Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის მოლაპარაკებათა ბუნდოვანი მომავალი


ჯერჯერობით გაურკვეველია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას საქართველო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდში, რომელიც 2011 წლის 4 ოქტომბრისთვის დაიგეგმა. თუკი მე-16 რაუნდის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს გავითვალისწინებთ, რუსეთის მხრიდან ტერორისტული აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში, ქართული მხარე უარს იტყვის ჟენევის პროცესზე. როგორ აღიქვამს საქართველოს ასეთ პოზიციას საერთაშორისო თანამეგობრობა და როგორ უნდა დაარწმუნოს ის საქართველომ ფაქტებისა და გამოძიების ობიექტურობაში?
შეუძლებელია ესაუბრო ვინმეს მშვიდ ვითარებაში რაიმე საკითხზე, როცა ის მეორე ხელით ცდილობს ააფეთქოს ინფრასტრუქტურა და შეიწიროს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე...

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თითქმის სამწლიან პრაქტიკაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ხსენებული პროცესის შესაძლო დატოვებაზე ლაპარაკობს. მიზეზად სახელდება არაერთი წარმატებული თუ წარუმატებელი ტერორისტული აქტი, რომლებიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციების მიხედვით, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე 2010 წლის დასაწყისიდან დღემდე დაგეგმა და რომელსაც ადამიანის მსხვერპლიც მოჰყვა. ბოლო ორი წარუმატებელი აფეთქების ფაქტის გამოვლენის შესახებ ინფორმაცია 2 და 6 ივნისს გავრცელდა, სწორედ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-16 რაუნდის წინა 5 დღის მანძილზე და მოთმინების ფიალაც, როგორც ჩანს, სწორედ მაშინ აივსო.

”შეუძლებელია ესაუბრო ვინმეს მშვიდ ვითარებაში რაიმე საკითხზე, როცა ის მეორე ხელით ცდილობს ააფეთქოს ინფრასტრუქტურა და შეიწიროს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე... ასეთ ვითარებაში შეუძლებელი იქნება რუსეთის ფედერაციასთან საუბარი ”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ჟენევის მოლაპარაკებებზე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია.
გიგა ბოკერია

”წინა რაუნდზე ეს საკითხი დავსვით, ვცადეთ თანამშრომლობა რუსეთის ფედერაციასთან - მათ შორის, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით. გადავეცით მათ ყველა წინასწარი მასალა და მოვითხოვეთ მათგან იმ ეტაპზე გამოძიება იმ ფაქტების, რომლებსაც ადგილი ჰქონდა. ვერ მივიღეთ ვერანაირი პასუხი და, რაც ყველაზე პრობლემატურია, ვხედავთ, რომ ეს კამპანია გრძელდება და უფრო ინტენსიური ხდება.”

რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან საგამოძიებო თანამშრომლობას, როგორც ჩანს, არც აწი აპირებს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განუცხადა "რია ნოვოსტის“ მე-16 რაუნდის დასრულების შემდეგ, საქართველოს მიერ რუსეთის სპეცსამსახურების ტერორიზმში დადანაშაულება თბილისის "საინფორმაციო-პროპაგანდისტული მუშაობის“ ნაწილია. რუსეთის დელეგაციამ ბევრისთვის მოულოდნელად უარი თქვა მე-16 რაუნდის შემდეგ 7 ივნისს დაგეგმილი პრესკონფერენციის ჩატარებაზე.
რადგანაც თანათავმჯდომარეებს არ აქვთ საგამოძიებო უფლებები, გახმაურებული საკითხები შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ...

რაც შეეხება ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეების - ეუთოს, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლების პოზიციას, მათ მიერ 7 ივნისს გამოქვეყნებულ ერთობლივ პრესკომუნიკეში ნათქვამია, რომ მონაწილეების მიერ რეგიონში შექმნილი სიტუაცია შეფასდა "როგორც სტაბილური, მაგრამ არაპროგნოზირებადი, რომელიც შეიცავს სახიფათო ესკალაციის პოტენციალს, მეტად შემაშფოთებელი მოვლენებისა და ინციდენტების გამო“. მსხვერპლით დასრულებულ ინციდენტებს ”გამაფრთხილებელი სიგნალი” უწოდა თანათავმჯდომარემ ევროკავშირიდან, პიერ მორელმა.

ხოლო თანათავმჯდომარემ გაეროდან ანტი ტურუნენმა განაცხადა, რომ მე-16 რაუნდი ფოკუსირებული იყო ძირითად უსაფრთხოების საკითხებზე და გახმაურებულ ინციდენტებზე, რომლებიც პოტენციურად ტერორისტული ხასიათისაა. ტურუნენი გამოძიების საჭიროებას ხედავს:

”რადგანაც თანათავმჯდომარეებს არ აქვთ საგამოძიებო უფლებები, გახმაურებული საკითხები შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ და გამოყენებული უნდა იყოს ყველა ხელმისაწვდომი მექანიზმი, რათა განახლდეს დიალოგი უსაფრთხოების საკითხებზე და განიმუხტოს დაძაბულობა.”

როგორ უნდა დაარწმუნოს საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობა იმაში, რომ ტერორიზმთან დაკავშირებული ფაქტები სიმართლეს შეესაბამება და გამოძიებაც ობიექტურად მიმდინარეობს? ამ მხრივ რა კეთდება საერთაშორისო სარბიელზე?
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია გვპასუხობს, რომ არსებობს საერთაშორისო ინსტრუმენტები, მათ შორის ეუთოს ფარგლებში, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია; მაგრამ ეს ინსტრუმენტები ვერ ამოქმედდება რუსეთის ფედერაციის თუნდაც მინიმალური თანამშრომლობის გარეშე. თანამშრომლობა კი, მოსკოვის ცინიკური დამოკიდებულების ფონზე, თბილისისთვის პრაქტიკულად წარმოუდგენელია. თუმცა გიგა ბოკერია რადიო თავისუფლებასთან, კონკრეტიკის გარეშე, სხვა ინსტრუმენტების მუშაობაზეც ლაპარაკობს:
ჩვენი პარტნიორების ნაწილს ჰქონდა შესაძლებლობა თავად შეესწავლა ეს საკითხები და მისულიყო იმავე დასკვნამდე, რა დასკვნამდეც მივედით ჩვენ...

”ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს თავისი ინსტრუმენტები აქვთ შესაბამისი ორგანოების სახით, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა ეს ფაქტები შეამოწმონ. ჩვენ ასეთი შესაძლებლობა მათ მივეცით და ჩვენი პარტნიორების ნაწილს ჰქონდა შესაძლებლობა თავად შეესწავლა ეს საკითხები და მისულიყო იმავე დასკვნამდე, რა დასკვნამდეც მივედით ჩვენ...”

რადიო თავისუფლება: ”ვის გულისხმობთ ამ პარტნიორებში?”
გიგა ბოკერია: ”ესენი არიან ჩვენი ტრადიციული პარტნიორები, მე ასე ვიტყოდი...”

თბილისი იმედოვნებს, რომ ახლო მომავალში გამოჩნდება საქართველოს პარტნიორების უფრო მკვეთრი პოზიცია რუსეთის ტერორისტულ ქმედებებთან დაკავშირებით. აქვეა იმედი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს ჟენევის ფორმატის შესანარჩუნებლად და რუსეთთან სერიოზულ კონსულტაციებს გამართავს.

საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი ბაკურ კვაშილავა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელებას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუკი მოკავშირეები უფრო აქტიურად იქნებიან ჩართული ამ პროცესში - ისევე, როგორც რუსეთი იყო ჩართული ერთ დროს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სასარგებლოდ. კვაშილავა თვლის, რომ ”საქართველოს ამ ეტაპზე ასეთი მოკავშირე-შუამავალი არ ჰყავს.”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG