Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის მთავრობა ვერ გაუმკლავდა ეთნიკური კონფლიქტის შედეგებს


უზბეკი ბავშვების ნახატები. ოში, 24 ივლისი, 2010
უზბეკი ბავშვების ნახატები. ოში, 24 ივლისი, 2010
ყირგიზეთის სამხრეთში ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებების წლის თავზე, 8 ივნისს, უფლებადამცავმა ორგანიზაციებმა - „ჰიუმენ რაიტს უოჩმა“ და „ამნესტი ინტერნეიშნელმა“ - გამოაქვეყნეს ანგარიშები, რომლებშიც ისინი აკრიტიკებენ ყირგიზეთის მთავრობას. კრიტიკა ეხება ბიშკეკის უუნარობას, გამკლავებოდა კონფლიქტის შემდგომ ვითარებას. ანგარიშის ავტორები თვლიან, რომ ანტიუზბეკური განწყობა ყირგიზეთის პოლიტიკურ და სამართლებრივ სისტემაში ახალი ძალადობის რისკს შეიცავს.

2010 წლის კონფლიქტს ყირგიზებსა და უზბეკებს შორის ყირგიზეთის სამხრეთში, ოშის და ჯალალ-აბადის არეალებში, 470 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი ადგილი, ბევრს მოუსპეს საკუთარი საქმე, დაუნგრიეს საცხოვრებელი. როგორც ითქვა, „ჰიუმენ რაიტს უოჩმა“ და „ამნესტი ინტერნეიშნელმა“ გამოაქვეყნეს ანგარიშები, სადაც ისინი ყირგიზეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკას გამოხატავენ, რომ კონფლიქტის მსხვერპლს არ მიეცა საშუალება სამართალი მოეძებნა. დასავლეთის ორგანიზაციების დასკვნებში ნათქვამია, რომ მსხვერპლის უმეტესობა უზბეკები იყვნენ. ასევე ფიქრობს საერთაშორისო კომისია, რომელიც პრეზიდენტ როზა ოტუნბაევას თანხმობით შეიქმნა. მაგრამ 8 ივნისს გამოქვეყნებული ანგარიშების ავტორთა აზრით, მთავრობის დასკვნაში არაშესაბამისად იყო აღიარებული, რომ უზბეკები იყნენ მთავარი მსხვერპლი, რომ პრობლემა გართულდა ყირგიზ მსხვერპლზე ყურადღების გამახვილებით, რომ კრიზისი გამოიყენეს უზბეკური თემის მიმართ ძალის გამოყენების საბაბად.

„ამნესტის“ შუა აზიის კვლევის ჯგუფის მკვლევარისა და ანგარიშის თანაავტორის მეიზი უაიშარდინგის თქმით, სასამართლო გარჩევების დროს აშკარა იყო ანტიუზბეკური ტენდენცია, რამაც ორ თემს შორის დაძაბულობა შეიძლება მხოლოდ გაამწვავოს, მით უმეტეს, რომ ყირგიზეთში საპრეზიდენტო არჩევნებს მოელიან და ნაციონალისტური რიტორიკა ძლიერდება:

„თუ მსხვერპლმა სამართალს ვერ მიაღწია, - და ჩანს, რომ დამნაშავეები დაუსჯელები რჩებიან, - თუ გაგრძელდა ეს ეთნიკურად ცალმხრივი პროპაგანდა, განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მაშინ, დიახ, დიდია ალბათობა, რომ ძალადობა კვლავ იფეთქებს. ეს შეიძლება არა ოშში, მაგრამ სადმე სხვაგან მოხდეს. ვფიქრობ, დიდია ძალადობის კვლავ გამოვლენის პოტენციალი.“

„ჰიუმენ რაიტს უოჩის“ ანგარიშში, რომელიც ეთნიკური კონფლიქტის შემდგომ ვითარებას ასახავს, ნათქვამია, რომ ყირგიზეთის სამხრეთში უზბეკები ჩამოშორებული იყვნენ პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ სტრუქტურებს, რაც ქმნიდა დაუსჯელობის ატმოსფეროს. ხელისუფლება თვალს ხუჭავდა ციხეებში ეჭვმიტანილთა წამების ფაქტებზე, ასევე ყურს არ იბერტყავდა მათზე ფიზიკური თავდასხმების გამო, გულგრილი რჩებოდა მათი ადვოკატების საჩივრების მიმართ.
„ჰიუმენ რაიტს უოჩის“ ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი, რეიჩელ დენბერი ამბობს, ამით მთავრობამ დაამახინჯა სამართლებრივი პროცედურა, ჩაკლა შერიგების იმედიო:

„მთავრობას არ სურს პასუხისმგებლობა იკისროს იმისთვის, რაც ივნისში და შემდგომ მოხდა. ის გაღიზიანებული რეაგირებს მის მიმართ კრიტიკაზე, თუ როგორ გაუმკლავდა ის ძალადობას და შემდგომ ვითარებას. ვფიქრობ, მთავრობამ აღიარა, რომ უკეთ შეეძლო ემოქმედა, მაგრამ მისი რეაგირება, მაგალითად, ყირგიზეთის საერთაშორისო კომისიის ანგარიშის მიმართ, ძალიან სამწუხარო, გარკვეულად ტრაგიკულიც კი არის.“

კომისიის დასკვნა, რომელზეც დენბერი ლაპარაკობს, მრავალმხრივი იყო. მასში ისიც იყო ნათქვამი, რომ სამი მეოთხედი მსხვერპლისა უზბეკები იყვნენ, რომ სახელისუფლო ორგანოები ვერ გაუმკლავდნენ ვითარებას. ეს ანგარიში ყირგიზეთის პოლიტიკურმა საზოგადოებამ ძალიან უარყოფითად მიიღო. მთავარი მიზეზი ამისა ისაა, რომ ზოგიერთი აქტი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად შეფასდა.

ყირგიზეთის პარლამენტმა კატეგორიულად უარყო ანგარიში და მისი ავტორი, ეუთოს საგანგებო წარმომადგენელი ყირგიზეთში კიმოლ კილიუნენი, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მთავრობა ცდილობს ვითარების გამოსწორებას, ამ კრიტიკის გაბათილებას და ახლა ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით.

პრემიერ-მინისტრი ალმანბეკ ატამბაევი ახლახან ჩავიდა კონფლიქტის არეალში, ჯალალ-აბადში, და მსხვერპლს მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციას დაჰპირდა. მალე რეგიონს ესტუმრება პრეზიდენტი ოტუნბაევა. მაგრამ ჯერჯერობით ყირგიზეთის სამხრეთში, როგორც ჩვენი კორესპონდენტიც იუწყება, ვითარება კვლავ ვერ ჩაითვლება მშვიდობიანად. საკუთრივ ქალაქ ოშის მერმა მელის მირზაკმატოვმა მას უთხრა, უსამართლოდ გვაკრიტიკებენ უზბეკი ბიზნესმენების მიმართ ძალადობის გამოო, ჩვენი მიზანი დამნაშავეებთან ბრძოლაა განურჩევლად ეროვნებისა - არა მარტო უზბეკებმა, ოში ყირგიზმა საქმოსნებმაც დატოვესო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG