Accessibility links

logo-print
რამდენიმე დღეში 70 წელი შეუსრულდება გამოჩენილ ამერიკელ ჯაზმუსიკოსს, პიანისტსა და კომპოზიტორს ჩიკ კორეას.

„მუსიკაში, და ზოგადად, ხელოვნების ნებისმიერ დარგში, მთავარია, შექმნა ისეთი რამ, რაც შენ მიგაჩნია, რომ მშვენიერია. სხვანაირად რომ ითქვას: როცა პიანისტი ხარ და ინსტრუმენტს უზიხარ, უნდა იპოვო ის, რაც შენ თვითონ მოგწონს და არა ის, რაც გგონია, რომ სხვას მიაჩნია კარგ რამედ. პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა გაიცნო, რა ჟღერადობა გიყვარს. რასაც შენ ჩათვლი ლამაზად - ესე იგი ლამაზია. ანუ, შენი ძალების რწმენა უნდა გაგიჩნდეს. ამის შეგრძნება, ამ უნარის განვითარება შესაძლებელია. ეს არის 80 პროცენტი. დანარჩენი იმის შესწავლაა, თუ როგორ უნდა ამოძრაო თითები. მაგრამ ეს უკვე მეორეხარისხოვანი ამოცანაა“.

ეს განმარტება, რა არის მთავარი მუსიკაში, ჩიკ კორეას ეკუთვნის, თუმცა, თვით ჩიკ კორეას შემთხვევაშია პრობლემური. რადგან ამ მუსიკოსს, როგორც ჩანს, თვითონ ვერ გაუკეთებია არჩევანი, რა მოსწონს, ან ლამის ყველაფერი მოსწონს, რასაც კლასიკა და ჯაზი წვდება. ჯაზის ამერიკელ დივა სარა ვონით დაწყებული და მოცარტის დიდებულ ავსტრიელ შემსრულებელ ფრიდრიხ გულდათი დამთავრებული, ჩიკ კორეას სხვადასხვა სტილისა თუ ინსტრუმენტის ოსტატებთან, ან ვოკალისტებთან აქვს დაკრული, მათ შორის ვიბრაფონისტ გარი ბარტონთან, რომელთან ერთად საქართველოშიც არის ნამყოფი. მათ ერთობლივ დისკს, „Crystal Silence” ჯაზურ მუსიკაში ბოლო სამი ათწლეულის ერთ-ერთ საუკეთესო ჩანაწერად მიიჩნევენ.

თუმცა, ჩიკ კორეას გზაზე განსაკუთრებული ადგილი მაინც მაილს დევისს ეკუთვნის - ალბათ, ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მუსიკოსს, მესაყვირეს, კომპოზიტორსა და ბენდის ლიდერს, რომელმაც ალბომის „Bitches Brew“ ჩასაწერად, მაშინ 28 წლის ჩიკ კორეაც მიიწვია.

„მაილსმა მართლა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მის ჯგუფში დავუკრავდი. მისი ჩანაწერების მოსმენა, სახელმძღვანელოსავით იყო - იცით, ჯაზის ბიბლიასავით მქონდა ეს ჩანაწერები. მაილსის მუსიკა იმდენად მდიდარი და სავსე იყო… წლების განმავლობაში. ის სულ ვითარდებოდა, იცვლებოდა, ახალ ელემენტებს ამატებდა თავის მუსიკას. და მერე, როცა მასთან ერთად მუშაობა დავიწყე, ეს კაცი პირადად გავიცანი და უფრო დეტალურად გავეცანი მის მუშაობას, ეს დიდი გამოცდილება იყო“, - იხსენებს მუსიკოსი.

ჩიკ კორეა, ბევრი სხვა მუსიკოსის მსგავსად, სწორედ მაილს დევისს უმადლის ექსპერიმენტების სიყვარულს, მისგან „წაქეზებული“, სხვადასხვა სტილში, სხვადასხვა ჟღერადობით სინჯავს საკუთარ ძალებს.

თუმცა, ცხადია ნებისმიერი, თუნდაც მაილს დევისის გავლენა ამაო იქნებოდა თვით ჩიკ კორეას შთამბეჭდავი ნიჭისა და ტექნიკის გარეშე. ამ რანგის მუსიკოსობისთვის, რასაკვირველია, ბევრი კომპონენტია საჭირო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG