Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოშელი ქალები შარშანდელ ძალადობას იხსენებენ


ოშელი ქალები დამწვარი შენობის წინ
ოშელი ქალები დამწვარი შენობის წინ
შარშან ზუსტად ამ დროს, ეთნიკურ უზბეკებსა და ყირგიზებს შორის სისხლიანი შეტაკებების დაწყების გამო, მსოფლიოს ყურადღება სამხრეთ ყირგიზეთისკენ იყო მიპყრობილი. ერთი წლის გასვლის შემდეგ უკვე დაზუსტებულია, ამ ძალადობას რამდენი ადამიანი ემსხვერპლა და რამდენი სახლი განადგურდა. თუმცა ბევრად ნაკლებადაა ცნობილი ის, თუ რამდენი ქალი და კაცი გახდა გაუპატიურების მსხვერპლი. ამ თემაზე ყირგიზეთში ღიად არ ლაპარაკობენ.

34 წლის უზბეკი ქალი ჩვენს რადიოს სხვა სახელით - ნასიბად - გაეცნო; ნამდვილი სახელის გამხელა არ ისურვა. ნასიბა უჩვეულო სიმშვიდით იხსენებს შარშან ამ დროს მის თავზე დამტყდარ ამბავს. ის ქალაქ ოშის უბან ჩერიომუშკიში, მეგობრის სახლში იყო სტუმრად, როცა ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გახდა: „ეს სადილის შემდეგ მოხდა. საღამოს ჩვეულებრივად ვისხედით, ვჭამდით, ტელევიზორს ვუყურებდით. ყველაფერი ნორმალურად იყო. ძალიან კარგი დრო გავატარეთ. მერე ღამით - სადღაც 12 საათზე - ის-ის იყო დავწექით, რომ ყვირილი მოგვესმა. კაცები იყვნენ - შვიდნი თუ რვანი. კარები უცებ გააღეს. არც დააკაკუნეს, არც გაგვაფრთხილეს. შემოვიდნენ. უი, აქ კარგი უზბეკი გოგოაო, თქვეს. დიდი ხანია გვინდა უზბეკ გოგოსთან ამის გაკეთებაო.“

სანამ თავის დაცვას შეძლებდა, ნასიბას ერთ-ერთმა კაცმა კისერში დაარტყა და გონება დააკარგვინა. როცა გონს მოეგო, - მეორე დილით, - შიშველი იწვა, სისხლით მოთხვრილი და დალილავებული. ოთახში მასთან ერთად მისი ორი შვილი, 3 და 9 წლის ატირებული ბავშვები იყვნენ.

ნასიბა, რომლის ქმარიც ოთხი წლის წინ გარდაიცვალა, ამბობს, რომ კარგად ახსოვს თავდამსხმელები - მაღალი და ძლიერი აღნაგობის კაცები, თავზე ერთნაირი კეპებით. ისინი ადგილობრივები ნამდვილად არ იყვნენო, ამბობს.

ნასიბა თვლის, რომ თავდამსხმელებს, სავარაუდოდ, ვეღარასოდეს ნახავს, თუმცა მათგან სამუდამო სახსოვრად მას როგორც ემოციური, ისე ფიზიკური ტრავმები დარჩა - ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, ჰეპატიტის ჩათვლით, და შიშის დაუძლეველი განცდა: „კაცის დანახვაც კი არ შემიძლია. გვერდით ჩემი ძმაც კი რომ დამიჯდეს და ხელით ოდნავ შემეხოს, უკვე ცუდად ვხდები. კანკალი მეწყება. ძმა მეკითხება ხოლმე, რატომ კანკალებო. უფროსი ძმა მყავს, ძალიან ვუყვარვარ. სულ მეხუტება ხოლმე. მე კი ვკანკალებ. ეს ჩემდაუნებურად მემართება. მეკითხება ხოლმე, რა გემართებაო. არ ვიცი-მეთქი, ვეუბნები. და ხელს ვაშვებინებ.“

ნასიბა ერთ-ერთია იმ ათობით ქალიდან, რომლებიც 2010 წლის ივნისში სამხრეთ ყირგიზეთში მიმდინარე შეტაკებებისას გაუპატიურების ან სხვა სახის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ოთხშაბათს, 8 ივნისს, ძალადობის წლისთავზე „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ და „ჰიუმან რაიტს ვოჩმა“ ანგარიშები გამოაქვეყნეს. ორივე ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს შეტაკებებისას მომხდარ სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე როგორც ყირგიზების, ისე უზბეკების მხრიდან და ორივე დასძენს, რომ ამ საკითხის ირგვლივ მყარი სტატისტიკა არ არსებობს. „ამნესტის“ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მან გაუპატიურების 20 შემთხვევის აღრიცხვა შეძლო, თუმცა, უფლებადამცველების ვარაუდით, რეალური რიცხვი აღრიცხულს ბევრად აღემატება.

„ამნესტი ინტერნეიშენალი“ ასევე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პირებზე მასშტაბური თავდასხმისას მომხდარი გაუპატიურება და სხვა სახის სექსუალური ძალადობა შესაძლებელია კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს გაუტოლდეს. ამის უარყოფას კი ყველანაირად ცდილობენ ყირგიზეთის ოფიციალური პირები.

გაუპატიურებას, როგორც დანაშაულის ფორმას, ძალიან ძლიერი სახალხო აღშფოთების და ემოციების გამოწვევა შეუძლია. ერთ-ერთი ვერსიით, შარშანდელი ძალადობის პროვოცირება მოახდინა ერთმა ტექსტურმა შეტყობინებამ, ოშში ყირგიზი გოგონას უზბეკების მიერ გაუპატიურების შესახებ. ეს ამბავი დადასტურებული ჯერაც არ არის, თუმცა ცნობამ მყისიერად გამოიწვია ასობით - და, შესაძლოა, ათასობით - ყირგიზი მამაკაცის მობილიზება ქალაქის ქუჩებში.

თუმცა, ამავე დროს, გაუპატიურების, როგორც დანაშაულის, გამოძიება რთულია - უწინარესად იმ მძლავრი კულტურული სტიგმის გამო, რომელიც მას უკავშირდება. როგორც ყირგიზებისთვის, ისე უზბეკებისთვის გაუპატიურება უწინარესად სამარცხვინო მსხვერპლისთვის არის და არა მოძალადისთვის. და ამას ადამიანებზე ძალიან დიდი ზეწოლის მოხდენა შეუძლია.

სწორედ ამ მიზეზის გამოა, რომ ნასიბას არავისთვის გაუმხელია, რაც გადახდა თავს - არც დედისთვის, არც მეგობრებისთვის და არც შვილებისთვის, რომლებმაც არ იციან ზუსტად რა შეემთხვა მას. სისხლის და ჰემატომების მიზეზად ნასიბამ შვილებს ყირგიზ ქალებთან მომხდარი ჩხუბი დაუსახელა.

„მუსულმანებისთვის ამაზე ლაპარაკი უკიდურესად ძნელია. არ მინდა ეს ვინმემ იცოდეს. ამან შეიძლება ძალიან გაართულოს ჩემი შვილების ცხოვრებაო“, - ამბობს ის.

დახმარებისთვის ნასიბამ მიმართა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ძალადობის მსხვეპლ ქალებს ეხმარება. ორგანიზაციას ხაფიზა მახმუდოვა ხელმძღვანელობს, რომელიც ამბობს, რომ ივნისის ძალადობის დროს გაუპატიურების მსხვერპლი სულ მცირე 13 უზბეკი გახდა, მათ შორის - ორი მამაკაცი. მახმუდოვას თქმით, ქალები მასთან მხოლოდ გამოუვალ დროს მოდიან - ჯანმრთელობა თუ ისე უუარესდებათ, რომ სხვა გზა აღარა აქვთ.

გაუპატიურების მსხვერპლი ადამიანები არც სამართალდამცავ სტრუქტურებს აკითხავენ. „ამან შეიძლება საქმე კიდევ უფრო გაართულოსო“, - ამბობს მახმუდოვა და ადგილობრივი უზბეკების გახშირებულ დაპატიმრებებსა და უსამართლო პროცესებზე უთითებს. ამ პირობებში, მისი თქმით, ორ ეთნიკურ ჯგუფს შორის შერიგების მიღწევა რთული წარმოსადგენი რჩება: „მაგალითად, ბაზარში მიდიხარ და გაიგონებ, რომ ყირგიზი ქალი უზბეკ ქალს დაუყვირებს: თქვენი ქალები და გოგოები, რომლებიც ჩვენმა ბიჭებმა გააუპატიურეს, ახლა ყირგიზებს, ყირგიზეთის მომავალს გააჩენენო. როგორ უნდა ვიცხოვროთ ასე?“

გაუპატიურების მსხვერპლთაგან რამდენიმემ იცის, რომ პირი, რომელმაც მათზე იძალადა, კვლავ თავისუფლად დადის მათი ქალაქის ქუჩებში. 50 წლის ქალი, სევარა, თავის სახლში გააუპატიურა ყირგიზმა კაცმა, რომელსაც ის დიდი ხნის განმავლობაში იცნობდა და ახლო მეგობრად თვლიდა. სევარა ბებიაქალად მუშაობდა და თავისი მეგობრის ცოლსაც დაეხმარა მშობიარობის დროს.

შეტაკებები რომ დაიწყო, სევარამ და მისმა ძმამ გადაწყვიტეს არ დაეტოვებინათ ოშის უზბეკებით დასახლებული რაიონი და ძალადობის დასრულებას დალოდებოდნენ. რამდენიმე დღეში სევარას იმ მეგობარმა დაურეკა და უთხრა, უნდა მოვიდე, გნახო, რომ კარგად ხარო. სევარა იხსენებს:

„მეგონა, სადმე წამიყვანდა. ჩვენით აქედან ვერ გავდიოდით. დასახლებიდან ყველა წავიდა, მაგრამ ჩვენ დავრჩით. გვეგონა ახლაც 1990 წლის ამბებივით იქნებოდა - როცა სიტუაცია აირია, მაგრამ მალევე დამთავრდა ყველაფერი. დამირეკა. ვუთხარი, მოდი, თუ ჩემი აქედან წაყვანა გინდა-მეთქი. მოვალო, მითხრა. შემოვიდა და საშინელი რაღაცების თქმა დაიწყო. ცხვირს მიბზუებდი, მე რაღაცას გთავაზობდი, შენ კი ჩემთან არ გინდოდაო. რას ამბობ, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ-მეთქი, ვუთხარი; ჩვენ შორის ხომ ასეთი არაფერი ყოფილა- მეთქი. თავის ორ თანამშრომელთან ერთად იყო. მიუბრუნდა და უთხრა: ნებას გრთავთ, ჯერ მე და მერე თქვენო. ოთახში შემიყვანეს. ჯერ მან თვითონ გამაუპატიურა, მერე იმ ორმა. ვეუბნებოდი, ჩემი მეგობარი ხარ, რას აკეთებ-მეთქი. ყოველთვის გამირბოდი და ახლა გსჯიო, მითხრა. მე ხომ პატივს გცემ-მეთქი და მიპასუხა, არ მაინტერესებს თქვენი პატივისცემა, უზბეკები ყველანი უნდა დაიხოცოთო.“

ნასიბას მსგავსად, ახლა სევარასაც ჰეპატიტი და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აქვს. მას ქმარი გარდაცვლილი ჰყავს, შვილები რუსეთში სწავლობენ - სევარა თვლის, რომ ისინი იქ უფრო უსაფრთხოდ არიან. სევარას შემოსავლის არანაირი წყარო არ აქვს და ნათესავების მხრიდან დახმარების იმედად ცხოვრობს.

სევარას კვლავ აშინებს თავის თავდამსხმელთან ქუჩაში შემთხვევით შეხვედრის პერსპექტივა. „ხალხი მეკითხება, რატომ აღარ მეგობრობთო“, - ამბობს სევარა, რომელიც, ნასიბას და სხვა ქალების მსგავსად, საიდუმლოს დიდწილად გაუმხელელს ინახავს. „უზბეკებს ჭორაობა უყვართ. მე კი 20 წლის ბიჭი მყავს დასაოჯახებელი. რას იტყვის ხალხი ჩემზე, თუ გაიგებენ, რაც მოხდაო“, - გვეუბნება ის.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG