Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის თავმჯდომარე პოლონეთი ხდება


პოლონეთის დროშა
პოლონეთის დროშა
რამდენიმე კვირაში ევროპის კავშირის საბჭოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი ხდება. ამასთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებამ ახლახან ინტერვიუ ჩამოართვა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ შიკორსკის.

ევროპის კავშირის საბჭოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის პასუხისმგებლობის აღებამდე რამდენიმე კვირით ადრე ოფიციალური ვარშავა თავის გეგმებზე საუბრობს. კერძოდ, ამბობს, რომ აქტიურად იმუშავებს ასოცირების ხელშეკრულებების გაფორმებაზე, ერთი მხრივ, ევროკავშირს, მეორე მხრივ, მოლდავეთსა და უკრაინას შორის; ხელს შეუწყობს ევროკავშირ-რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას და იმუშავებს ევროპული დემოკრატიის ხელშეწყობაზე ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში.

სხვა ქვეყნებს კვლავაც ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი, რათა იმ დღეს, როცა ევროკავშირში განწყობა გაფართოებისთვის სასიკეთოდ შეიცვლება, ისინი დღევანდელზე უკეთ მომზადებულები შეხვდნენ...
ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ყოველ ექვს თვეში ერთხელ იცვლება. თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში ქვეყანას საშუალება აქვს დიდწილად განსაზღვროს საბჭოს სამოქმედო გეგმა, რაც, თავის მხრივ, საკუთრივ ევროკავშირის ფართო სტრატეგიაზე ახდენს გავლენას. პოლონეთი ევროკავშირის თავმჯდომარე 1 ივლისს გახდება და, როგორც ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, თავმჯდომარეობის პერიოდში პოლონეთი ევროკავშირსა და მის აღმოსავლელ მეზობლებს შორის კავშირების გაღრმავებას შეეცდება.

შიკორსკის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ერთ-ერთ ქვეყანას - ხორვატიას - იმედი აქვს, რომ გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში დაასრულებს. თუმცა შიკორსკიმ იქვე აღნიშნა, რომ ორ სხვა სახელმწიფოს - უკრაინას და მოლდავეთს - წინ კვლავაც დიდი სამუშაო ელის: „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ხორვატიასთან გავაფორმებთ გაწევრიანების ხელშეკრულებას, ვინაიდან ევროკავშირს ბალკანეთში სამუშაო არ დაუსრულებია. კიდევ უფრო მეტად გაფართოებას რაც შეეხება, ვფიქრობ, სხვა ქვეყნებს კვლავაც ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი, რათა იმ დღეს, როცა ევროკავშირში განწყობა გაფართოებისთვის სასიკეთოდ შეიცვლება, ისინი დღევანდელზე უკეთ მომზადებულები შეხვდნენ.“

შიკორსკი აღიარებს, რომ ბრიუსელში ევროკავშირის კიდევ უფრო გაფართოების იდეას ენთუზიაზმით არ ხვდებიან, რაც, მისი აზრით, უწინარესად ევროკავშირის ფინანსური პრობლემების ბრალია. ამიტომ პოლონეთი, მისი თქმით, ამ ნეგატიური განწყობის შეცვლას ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯებით შეეცდება, მათ შორის, სერვისებისა და ინტერნეტვაჭრობის ერთიანი ბაზრის ჩამოყალიბების გზით. პოლონეთის წარმომადგენლების შეფასებით, ასეთი ზომების გატარებით ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი შეიძლება მიმდინარე ათწლეულში ოთხი პროცენტით გაიზარდოს. და, როგორც ვთქვით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ოპტიმისტურ ეკონომიკურ პროგნოზს პოლიტიკურ მოლოდინსაც უკავშირებს: „იმედია, ეს განწყობას შეცვლის და უფრო გულუხვებს გაგვხდის ჩვენი აღმოსავლელი მეზობლების მიმართ.“

შიკორსკის თქმით, პოლონეთი იმუშავებს უკრაინასა და მოლდავეთთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონების შესაქმნელად, რაც ამ ქვეყნების ევროკავშირში ეკონომიკურ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. შიკორსკიმ ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერს ევროკავშირის ურთიერთობის გაღრმავებას სხვა აღმოსავლელ პარტნიორებთან ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა კორუფციასთან ბრძოლა და ენერგეტიკული პოლიტიკა. მისი თქმით, აღმოსავლეთ ევროპისთვის ამ ტიპის პროგრამებისთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარება მალე 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. „ვფიქრობ, ეს თანხა მუშაობის საშუალებას ნამდვილად იძლევაო“, დასძინა მან.

პოლონეთმა თავის დროზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფორმირებაში - პროგრამის, რომელიც, როგორც იცით, საქართველოსაც მოიცავს. თუმცა ბევრი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ამ პროგრამამ ჯერჯერობით ხელშესახები ნაყოფი ვერ გამოიღო. მეტიც, ჟურნალმა „ეკონომისტმა“ ახლახან დაწერა, ამ პროგრამას თავზე „მარცხის ღრუბელი“ ადგასო - განსაკუთრებით პროგრამაში ჩართულ კიდევ ერთ ქვეყანასთან, ბელორუსიასთან მიმართებით, სადაც პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გააძლიერა რეპრესიები ოპონენტების წინააღმდეგ.

ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთის გაევროპულება ევროპის ინტერესებშიც შედის და ასეთ ინიციატივებს პოლონეთი მხარს დაუჭერს ევრკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში...
რადიო თავისუფლებასთან საუბარში შიკორსკიმ აღნიშნა, აღმოსავლეთის პარტნიორობა მოიცავს პრაქტიკულ საკითხებს, რომლებმაც ქვეყნები ევროკავშირს უნდა დაუახლოოსო. ხოლო როცა რომელიმე ქვეყანას - მაგალითად, ბელორუსიას - ეს თავად არ სურს, ამ შემთხვევაში, ცხადია, პროგრამა ვერ იმუშავებსო. შიკორსკის შეფასებით, აღმოსავლეთის პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი მობილურობის ხელშეწყობაა - პროგრამა ქვეყნებს უნდა დაეხმაროს პირველ ეტაპზე ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების, შემდგომში კი საერთოდ გაუქმების მიღწევაში.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკავშირის პრეზიდენტობის პერიოდში მისი ქვეყანა კიდევ ერთი მიზნის მისაღწევად იმუშავებს - რუსეთთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფართომასშტაბიანი ხელშეკრულების გაფორმებისთვის. ამავე დროს, ევროკავშირი გააგრძელებს მცდელობას გააუმჯობესოს რუსეთის იმ მოქალაქეების მდგომარეობა, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სიახლოვეს ცხოვრობენ - მაგალითად, კალინინგრადის ექსკლავის მცხოვრებთათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების გზით. „ვფიქრობ, რუსეთს დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ, როცა ისეთ რამეს ითხოვენ, რაც როგორც მათი მოქალაქეებისთვის, ისე ევროკავშირისთვის იქნება სასარგებლოო, გვითხრა რადოსლავ შიკორსკიმ: „ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთის გაევროპულება ევროპის ინტერესებშიც შედის და ასეთ ინიციატივებს პოლონეთი მხარს დაუჭერს ევრკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში.“

შიკორსკის თქმით, ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში პოლონეთი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაზეც იმუშავებს - უწინარესად იმ პრობლემების პასუხად, რაც რუსეთის ბუნებრივი აირის მიწოდებაში შეფერხებებმა შექმნა ბოლო წლებში. ამასთან, შიკორსკის თქმით, პოლონეთს სურს უფრო მეტი გაკეთდეს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროებში ევროპის ერთიანი პოლიტიკის გასაძლიერებლად, რისი საჭიროებაც ნათლად წარმოაჩინა ბოლო პერიოდში ლიბიაში შექმნილმა კრიზისმა.

პოლონეთს ახლახან აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ეწვია - მან მონაწილეობა მიიღო ვარშავაში ჩატარებულ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერების სამიტში. ვარშავაში ყოფნისას ობამამ თქვა, რომ პოლონეთს, რომელმაც წარმატებით შეძლო კომუნიზმიდან დემოკრატიულ წყობაზე გადასვლა, შეუძლია კარგი მაგალითი მისცეს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ახალ დემოკრატიებსო. შიკორსკის თქმით, ევროკავშირის მორიგე პრეზიდენტად ყოფნის დროს პოლონეთი მართლაც შეეცდება ამ როლის შესრულებას. რადიო თავისუფლებასთან საუბარში შიკორსკიმ ლიბიაში - მეამბოხეთა ბასტიონად ქცეულ ქალაქ ბენღაზიში - თავისი ამასწინანდელი ვიზიტი გაიხსენა: „იქ ყოფნისას დავინახე, რომ მეამბოხეები თუ ხელისუფლებაში მოვლენ, მათ წინაშე მდგარი ამოცანები ძალიან ახლოს იქნება იმ გამოწვევებთან, რომელთა წინაშეც ჩვენ ვიდექით 22 წლის წინო“, - გვითხრა მან.
XS
SM
MD
LG