Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 6 ივნისი, 2011


დღევანდელი პრესა უმეტესად წერს 5 ივნისს თბილისში გამართულ კინოპრემიერაზე და 26 მაისის ამბებზე.

”წითელი აგვისტო წითელ ხალიჩაზე” - ”24 საათის” ავტორი სტატიას ასე იწყებს: ”გუშინ თბილისში რაც ხდებოდა, ყველამ იცის - მათაც, ვისთვისაც შერონ სტოუნის სახელი მხოლოდ ყინულის სამტვრევი დანით კაცებზე მონადირე ქალს ნიშნავს; ენდი გარსია კი ის არის, "მოდილიანში" რომ თამაშობს; რენი ჰარლინის შესახებ კი მხოლოდ ორი წლის წინ, დღეს უკვე "აგვისტოს 5 დღედ" წოდებული (მისი სამუშაო სახელწოდება ჯერ "ჯორჯია", შემდეგ "წითელი აგვისტო" გახლდათ) ფილმის გადაღებების შემდეგ გაიგეს. გუშინ სწორედ ამ ფილმის პრემიერა გაიმართა, დღეს კი პირველი შემთხვევაა, როდესაც პრემიერის შემდეგ დასაწერი არაფერი მაქვს იმ უბრალო და ძალიან ქართული მოვლენის გამო, რასაც ჟურნალისტებისადმი დამოკიდებულება ჰქვია - როდესაც გაძლევენ აკრედიტაციას, რომელიც მხოლოდ პრესკონფერენციასა და წითელ ხალიჩაზე მოხვედრას ითვალისწინებს”.

”კვირის პალიტრაში” შალვა რამიშვილი წერს, ”საქართველო ისე ხვდება ამ ფილმის პრემიერას, როგორც ნამდვილ ცუდ ქვეყანას შეეფერებაო”. ის ოთხ პუნქტად აყალიბებს არგუმენტებს და, დასასრულ, იუმორით დასძენს: ”ისე, დაეცადა ცოტა ხანი ამ დალოცვილ ბათიაშვილს კინო ”რუსთაველის” სახურავიდან ჩამოძრომა და ”აგვისტოს 5 დღის” პრემიერისას ყველაზე დაძაბულ მომენტში გამომხტარიყო ეკრანიდან! მიშასაც დააფრთხობდი და შერონ სტოუნსაც გაიცნობდი, ძმაო!..”.

”ასავალ-დასავლის” პირველი გვერდი მთლიანად უკავია ფოტომონტაჟს, რომელზეც ასახულია საქართველოს პრეზიდენტი შერონ სტოუნთან ერთად პრეზიდენტის სასახლეში, ქვევით კი - 26 მაისის ღამით რუსთაველის გამზირზე ხელებშეკრული, ნაცემი ადამიანები. ფოტოს ახლავს წარწერა: ”სიკვდილის პრემიერა!”. ”ასავალ-დასავალშივე” არის სტატია, სათაურით - ”ენდი, იცოდე, ვის როლში ხარ!”.

”კვირის ქრონიკაც” დღეს ბევრს წერს 5 ივნისის პრემიერაზე. ”კვირის ქრონიკაში” ლეიბორისტთა ლიდერ შალვა ნათელაშვილთან ინტერვიუც ქვეყნდება. რესპონდენტი ამბობს: ”ახლა მინდა მივმართო ამ ე.წ. აქციის მესვეურებსა და ე.წ. ”შერონ სტოუნებს” და ”ენდი გარსიებს”: გორში მიხეილ სააკაშვილი სამარცხვინოდ რომ ფორთხავდა მიწაზე, ეს კადრები თუ არის ასახული მათ ფილმში? მაინტერესებს, როგორ გადაიღეთ ეს კადრები და, ბატონო ენდი გარსიავ, პიჯაკი ხომ არ შეგელახათ?!”.

”მთელ კვირაში” ქვეყნდება ინტერვიუ გია ნოდიასთან. სათაურია:”ბურჯანაძის დაჭერა ხელისუფლებისთვის არამომგებიანი ნაბიჯია”. ნოდია ინტერვიუში ამბობს: ”აქ არის ორი საკითხი, საქმის შეფასება და ახსნა. ახსნა არის ის, რომ პოლიტიკურად ხელისუფლებისთვის ბურჯანაძის დაჭერა და ციხეში ჩასმა წამგებიანია. ამან შეიძლება საქართველოს დემოკრატიას ჩრდილი მიაყენოს, ეს არის ჩემი ვარაუდი, მაგრამ ჩემი შეფასება, როგორც მოქალაქის, არის ის, რომ ეს არასწორია და პოლიტიკური შეფასებებით არ უნდა განსაზღვროს სახელმწიფომ ადამიანის დანაშაული და უდანაშაულობა”.

”ახალი თაობის” პირველ გვერდზე მთავარი ადგილი ”ქართული პარტიის” პოლიტიკურ მდივან ეროსი კიწმარიშვილთან ინტერვიუს სათაურს უკავია: ”ხელისუფლებას ოქრუაშვილის ლიკვიდაცია სურს”. ”ახალ თაობაშივე” წაიკითხავთ ინტერვიუს ლეიბორისტთა ერთ-ერთ ლიდერ ნესტან კირთაძესთან. ის ამბობს: ”ნინო ბურჯანაძემ ჩვენი საზოგადოების კარგი და შეუბღალავი სახელები და გვარები გამოიყენა ფარად, ფონად, რათა მისი პოლიტიკური ამბიციები და, ვთქვათ პირდაპირ, შურისძიება განეხორციელებინა”.

”ვერსიის” მთავარი სტატია დღეს ”ჰაიდელბერგცემენტის” მიმართ სუფსის მოსახლეობის უკმაყოფილებას შეეხება. სტატიაში, სათაურით ”მოსახლეობა ”ჰაიდელბერგცემენტს” პროკურატურაში უჩივის!”, წაიკითხავთ: ”ხალხის დიდი ნაწილი წინააღმდეგია ცემენტის გადამზიდი ტერმინალის აშენებისა. საფრთხე ემუქრება ტურისტულ ზონებს და საფრთხე იმაზე სერიოზულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG