Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სტუდენტები საქართველოში არსებული კონფლიქტებით დაინტერესდნენ


ამერიკელი სტუდენტები გორში
ამერიკელი სტუდენტები გორში
ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტები ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის სტუდენტების - მომავალი კონფლიქტოლოგების - ყურადღების ცენტრში მოექცა.

13 სტუდენტი და მათი ხელმძღვანელი გორში „ქალთა მოძრაობის“ ლიდერებს შეხვდნენ და კონფლიქტების ისტორიას, მათი გადაჭრისთვის დაწყებულ სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს გაეცნენ.

„ქალთა მოძრაობაში“ გაწევრიანებულნი არიან ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ქალები, რომლებმაც მომავალ კონფლიქტოლოგებს 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ უამბეს და იქვე აღნიშნეს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესს ალტერნატივა არ გააჩნია. ანალოგიური ორგანიზაცია ცხინვალშიც არის. ქართველმა და ოსმა ქალებმა უკვე რამდენიმე შეხვედრა გამართეს.

ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტთან არსებობს კონფლიქტების ანალიზისა და მართვის ინსტიტუტი. ამ ინსტიტუტის ორგანიზებით ქართველი და ოსი ექსპერტების შეხვედრები იმართება ხოლმე. შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობს უნივერსიტეტის პროფესორი სუზან ალენ ნანი. მისი აზრით, „ქალთა მოძრაობას“ მშვიდობის მშენებლობის საქმეში დიდი როლის თამაში შეუძლია.

მეისონის უნივერსიტეტში ნინა უტკინა კონფლიქტოლოგიას სწავლობს. მას ყველაზე მეტად კავკასიაში არსებული კონფლიქტები აინტერესებს. მისი აზრით, საერთაშორისო საზოგადოებამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს კონფლიქტების მოგვარების საკითხებს.

ქალთა სამშვიდობო მოძრაობის ლიდერი მანანა მებუკე აღნიშნავს, რომ ორგანიზაციისთვის საერთაშორისო კონტაქტები მნიშვნელოვანია. მისი თქმით, მოძრაობა ყოველდღიურად ძლიერდება. ჯერჯერობით მეორე მხარის ქალბატონებთან მხოლოდ შეხვედრები მიმდინარეობს, მაგრამ კონკრეტული შედეგებიც მალე გამოჩნდება.

ამერიკელი სტუდენტების აზრით, არ არსებობს კონფლიქტი, რომლის გადაწყვეტაც შეუძლებელი იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებებით. მომავალი კონფლიქტოლოგები სადიპლომო თემებად სწორედ კავკასიურ კონფლიქტებს ირჩევენ და ამისთვის ინფორმაციას აგროვებენ.
XS
SM
MD
LG