Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელ ლტოლვილებს „თურქეთი კარს არ ჩაუკეტავს“


სირია
სირია
სირიის ჩრდილო-დასავლეთ არეალიდან ასეულობით ადამიანი გაურბის მთავრობის ძალადობას და თურქეთს აფარებს თავს.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთი „არ ჩაუკეტავს კარს“ სირიიდან ლტოლვილებს. იუწყებიან, რომ 120-ზე მეტმა სირიელმა - მათ შორის, ბავშვებმა და ქალებმა -გადაკვეთა საზღვარი და თურქეთს - პროვინცია ჰატაის - შეაფარა თავი. იქ მათთვის საგანგებო კარვები დაიდგა. გაქცევის მიზეზი სამთავრობო ძალების სისასტიკე იყო ჯიშრ ალ-შუღურში, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში.

მოელიან, რომ ამ დღეებში სირიიდან თურქეთისკენ მიმავალი ლტოლვილების ტალღა არ შეჩერდება. პრემიერ-მინისტრმა ერდოანმა განაცხადა, რომ ანკარა ყურადღებით ადევნებს თვალყურს, რა ხდება მეზობელ ქვეყანაში და მოუწოდა დამასკოს, მეტი შემწყნარებლობა გამოიჩინოს საკუთარი მოქალაქეების მიმართ.

უფლებადამცავების თანახმად, შაბათის შემდეგ ჯიშრ ალ-შუღურში მთავრობის ძალებმა, სულ მცირე, 42 ადამიანი დახოცეს. სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, უშიშროების ძალების კარგად გაწვრთნილი 120 მოსამსახურე მოკლეს შეტაკებების დროს ჯიშრ ალ-შუღურში „შეიარაღებულმა ბანდებმა“, როგორც ამ ქვეყნის მთავრობა პრეზიდენტ ალ-ბაშირის მოწინააღმდეგე ძალებს უწოდებს. იუწყებიან ასევე, რომ ასობით ჯიშრ ალ-შუღურელი იმყოფება სირია-თურქეთის საზღვრის სირიულ მხარეს. მათი გაქცევა გამოიწვია სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მუქარამ, რომ მძაფრად და გადაჭრით იმოქმედებს ჯიშრ ალ-შუღურში. მარტში საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან, როგორც სირიელი უფლებადამცავები იუწყებიან, ქვეყანაში დაიხოცა 1 100 ადამიანი, დაპატიმრებულია ათი ათასზე მეტი პირი.

დასავლეთის ქვეყნები - პირველ რიგში, საფრანგეთი და ბრიტანეთი - ცდილობენ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღონ რეზოლუცია, რომელიც დაგმობს სირიის მთავრობის ქმედებას. რუსეთმა და ჩინეთმა, საბჭოს ორმა მუდმივმა წევრმა, შეიძლება ვეტოს უფლება გამოიყენოს და რეზოლუცია ვერ გავიდეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, 7 ივნისს თქვა, რომ რუსეთი რეზოლუციის იდეას არ ემხრობა. მან ოსლოში განაცხადა, რომ ყოველი ქმედება, რომლის მიზანი გაეროს მიერ სირიაში კრიზისის მოგვარება იქნებოდა, პოლიტიკური საშუალებების გამოყენებას უნდა ითვალისწინებდეს და არ უნდა მივყავდეთ ახალ შეიარაღებულ კონფლიქტამდე. რეზოლუციის პროექტი, რომლის ავტორები ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და პორტუგალიაა, გმობს ასადის რეჟიმის მიერ გამოსვლების ჩახშობას და გაფრთხილებას გამოხატავს, რომ ძალადობა შეიძლება კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად შეფასდეს. იქ არაფერია ნათქვამი სამხედრო ქმედებებსა და სანქციებზე. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალენ ჟუპეს ცნობით, უშიშროების საბჭოს წევრებს პროექტი დაურიგდათ და საბჭოს მუდმივი და არამუდმივი 15 წევრიდან 11 ნამდვილად ემხრობა დოკუმენტს:

„ვნახოთ, რას გააკეთებს რუსეთი. თუკი პროექტს ვეტოს დაადებს, პასუხისმგებლობა მას დაეკისრება. როცა რუსეთი დაინახავს, რომ 11 წევრია მომხრე, შეიძლება აზრი შეიცვალოს. ეს არის რისკი და მზად ვართ, ასეთი რისკი გავწიოთ.“

რუსეთი სირიის ახლო მოკავშირეა და ამ ქვეყანაში, ტარტუსის ნავსადგურში, თავისი სამხედრო-საზღვაო ბაზა აქვს. ბოლო ხანს გავრცელდა ცნობა, რომ სირიის არმიის წარმომადგენლებმა, ასევე ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა ზურგი შეაქცია ასადის რეჟიმს მთავრობის ძალადობის მიმართ პროტესტის ნიშნად. საფრანგეთში სირიის ელჩმა, ლამილა შაკურმა, უარყო ფაქტი, რომ ის ამ პირებს შორის არის და თქვა, რომ მისი სახელით ვიღაცამ ყალბი ინფორმაცია გაავრცელა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG