Accessibility links

logo-print

ნატო ლიბიაში მოქმედებას განაგრძობს „რამდენი ხანიც საჭირო იქნება“


ნატოს წევრებმა დღეს პირობა დადეს, რომ ლიბიაში სამხედრო კამპანიას გააგრძელებენ, "რამდენი ხანიც საჭირო იქნება" და მიმართავენ „აუცილებელ ზომებს“ მუამარ კადაფის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში. ნატოს წევრთა თავდაცვის მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ბრიუსელში გაკეთდა, ნათქვამია, რომ კადაფი უნდა გადადგეს. მინისტრებმა დღეს დაიწყეს ორდღიანი მოლაპარაკება ლიბიის შესახებ და გამოთქვეს მზადყოფნა სამხედრო ოპერაციის გასაგრძელებლად, რაც, მათი განცხადებით, ლიბიელი ხალხის დაცვას ემსახურება. ამასთან, ნატო, მისი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განმარტებით, არ აპირებს სახმელეთო ჯარების განთავსებას ლიბიაში, კონფლიქტის დასრულების შემდეგ წესრიგის დასაცავად. „ჩვენ არ ვგეგმავთ ნატოს მიერ წამყვანი როლის შესრულებას კადაფის შემდგომ, ან კონფლიქტის შემდგომ პერიოდში. პირიქით, მოველით, რომ გაერო შეასრულებს წამყვან როლს“, განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა და ნატოს წევრებს მოუწოდა ლიბიაში სამოქალაქო პირების დასაცავად მიმდინარე ოპერაციაში უფრო აქტიურად მონაწილეობისაკენ. თვით ლიბიიდან იუწყებიან ნატოს თვითმფრინავების მიერ ტრიპოლის დაბომბვის შესახებ.
XS
SM
MD
LG