Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციური „რვიანი“ სამოქალაქო მოძრაობას იწყებს


საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციური პარტიების გაერთიანებამ საზოგადოებას მოქმედების გეგმა გააცნო. ხელისუფლებასთან წარმოებული მოლაპარაკების ჩიხში შესვლის შემდეგ, ეგრეთ წოდებული ოპოზიციური „რვიანი“ სამართლიანი არჩევნების მოსაპოვებლად მშვიდობიანი და მასშტაბური სამოქალაქო მოძრაობის დაწყებას აპირებს. იგეგმება საერთო სახალხო გამოკითხვის - პლებისციტის ჩატარებაც.

ოპოზიციურ „რვიანსა“ და მმართველ პარტიას შორის კონსულტაციები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე თითქმის ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა დათქმული ვადა - 2011 წლის 31 მაისი - ისე ამოიწურა, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციური პარტიების არც ერთი შეთავაზება არ მიიღო. კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური, რადიო თავისუფლების თხოვნით, ჩამოთვლის იმ საკითხებს, რაზეც უარი თქვა მმართველმა პარტიამ:
სამართლიანი არჩევნებისათვის მშვიდობიანი, კონსტიტუციური და მასშტაბური სამოქალაქო მოძრაობა წარიმართება სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით და მოქალაქეების თანამონაწილეობით...

„უარი თქვა ბიომეტრიულ სიებზე, უარი თქვა საარჩევნო ბარიერზე, საარჩევნო დავების განხილვისა და სიების ფორმირების წესზე... ერთი სიტყვით, ყველაფერზე თქვა უარი, ანუ აღიარა, რომ არ არის მზად იმ გამოცდის ჩასაბარებლად, რომელიც უნდა მოემზადებინა ექვსი თვის განმავლობაში.“

უარის პასუხად ოპოზიციური „რვიანი“ სამართლიანი არჩევნების მოპოვებისათვის ბრძოლაში პოლიტიკური პროცესების მთავარი მონაწილის, ხალხის ჩართვას აპირებს. ოპოზიციური გაერთიანების სახელით განცხადება რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა წაიკითხა:

„სამართლიანი არჩევნებისათვის მშვიდობიანი, კონსტიტუციური და მასშტაბური სამოქალაქო მოძრაობა წარიმართება სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით და მოქალაქეების თანამონაწილეობით. ჩვენი ამოცანაა ხალხს მივცეთ ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის შესაძლებლობა, რაც უნდა განხორციელდეს თავისუფალი არჩევნების ჩატარების ან არჩევნების გაყალბების შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოების მიერ არჩევნების შედეგების არცნობის გზით.“

ოპოზოციური „რვიანის“ გეგმებში შედის საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოება ქალაქებში, რაიონებსა და სოფლებში. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას თქმით, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, თუ რა უფლებებს ართმევს ხელისუფლება მათ, როცა უარს ამბობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე.

„ყველა მოქალაქე უნდა ჩაერთოს! ბუნებრივია, იქნება დემონსტრაციები, მანიფესტაციები! ასევე გვექნება ინტენსიური ურთიერთობა და დიალოგი საზოგადოებრივი აზრის შემქმნელ ადამიანებთან, რათა მთლიანად კონსოლიდირებული გახდეს სამოქალაქო საზოგადოება საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების გზით“, განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, ოპოზიციური „რვიანი“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მედიასა და მესამე სექტორთან მუშაობას. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესში მედიის როლზე რადიო თავისუფლება ესაუბრა მკვლევარ ნინო დანელიას, რომლის დაკვირვებითაც, ხანგრძლივი მონიტორინგის პირობებში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ „ახალი ამბების“ ხარისხი მნიშვნელოვნად უმჯობესდება. ნინო დანელიას თქმით, მედიაკლუბი აწარმოებს მოლაპარაკებას დონორებთან, რათა დაწესდეს მონიტორინგი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ „ახალ ამბებზე“:
პოლიტიკური რეალობის შეცვლის რადიკალური გზა მნიშვნელოვნად გაკოტრდა, ანუ ნიშა ამ ტიპის აქტივობისათვის უფრო მეტად გამოიკვეთა...

„’საზოგადოებრივმა მაუწყებელმა’ ყინულმჭრელის ფუნქცია უნდა შეასრულოს. და თუ ეს მოხდება, „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის პროპაგანდა უთუოდ შემცირდება. მართლა მგონია, რომ ამ ორ ტელევიზიაში მომუშავე ჟურნალისტებს სამაშველო რგოლი სჭირდებათ, რომელსაც ისინი მოეჭიდებიან და რომელზე დაყრდნობითაც ეტყვიან თავიანთ ხელმძღვანელებს, რომ აზრი არა აქვს ინფორმაციის დამალვას, იმიტომ რომ ერთი ნაციონალური არხი მაინც გადასცემს.“

სოციოლოგები კი მიიჩნევენ, რომ ოპოზიციური „რვიანის“ გეგმა და სტრატეგია მხოლოდ მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის შედეგად თუ იქნება ეფექტიანი. სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი იხსენებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური „რვიანის“ საქმიანობის შესახებ მოსახლეობის მხოლოდ 7 პროცენტია ინფორმირებული, თუმცა იაგო კაჭკაჭიშვილი იმასაც შენიშნავს, რომ სოციალური მხარდაჭერის მოპოვება დაუძლეველი ამოცანა არაა:

„პოლიტიკური რეალობის შეცვლის რადიკალური გზა მნიშვნელოვნად გაკოტრდა, ანუ ნიშა ამ ტიპის აქტივობისათვის უფრო მეტად გამოიკვეთა, ანუ ოპოზიციური „რვიანის“ მიერ შეთავაზებული სტრატეგიის საპირწონე სტრატეგიამ, რომელიც გულისხმობს მყისიერ რევოლუციურ ცვლილებებს, საზოგადოებაში მხარდაჭერა დაკარგა.“

ოპოზიციური „რვიანი“, როგორც უკვე ითქვა, ასევე აპირებს ჩაატაროს საერთო სახალხო გამოკითხვა, ანუ პლებისციტი, რომლის მოსამზადებლად, დავით უსუფაშვილის თქმით, ორი-სამი თვეა საჭირო.

„პლებისციტის შეკითხვა იქნება წინადადებებზე, რომელიც იქნება ერთ გვერდზე ჩამოწერილი. ეს იქნება საარჩევნო სისტემა, ეს იქნება მოქალაქეთა აღრიცხვის მოდელი: ერთი ხმა - ერთი ამომრჩეველი, ეს იქნება დავების განხილვის წესი, ეს იქნება პოლიციის ნეიტრალიზება საარჩევნო პროცესებიდან, ეს იქნება მედიის დაბალანსება და ობიექტურობა - ეს საკითხები იქნება განმარტებული მოსახლეობისათვის გასაგები ენით, ანუ მხარს უჭერს ამ ცვლილებებს თუ არ უჭერს. გვინდა ყველამ თავისუფლად გამოთქვას აზრი. ბოლოს და ბოლოს, გავიგოთ რა უნდა ხალხს!“ - უთხრა დავით უსუფაშვილმა რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG