Accessibility links

logo-print

საქართველო: ჟენევის მოლაპარაკებები კითხვის ნიშნის ქვეშ დგას


გაეროს ოფისი ჟენევაში

გაეროს ოფისი ჟენევაში

ერთადერთი საკითხი, რომელიც საქართველოს დელეგაციამ 7 ივნისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-16 რაუნდზე დააყენა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილ და განხორციელებულ ტერაქტებს უკავშირდება. საქართველოს პოზიციის მიხედვით, თუკი რუსეთის ფედერაცია მსგავს ქმედებებს კვლავაც გააგრძელებს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს ყველანაირი აზრი დაეკარგება.

ჩვენ რამდენი ხანი უნდა გვქონდეს რუსული სპეცსამსახურების არაკომპეტენტურობისა და ჩვენი იღბლიანობის იმედი?...
ნაბიჯმა, რომელიც ქართულმა მხარემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-16 რაუნდის დროს გადადგა, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული დემარშის სახე მიიღო. ”ქართულმა მხარემ მკვეთრი მესიჯით მიმართა როგორც რუსულ მხარეს, ასევე საერთაშორისო პარტნიორებს, რომ თუკი გაგრძელდება ტერაქტების მცდელობა, საქართველო შეწყვეტს მონაწილეობას ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესში”, - უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა. ”შეუძლებელია რაიმე სხვა საკითხზე სერიოზულად ელაპარაკო მხარეს, რომელიც მუდმივად ფიქრობს, როგორ მოგიწყოს ტერაქტები”, - ასეთია ქართული მხარის პოზიცია. რატომ დადგა დემარშის აუცილებლობა სწორედ ახლა?

”ამის აუცილებლობა დადგა იმიტომ, რომ ბოლო ერთ კვირაში მოხდა ორი ტერაქტის მცდელობა. ახლა ჩვენ რამდენი ხანი უნდა გვქონდეს რუსული სპეცსამსახურების არაკომპეტენტურობისა და ჩვენი იღბლიანობის იმედი? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ტერაქტები შეწყდეს - ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა არ არსებობს”, - გვითხრა უტიაშვილმა.

2 ტერაქტის მცდელობაში, რაც ბოლო ერთ კვირაში გამოვლინდა, შოთა უტიაშვილი 2 და 6 ივნისს გახმაურებულ ფაქტებს გულისხმობს. გავიხსენოთ, რომ 2 ივნისს აღკვეთილი ფაქტის მიხედვით, გალის რაიონის ორ მკვიდრს - აბესალომ ჩხეტიასა და თამილა ბენიას - მორიგი აფეთქების განხორციელება რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა - იგორ ვლასოვმა და სერგეი კუზმინმა - აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაუკვეთეს; ხოლო 6 ივნისს გახმაურებული ფაქტის მიხედვით, თბილისში ნატოს სამეკავშირეო ოფისის აფეთქების დავალება ახალგორის რაიონის მკვიდრმა ბადრი გოგიაშვილმა მიიღო ახალგორში დისლოცირებული რუსეთის სასაზღვრო ჯარების უფროსის მოადგილის ალექსეი სოკოლოვისგან, ახალგორის სამმართველოს მილიციის უფროსის ვლადიმერ ფუხაევისა და ახალგორის სამმართველოს მილიციის თანამშრომლის ვოვა კიბილოვისგან.

ოველოდით, რომ იქნებოდა რაიმე პასუხი. მაგრამ არანაირი თანამშრომლობა ამას არ მოჰყვა და, უფრო მეტიც, ტერორისტული აქტების დაგეგმვა გაგრძელდა...
რაც შეეხება რუსეთის რეაქციას ჟენევის მოლაპარაკებათა მე-16 რაუნდზე, შოთა უტიაშვილის შთაბეჭდილებით, საქართველოს პრინციპულ მიდგომას რუსეთის დელეგაცია ერთგვარი დაპირებით გამოეხმაურა:

”მათ თქვეს, რომ გადასცემენ ამ ყველაფერს მოსკოვს და მოგვცემენ პასუხს. რეაქცია ისეთი, რომ, აი, თავის გაგიჟება - არა, არა, როგორ ბედავთ და რას კადრულობთ - არ ყოფილა. ”

უნდა ითქვას, რომ ზოგადი სახის მსგავსი დაპირებები რუსეთის მხრიდან ჟენევის მოლაპარაკებათა მე-14 და მე-15 რაუნდის ფარგლებშიც შეიმჩნეოდა. ეს ის დრო იყო, როცა ქართული მხარე რუსი მაიორის, ევგენი (იმავე ჟენია) ბორისოვის მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტების სერიაზე ლაპარაკობდა. გავიხსენოთ, რომ, 2010 წლის შემოდგომაზე განხორციელებული რამდენიმე აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს ქართული დელეგაციის წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე, რუსეთს საქართველოსთან საგამოძიებო თანამშრომლობის მიმართულებით დღემდე ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს:

”ჩვენ ჟენევის წინა რაუნდები გამოვიყენეთ იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციისთვის მიგვეცა მასალები მათი ოფიცრების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით. მოველოდით, რომ იქნებოდა რაიმე პასუხი. მაგრამ არანაირი თანამშრომლობა ამას არ მოჰყვა და, უფრო მეტიც, ტერორისტული აქტების დაგეგმვა გაგრძელდა.”

საქართველოს დელეგაცია იმედოვნებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება შეეცდება ჟენევის ფორმატის შენარჩუნებას და ის სერიოზულ და, რაც მთავარია, შედეგიან კონსულტაციებს გამართავს რუსეთის ფედერაციასთან ტერორიზმის აღკვეთის თაობაზე.

საქართველოს დემარშთან დაკავშირებით არაფერია ნათქვამი ჟენევის მოლაპარაკებათა მე-16 რაუნდის შემდეგ პროცესის თანათავმჯდომარეების მიერ გაკეთებულ განცხადებებში. თუმცა, მაგალითად, გაეროს წარმომადგენელი ანტი ტურუნენი აღნიშნავს, რომ მე-16 რაუნდი ფოკუსირებული იყო ძირითად უსაფრთხოების საკითხებზე და გახმაურებულ ინციდენტებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, ტერორისტული ხასიათისაა. მოლაპარაკებათა მე-17 რაუნდი 4 ოქტომბრისთვის დაიგეგმა.
XS
SM
MD
LG