Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალები აქციისთვის ემზადებიან


არასამთავრობო, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრი ქალები 14 ივნისს აქციის ჩატარებას გეგმავენ პარლამენტის წინ, სადაც ხელისუფლებას საგამოძიებო კომისიის შექმნას და 26 მაისს მომხდარი ძალადობის ფაქტების გამოძიებას, ასევე იმ ადამიანების პოვნას მოსთხოვენ, რომელთაც დღემდე დაკარგულებად მოიხსენიებენ. ამის თაობაზე საგანგებო განცხადება აქციის ორგანიზატორების მიერ 9 ივნისს გაკეთდა.
ამ რეპრესიული მანქანის მსხვერპლნი არიან ძირითადად მამაკაცები და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქალებს გვაქვს გარკვეული როლი...

”ჩვენ მოვითხოვთ 26 მაისს მომხდარი ძალადობის ჩამდენი პირების დასჯას, საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგით, ქართველი უფლებადამცველების, საზოგადოების ნდობით აღჭურვილი, მიუკერძოებელი სპეციალისტების მონაწილეობით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას და გამოძიების ჩატარებას ყველა დანაშაულებრივ ფაქტზე; პოლიტპატიმრებისა და უკანონოდ დაკავებულ პირთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, დაკარგულ პირთა მოძებნას, ღირსების შემლახავი მოპყრობის შეწყვეტას. ამ მოთხოვნების მხარდასაჭერად მოვუწოდებთ ყველა ქალს, ყველა დედას, ვინც სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის, 14 ივნისს შევიკრიბოთ და მოვითხოვოთ ამ პუნქტების შესრულება”, - ასეთი გახლდათ არასამთავრობო, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრი ქალების მოწოდება, რომელიც 9 ივნისს პარლამენტის წინ ქართული აკადემიის წევრმა ნინელი ჭანკვეტაძემ წაიკითხა და ყველა ქალს 14 ივნისის აქციაზე მისვლისაკენ მოუწოდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ სახელით ადვოკატი მანანა კობახიძე ამბობს, რომ არსებულ პირობებში უფლებადამცველები, ფაქტობრივად, ადამიანის უფლებებს ვეღარ იცავენ:

”ამ რეპრესიული მანქანის მსხვერპლნი არიან ძირითადად მამაკაცები და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქალებს გვაქვს გარკვეული როლი. ჩვენ, დედებმა, უნდა მოვითხოვოთ, რომ ის მინიმუმი მაინც შეასრულოს ხელისუფლებამ, რასაც საზოგადოება ითხოვს და შექმნას საგამოძიებო კომისია, რადგან ჩვენ არ გვინდა, რომ 26 მაისის ფაქტიც ისე დარჩეს თაროზე შემოდებული, როგორი გამოუძიებელიც დარჩა 7 ნოემბრის ამბები.”
ქალებს გვაქვს ვალდებულება გავაკეთოთ ყველაფერი მაშინ, როდესაც ჩვენი შვილების, ძმების და მამების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება...

სუსტი სქესის ძალის სჯერა ეკა ბესელიას, ლიდერს მოძრაობისა ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”:

”ქალებს გვაქვს ვალდებულება გავაკეთოთ ყველაფერი მაშინ, როდესაც ჩვენი შვილების, ძმების და მამების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.”

აქციის ორგანიზატორები განსაკუთრებით პარლამენტარ ქალებს მოუწოდებენ შეუერთდნენ 14 ივნისის აქციას.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო კომისიის შექმნის იდეას პარლამენტის უმრავლესობამ მხარი თავიდანვე არ დაუჭირა და განაცხადა, რომ პოლიცია 26 მაისს კანონს იცავდა, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, აქციის ორგანიზატორი ქალები უკან დახევას არ აპირებენ და სპეციალურ მიმართვას საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გაუგზავნიან.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG