი იმდენად ახალი იყო, რომ მისი ხელოვნურად გაცოცხლება არ დაგვჭირდა, იხსენებს რენი ჰარლინი.

სიტყვაძუნწი აღმოჩნდა ენდი გარსია პრესკონფერენციის მსვლელობისას. ეს არის უნივერსალური ისტორია, ისტორია, რომელიც მეორდება და ბევრ ქვეყანას გადახდენია თავს, ის ნაცნობია ჩემთვისაც, ამბობს ენდი გარსია:

ძალიან შთამბეჭდავი და, ამავე დროს, ძალიან მძიმე ფილმი იყო. მე არ ვიცი, რა კრიტერიუმებით შეიძლება მივუდგეთ ფილმს, რომელიც, ერთი მხრივ, არის ძალიან დინამიური, ჰოლივუდურ სტილში გაკეთებული ბლოკბასტერი...
”როგორც მსოფლიოს მოქალაქე, მე პატივს ვცემ თითოეული ადამიანის უფლებას იყოს თავისუფალი. და არა აქვს მნიშვნელობა, ეს საქართველო იქნება, კუბა თუ ამერიკის შეერთებული შტატები. ეს არის ჩემი შეხედულება. მე აქ ჩამოსული ვარ, როგორც მსახიობი, თუმცა, პირადად მე პატივს ვცემ და მჯერა აბსოლუტური თავისუფლების”, - ამბობს ენდი გარსია.

დავუბრუნდეთ კვლავ წითელ ხალიჩას, ამჯერად უკვე ჰოლივუდის კიდევ ერთ ვარსკვლავთან, შერონ სტოუნთან ერთად, რომელიც საქართველოში სპეციალურად ფილმის პრემიერაზე დასასწრებად ჩამოვიდა. მის გამოჩენას რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ასობით თაყვანისმცემელი ელოდა. მაშინ, როცა რენი ჰარლინმა წითელ ხალიჩაზე ცეკვა გადაწყვიტა, შერონ სტოუნმა და ენდი გარსიამ წითელი ხალიჩიდან კინოთეატრში ყოველგვარი ზედმეტი ექსტრავაგანტულობის გარეშე, მცირე ფოტო-სესიის შემდეგ გადაინაცვლეს.

კინოთეატრ „რუსთაველის“ დიდი საათის პატარა ისარი 9-ს გადასცდა. ფილმი დასრულდა. დარბაზიდან გამოსული მაყურებელი ძირითადად ემოციებს ვერ იკავებს. ყველანი ერთხმად ამბობენ, რომ ფილმი მძიმე საყურებელია.

კულტურის მინისტრი ნიკა რურუა ”აგვისტოს 5 დღეს” „ყურებად ფილმს“ უწოდებს და ამბობს, რომ ის ბევრმა ადამიანმა უნდა ნახოს: ”ძალიან შთამბეჭდავი და, ამავე დროს, ძალიან მძიმე ფილმი იყო. მე არ ვიცი, რა კრიტერიუმებით შეიძლება მივუდგეთ ფილმს, რომელიც, ერთი მხრივ, არის ძალიან დინამიური, ჰოლივუდურ სტილში გაკეთებული ბლოკბასტერი და, მეორე მხრივ, არის სამხილი ამ უსამართლობის გასახმაურებლად. არ ვიცი, სხვა ესთეტიკური საზომი პირადად ჩემთვის არ არსებობს. ეს არის ფილმი მტკიცებულება და ვუსურვებ მას ბევრ წარმატებას.”

ემოციას ვერ მალავდა კინოთეატრიდან გამოსული მსახიობი, შავ შიფონის კაბაში გამოწყობილი ია ფარულავა: ”ძალიან დამძიმებული გამოვედი. მრცხვენია კიდეც, რომ გრძელი კაბა მაცვია და ბრილიანტები მიკეთია. ფილმის ნახვის შემდეგ გამახსენდა ყველაფერი, რაც ჩვენ გადავიტანეთ. რენი ჰარლინმა დიდი საქმე გააკეთა. ბრავო ჰოლივუდს!” - ამბობს ია ფარულავა.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე კი მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლა:

რადიო თავისუფლება: როგორი შთაბეჭდილება დატოვა ფილმმა?
ლევან გახელაძე: ისე, რა.

ფილმის პრემიერის შემდეგ ჰოლივუდელმა მსახიობებმა და სტუმრებმა რუსთაველის თეატრში, საქველმოქმედო ვახშამზე გადაინაცვლეს. საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, ბიზნესმენების მიერ შეგროვილმა თანხამ 1,5 მილიონი ლარი შეადგინა, რომელიც აგვისტოს ომის დროს დაზარალებულებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს გადაეცემა. მისივე თქმით, ასოციაციის ბაზაზე შეიქმნება სპეციალური ფონდი, რომელიც თანხის მიზანმიმართულად განკარგვას გააკონტროლებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG