Accessibility links

logo-print
ამ ბოლო დღეებში თბილისში ხორცის დეფიციტი შეიქმნა. საქონლის ხორცის ფასმა 3-4 ლარით მოიმატა. ხორცის გამყიდველები და ხორცის მაღაზიის მფლობელები ფასის მატებას სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემოღებულ ახალ რეგულაციას უკავშირებენ, რომლის მიხედვითაც, თბილისში ხორცი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდება, თუკი ის სპეციალურ სასაკლაოზე დაიკვლება.

თბილისს ამ ეტაპისათვის რამდენიმე სასაკლაო ემსახურება, მომსახურების ფასი კი ერთ კილო ხორცზე ერთი ლარია. თავად სასაკლაოს მეპატრონეები და სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებენ, რომ ხორცზე ფასის მატება გარკვეულმა სპეკულაციურმა ჯგუფებმა გამოიწვიეს და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ხორცის ფასმა კვლავ დაიწიოს.
საქონლის ხორცი კორუმპირებულმა კლანებმა ხელოვნურად გააძვირეს. ეს გამოიწვია პარლამენტის გადაწყვეტილებამ, რამაც ხელი შეუწყო მონოპოლიის დაწესებას...

ხელისუფლების მხრიდან მონოპოლიების შექმნის მცდელობაზე საუბრობენ ეკონომიკის ექსპერტები. მონოპოლიების შექმნის ხელშეწყობაზე ლაპარაკობდა საბურთალოს ბაზარში მისული ”ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურიაც. მისი თქმით, "საქონლის ხორცი კორუმპირებულმა კლანებმა ხელოვნურად გააძვირეს. ეს გამოიწვია პარლამენტის გადაწყვეტილებამ, რამაც ხელი შეუწყო მონოპოლიის დაწესებას.”

საბურთალოს ბაზარში დახლი, სადაც, წესით, საქონლის ხორცი უნდა იყიდებოდეს, ცარიელია. ვანო, ხორცის გამყიდველი, ამბობს, რომ უკვე ერთი კვირაა, ბაზარში საქონლის ხორცი აღარ შემოუტანია:

ვანო: ხორცს არ ვყიდი უკვე ერთი კვირაა.

რადიო თავისუფლება: ის რა ხორცია?

ვანო: ღორის ხორცია. 12 ლარი ღირს. საქონლის ხორცი არ მაქვს. ძალიან ძვირი ღირს და არ მაქვს უფლება ერთ კვირაში 3-4 ლარით გავაძვირო. ერთი კვირის წინ ძვლიან ხორცს 12 ლარად ვყიდიდი, სულ რბილს - 14-ად.
ერთი კვირის განმავლობაში ხორცი არსად აღარ იყიდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი შვილიშვილებისათვის ვერსად ვერ ვიშოვე...

დღესდღეობით თბილისში საქონლის ხორცის ფასი 16 ლარიდან 20 ლარამდე მერყეობს. ის უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში დაახლოებით 3-4 ლარით გაძვირდა. 54 წლის დიასახლისი თინა უკვე რამდენიმე წელია საქონლის ხორცს ერთსა და იმავე მაღაზიაში ყიდულობს, თუმცა რამდენიმე დღის წინ, როდესაც დილით მაღაზიას მიაკითხა, ის დაკეტილი დახვდა:

”ერთი კვირის განმავლობაში ხორცი არსად აღარ იყიდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი შვილიშვილებისათვის ვერსად ვერ ვიშოვე. ორი დღის წინ გაიხსნა იგივე მაღაზია, სადაც ხორცს ვყიდულობ და აღმოჩნდა, რომ ერთი კილო რბილი ხორცი გახდა 17 ლარი და 50 თეთრი, ძვლიანი ხორცი კი 15 ლარი. ხორცს სამ დღეში ერთხელ ვყიდულობ. ხან ნახარში უნდათ ბავშვებს, ხან კატლეტი, ხან გუფთა”, - ამბობს თინა.

ხორცის მაღაზიის მეპატრონე რამაზის სიტყვებით, საქონლის ხორცის ფასის მატება ახალი წესების შემოღებამ გამოიწვია. იმისათვის, რომ საქონლის ხორცი თბილისის ბაზარზე მოხვდეს, მეპატრონემ საქონელი სპეციალურ სასაკლაოზე უნდა დაკლას:

”საქონელს დაკლავენ, აწონიან და კილოზე ლარი უნდა გადაიხადო. გარდა ამისა, ტყავიც მათ უნდა დაუტოვო. ამას ემატება ტრანსპორტირება. ზეპირი გაფრთხილება მოგვცეს, - თუ არ ვცდები, სურსათის უვნებლობის სამსახურიდან იყვნენ მოსულები, - გვითხრეს, ჯარიმა 2 000 ლარი იქნებაო. მყიდველი, რა თქმა უნდა, მოგვაკლდა. ისედაც გაჭირვებულია ხალხი...”

ნატახტრის სასაკლაოს გარდა, მოქმედებს კიდევ რამდენიმე სასაკლაო, რომელიც კონკრეტულად თბილისის ხორცით მომარაგებას ემსახურება. ახალი რეგულაცია, რომელიც ბაზარზე ხორცით ვაჭრობას აწესრიგებს, სურსათის უვნებლობის სამსახურმა მიიღო. თბილისის ტერიტორიაზე ხორცი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაიყიდოს, თუკი საქონელი სპეციალურ სასაკლაოებზე დაიკვლება.
ცხოველების სახორცედ დაკვლა, მათი რეალიზაციის მიზნით, დაიშვება მხოლოდ შესაბამის სასაკლაოებზე ვეტერინარულ-სანიტარული ზედამხედველობის ქვეშ...

ახალი რეგულაციის შემოღებამდე ცხოველები იკვლებოდა წინასწარ შერჩეულ ადგილებში ვეტსანიტარული ზედამხედველობით და მისი ვარგისიანობა სპეციალური დოკუმენტით - ფორმა 2-ით - დასტურდებოდა. თუმცა, სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ვერიკო გულუას განცხადებით, ვეტერინარიის შესახებ საქართველოს კანონის 321-ე მუხლის თანახმად, 2011 წლის პირველი იანვრიდან „ცხოველების სახორცედ დაკვლა, მათი რეალიზაციის მიზნით, დაიშვება მხოლოდ შესაბამის სასაკლაოებზე ვეტერინარულ-სანიტარული ზედამხედველობის ქვეშ”, რაც შეეხება ხორცზე ფასის ზრდას, მისი თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხორცზე ფასმა კვლავ დაიწიოს:

”სასაკლაოები არის კერძო. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი გახსნა. ფასთა წარმოებაში სახელმწიფო არ ერევა. ბოლო პერიოდში შექმნილ სკანდალთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ გარკვეული სპეკულაციური ჯგუფები ცდილობდნენ ხელოვნურად შეექმნათ საქონლის ხორცის დეფიციტი, ამით იყო განპირობებული ბოლო პერიოდში საქონლის ხორცის ფასის მატებაც, თუმცა საქონლის ხორცის მიმწოდებელი სასაკლაოები სრულიად აკმაყოფილებენ თბილისის მოთხოვნას და უახლოეს დღეებში ხორცის ფასი დასტაბილურდება”, - ამბობს ვერიკო გულუა.

რადიო თავისუფლება ნატახტრის სასაკლაოს მფლობელი კომპანიის - „იბერმით ჯორჯიას“ - გენერალურ დირექტორს, დავით ბარაბაძეს დაუკავშირდა. ის სასაკლაოს ფუნქციონირების შესახებ გვესაუბრება. მისი თქმით, სასაკლაოს მომსახურება კილო ხორცზე, დღგ-ს ჩათვლით, ერთ ლარს შეადგენს. დავით ბარაბაძე ხორცზე ფასის მატების მიზეზის ახსნასაც ცდილობს:
არის არაკეთილსინდისიერი მეწარმეების პატარა ჯგუფი, რომლებიც არ იხდიდნენ გადასახადებს. რეგულაციის შემოღების შემდეგ მათ დაკარგეს შემოსავლის არაკანონიერი წყარო...

”ჩვენ ვახორციელებთ საქონლის დაკვლას, გადამუშავებას და, ასე ვთქვათ, ხორცად ქცევას. რაც შეეხება გაძვირებას, არის არაკეთილსინდისიერი მეწარმეების პატარა ჯგუფი, რომლებიც ოპერირებდნენ ამ ბაზარზე, არ იხდიდნენ გადასახადებს. რეგულაციის შემოღების შემდეგ მათ დაკარგეს შემოსავლის არაკანონიერი წყარო. აქედან გამომდინარე, ისინი ცდილობენ საზოგადოებაში აჟიოტაჟი დანერგონ და ჩამოაყალიბონ ისეთი აურა, თითქოს ამ ყველაფერში დანაშაული თელეთის ან ნატახტრის ქარხანას მიუძღვის. და ეს არის ტყუილი”, - ამბობს დავით ბარაბაძე.

იმის დაკონკრეტებისაგან, თუ კერძოდ რომელი ჯგუფები ცდილობენ ბაზარზე ხორცის ფასის ხელოვნურად გაზრდას, თავს იკავებს როგორც სურსათის ეროვნული სააგენტო, ასევე სასაკლაოს მეპატრონე კომპანია.

ეკონომიკის ექსპერტის ემზარ ჯგერენაიას თქმით, ამ ეტაპზე იკვეთება ბაზარზე მონოპოლიების შექმნის მცდელობა, რაც, პირველ რიგში, ქვეყნის ეკონომიკას აზარალებს. მისივე ვარაუდით, ხორცის ფასმა მაქსიმუმს მიაღწია და ის აღარ აიწევს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG