Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთისა და არაბული ქვეყნები ლიბიაზე მსჯელობენ


ლიბიის საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც დასავლეთისა და არაბული სახელმწიფოების წარმომადგენლებს აერთიანებს, მორიგ შეხვედრას მართავს ლიბიის მომავალზე სასაუბროდ. ჯგუფის წევრები ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის გადადგომას ემხრობიან. შეხვედრა, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები მასპინძლობს, მოჰყვა ნატოს მიერ ამ კვირაში ტრიპოლის რამდენჯერმე დაბომბვას. ალიანსის საჰაერო იერიშების მიზანია კადაფის რეჟიმის დასუსტება, რათა ბოლო მოეღოს სამოქალაქო პირებსა და მეამბოხეებზე კადაფის ჯარების იერიშებს. გავრცელებული ინფორმაციით, ნატომ ოთხშაბათს ღამით განაახლა ტრიპოლის დაბომბვა. ლიბიის საკონტაქტო ჯგუფის დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს შორის არიან შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, საფრანგეთის, ბრიტანეთის, ისევე როგორც კატარის, ქუვეითისა და იორდანიის წარმომადგენლები. გავრცელებული ინფორმაციით, განხილვის საგანია ასევე ლიბიელი მეამბოხეების „გარდამავალი ეროვნული საბჭოს“ დაფინანსების საკითხი და ის, თუ რა უნდა გაკეთდეს ხელისუფლების სათავიდან კადაფის წასვლის მოსამზადებლად.
XS
SM
MD
LG