Accessibility links

ბან კი მუნს გაეროს გენერალური მდივნობა მეორე ვადითაც სურს


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კიდევ ერთი - ხუთწლიანი - ვადით სურს თანამდებობაზე დარჩენა. მისი კვლავ არჩევა თითქმის გარანტირებულია, რადგან სამხრეთკორეელი დიპლომატის სურვილს ყველა მხარს უჭერს.

ბან კი მუნმა თავისი განცხადება, რომ სურს დარჩეს გენერალური მდივნის თანამდებობაზე,ნიუ იორკში - გაეროს შტაბბინაში - გაკეთა:

„გენერალური ასამბლეის და უშიშროების საბჭოს წევრებს წერილი დღეს დილით გავუგზავნე. მასში მოკრძალებით ვითხოვ განიხილონ მეორე ვადით გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ჩემი დარჩენის საკითხი. ჩემთვის განუზომელი პატივია ამ დიდებული ორგანიზაციის ხელმძღვანელობა. თუ წევრები მხარს დამიჭერენ, ჩემთვის პატივი იქნება, კვლავაც ვიმსახურო.“

ბანს, კორეის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, ხუთწლიანი ვადა წელს, 31 დეკემბერს, გაუდის. როცა 2007 წელს ის თანამდებობაზე მოვიდა, დიდი იყო კონტრასტი მასა და მის წინამორბედ, განელ კოფი ანანს შორის, ქარიზმატულობის თვალსაზრისით. არ მოელოდნენ, რომ ეს თავმდაბალი სამხრეთკორეელი ამ მსოფლიო ორგანიზაციის ძლიერი ლიდერი გახდებოდა. მაგრამ მან აჩვენა, რომ შეუძლია იყოს მტკიცე, თანმიმდევრული და მოქნილი მოლაპარაკებებისას, რამაც მას უამრავი მხარდამჭერი შესძინა. როცა ის ნიუ იორკში თავის სურვილზე ლაპარაკობდა, თავისი მისია ასე დაახასიათა:

„თანამდებობაზე ყოფნისას ვთვლიდი, რომ ხიდების ამგები ვიყავი წევრ ქვეყნებს, გაეროსა და გლობალური პარტნიორების ფართო სპექტრს შორის. შედეგის მისაღწევად მთავარია საერთო ენის გამონახვა.“

ბან კი მუნის პოზიციები გაამაგრა მისმა გადაწყვეტილებამ გაეროს სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებზე დაესაქმებინა განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენლები, კერძოდ, ქალები; ასევე ქალთა უფლებებისადმი მისმა მხარდაჭერამ, ბირთვული განიარაღების სფეროში თანმიმდევრულმა პოლიტიკამ, პროდემოკრატიულმა პოზიციამ ჩრილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მოვლენებში. ჩინეთმა და საფრანგეთმა, გაეროს უშიშროების საბჭოს ორმა მუდმივმა წევრმა, დაუყოვნებლივ გამოუცხადა მხარდაჭერა ბან კი მუნის კიდევ ერთი ვადით არჩევას. გაეროში ჩინეთის წარმომადგენელმა ლი ბაოდონგმა ქებით მოიხსენია ბანის ღვაწლი მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში:

„ეს არის ადამიანი, რომელმაც გვიჩვენა ხელმძღვანელობის დიდი უნარი. ეს არის აქტიური კაცი, რომელსაც უკეთესი მსოფლიოს და უკეთესი გაეროს ხედვა აქვს.“

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან ჟუპემ ბანის სურვილს დარჩეს თანამდებობაზე „ძალიან კარგი ახალი ამბავი“ უწოდა და მას სრული მხარდაჭერა გამოუთქვა საფრანგეთის სახელით. მოელიან, რომ მას უშიშროების საბჭო სრულად დაუჭერს მხარს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმა განცხადებას და ის ამ დღეებში აპირებს თავისი პოზიციის ოფიციალურად გამოქვეყნებას. თუკი ბანის კანდიდატურას გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა - მუდმივი და არამუდმივი - წევრი მიემხრობა, ისინი რეკომენდაციას გაუგზავნიან გენერალურ ასამბლეას, რომელიც ასეთ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, კანდიდატს თანამდებობაზე ამტკიცებს ხოლმე.
XS
SM
MD
LG