Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 8 ივნისი, 2011


„საეჭვო რევიზია ”მედიაპალიტრაში” - დალუქულია გამომცემლობა და საწყობები“ - სტატიაში, რომელსაც გაზეთი ”რეზონანსი” აქვეყნებს, მედიასახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მარიკა დარჩია აღნიშნავს, რომ „მედიაპალიტრის“ ერთდროულად 6 ობიექტის შემოწმება კითხვებს აჩენს და, შესაძლოა, ირიბ გაფრთხილებადაც იქნეს აღქმული. ”ჯერჯერობით პირდაპირ კავშირზე 26 მაისის აქციის დარბევის გაშუქებასთან ვერ ვილაპარაკებთ, მაგრამ ეჭვის საფუძველსაც ვხედავთ”, -უთხრა მარიკა დარჩიამ ”რეზონანსს”. ამავე გაზეთის ფურცლებზე პოეტი რატი ამაღლობელი ამბობს, რომ ეს უკვე კლასიკური სიუჟეტია, რომელიც ყველაზე კარგად რუსეთში განვითარდა: ” ვფიქრობ, რუსული მედიის გაკონტროლება, რომელიც პუტინის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო, ძალიან კარგი მაგალითი იყო ჩვენი ხელისუფლებისათვის.”

”ვის ოჯახში იმყოფებოდა 26 მაისის აქციის შემდეგ ბადრი ბიწაძე სადახლოში და რა კრიმინალურმა ფაქტებმა დააკავშირა ბიწაძეები მამედოვებთან”- ამ თემის დეტალებს დღეს გაზეთი ”ვერსია” გვთავაზობს. გაზეთის წყაროს თანახმად, ბადრი ბიწაძე, მისი მძღოლი და დაცვის წევრები - სულ 8 კაცი -სადახლოში, მამედოვების ოჯახში, 26 მაისს გამთენიისას, 4 საათზე, ნახეს. წყაროს მტკიცებით, ბადრი ბიწაძე თანმხლებ პირებთან ერთად სადახლოში 2 საათით გაჩერდა. დილით კი, გათენდა თუ არა, ეზოდან ორი ჯიპი გამოვიდა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. ეგრეთ წოდებული წყარო ”ვერსიას” ამცნობს, რომ ბოლო სატელეფონო ზარი ბიწაძის ტელეფონიდან იყო ხაშურიდან მოსკოვში, ალექსანდრე ებრალიძესთან.

”26 მაისის აქციის არსი რაიმე პოლიტიკური მიზნის მიღწევა არ ყოფილა, აღნიშნა ”გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკასთან” საუბარში ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა, რომლის შეფასებითაც, ეს უფრო ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და უცნაური ქაოსის დამკვიდრების მცდელობა იყო, რასაც თავისთავად რომელიმე პოლიტიკური ძალისათვის დივიდენდების მოტანა არ შეეძლო.“

”26 მაისის დარბევა 7 მილიონი ლარი დაჯდა”, - განუცხადა გაზეთ ”ახალ თაობას” იური ვაზაგაშვილმა, ხელმძღვანელმა ორგანიზაციისა ”გადაარჩინე სიცოცხლე”. ამავე ინტერვიუში იგი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ დარბევა დაგეგმილი იყო და აქცია სხვაგან რომ ყოფილიყო და არა პარლამენტის წინ, მას მაინც დაშლიდნენ.

„სააკაშვილის ცხოვრების კრედოა, არავის არაფერი დაუთმოს. მას შეეძლო აღლუმის სხვაგან ჩატარება“, - აღნიშნავს, თავის მხრივ, ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე. ინტერვიუს მასთან გაზეთი ” ყველა სიახლე” აქვეყნებს. ”ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა უნდა დაეფუძნოს სერიოზულ მხარდაჭერას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. წინააღმდეგ შეთხვევაში, ყველა ბრძოლა - აგრესიული, დიპლომატიური თუ კონსტრუქციული - ამაო იქნება”,- ამბობს მამუკა კაციტაძე.

„აფხაზეთი კრემლს სოხუმის აეროპორტს სთავაზობს“ - სტატიაში, რომელსაც გაზეთ ”24 საათში” გაეცნობით, ნათქვამია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ რუსეთს სოხუმის აეროპორტი სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის განმავლობაში სათადარიგო დანიშნულებით შესთავაზა, თუმცა სოხუმის ბაბუშერას აეროპორტისთვის რუსეთის მიერ მინიჭებული შიდა კოდით საერთაშორისო ფრენები ვერ განხორციელდება. გაზეთი შენიშნავს იმასაც, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, აფხაზეთი საერთაშორისო ფრენებისთვის დახურული ზონაა და, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო სტატუსი მოეხსნა. ორგანიზაციამ დაადასტურა, ვკითხულობთ ”24 საათში”, რომ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ერთიან საჰაერო სივრცეს.
XS
SM
MD
LG