Accessibility links

logo-print
ნიჟნი ნოვგოროდში, ევროკავშირ-რუსეთის სამიტის ფარგლებში, რუსეთი 10 ივნისს კიდევ ერთხელ გამოხატავს იმედს, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო-ში) ის 2011 წლის ბოლომდე გაწევრიანდება და რომ ამ გზაზე მას ევროკავშირის დიდი მხარდაჭერა ექნება. ასეთი მხარდაჭერა მართლაც არსებობს, თუმცა სანაცვლოდ ევროკავშირი რუსეთისგან კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. ვმო-ში რუსეთის წლის ბოლომდე გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს შეერთებული შტატებიც. როგორ გამოიყურება ამ ფონზე საქართველოს მოთხოვნები და რა ბედი ელის რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებების პროცესს?

”ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან დაკავშირებით პარტნიორებთან მოლაპარაკებებს უკვე 17 წელიწადია ვცდილობთ და ჩვენ ეს ყველას საშინლად მოგვბეზრდა...”, - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი, რომლის დაკვირვებითაც, რუსეთი მოლაპარაკებების გაჭიანურებული პროცესის დასრულებას ყოველ წელიწადს უშედეგოდ მოელის... ასეთი მოლოდინი არსებობს წელსაც, თუმცა ახლა ამ მოლოდინს კრემლის უფრო დიდი იმედი ახლავს:
იმისთვის, რომ ეს შესაძლებელი გახდეს, რუსეთმა და ევროკავშირმა უახლოეს კვირებში სისტემატიურად უნდა აწარმოონ პოლიტიკური დიალოგი...

”მიმდინარე წელიწადმა, მთლიანობაში, ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ვერ მიგვიყვანა გარღვევამდე, მაგრამ ვფიქრობ, რომ გადასაწყვეტი დაგვრჩა, ჩემი აზრით, საკმაოდ უმნიშვნელო საკითხები და მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს ევროკავშირიდან, ბოლოს და ბოლოს დავასრულოთ მოლაპარაკებები ერთი თვის ვადაში, რათა წლის ბოლოსთვის გავიდეთ დოკუმენტების ხელმოწერისა და რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების ეტაპზე. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ შანსები ძალიან მაღალია და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ გავიგებთ ერთმანეთისას.”

ეს განცხადება პრეზიდენტმა მედვედევმა 10 ივნისს ნიჟნი ნოვგოროდის სამიტის ფარგლებში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა, როცა ის ჟურნალისტების წინაშე ევროკავშირის უმაღლეს პირებთან ერთად წარდგა. ვმო-ში რუსეთის მიმდინარე წელს გაწევრიანების პერსპექტივის არსებობა ამავე პრესკონფერენციაზე დაადასტურა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ, თუმცა ამისათვის გარკვეული პირობები უნდა დაკმაყოფილდეს:

”იმისთვის, რომ ეს შესაძლებელი გახდეს, რუსეთმა და ევროკავშირმა უახლოეს კვირებში სისტემატიურად უნდა აწარმოონ პოლიტიკური დიალოგი, რათა ჯერ კიდევ ზაფხულის არდედეგებამდე მიღწეულ იქნეს შეთანხმებები ისეთ საკითხებზე, როგორიც არის, მაგალითად, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები და საინვესტიციო რეჟიმი საავტომობილო მრეწველობაში.”

თუკი ნიჟნი ნოვგოროდში გაკეთებულ განცხადებებთან ერთად, ევროპარლამენტის მიერ 9 ივნისს დამტკიცებული რეზოლუციის შინაარსსა და ანალიტიკოსების გარკვეული ნაწილის თვალთახედვას გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ საქართველო ამ ეტაპზე არ წარმოადგენს ერთადერთ პრობლემას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების გზაზე, როგორც ეს მოსკოვს სურს წარმოაჩინოს.

სხვა საკითხია, რომ საქართველო, რომლის ხმაც სჭირდება რუსეთს ვმო-ში გასაწევრიანებლად, მხარდაჭერის სანაცვლოდ კვლავაც ითხოვს წლების მანძილზე უცვლელი პირობის დაკმაყოფილებას, რაც ”განთიად-ადლერისა” და ”როკი-ქვემო ზარამაგის” საბაჟო-საკონტროლო პუნქტების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას გულისხმობს. თუმცა რუსეთი ამ მისთვის მიუღებელ საკითხს პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს.

ვმო-სთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია და ველოდებით რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებული ვითარების გარკვევას...
ამ საკითხების გარშემო შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებს მხარს უჭერს შეერთებული შტატები, რომელიც ასევე იმედოვნებს, რომ რუსეთის გაწევრიანება ვმო-ში 2011 წლის ბოლომდე მოხერხდება. თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ვკითხულობთ, რომ 1 ივნისს, რომში შეხვედრისას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სხვა საკითხებთან ერთად, ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოთხოვნებიც განიხილეს. იგივე პრეს-რელიზი გვატყობინებს, რომ ბაიდენმა გამოხატა მხარდაჭერა შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებისადმი.

თუმცა, საერთაშორისო მხარდაჭერის მიუხედავად, ორი უშედეგო რაუნდის შემდეგ, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე 2 ივნისს დაგეგმილი ქართულ–რუსული მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი, შუამავალი მხარის თხოვნით, გაურკვეველი დროით გადაიდო და მიზეზად "ტეკნიკური" საკითხების მოგვარება დასახელდა.

ოდნავ მოგვიანებით - იმ ფონზე, როცა 7 ივნისს გამართული მე-16 რაუნდის შემდეგ თბილისი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებიდან შესაძლო გამოთიშვაზე ალაპარაკდა, თუკი რუსეთი ტერორისტულ აგრესიას გააგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ - რადიო თავისუფლება დაინტერესდა, ვრცელდება თუ არა ამგვარი მიდგომა ვმო-ს მიმართულებითაც.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ, მართალია, ტერორიზმის პრობლემამ ზოგადად შესაძლოა ყველანაირი მოლაპარაკება გაართულოს, მაგრამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისთვის დასმული კითხვის ნიშანი ამ შემთხვევაში არ ვრცელდება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე:

”ვმო-სთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია და ველოდებით რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებული ვითარების გარკვევას. ამიტომ მე არ ვიტყოდი, რომ საკითხები, რომლებიც დგას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან დაკავშირებით, ამით დაიბლოკა. უნდა გვახსოვდეს, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები სპეციფიკურად უსაფრთხოებას ეხება, მისი მთავარი საკითხია უსაფრთხოება და ამიტომ აბსოლუტურად გაუგებარი და აბსურდულიც კია ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოსთან საუბარი უსაფრთხოებაზე.”

თბილისს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია ინფორმაცია ვმო-სთან დაკავშირებული მე-3 რაუნდის სავარაუდო თარიღის თაობაზე. თუმცა, როგორც 10 ივნისს ნიჟნი ნოვგოროდში უთხრა ჟურნალისტებს რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სავაჭრო მოლაპარაკებების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაქსიმ მედვედკოვმა, რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი ივნისის ბოლოს გაიმართება. მედვედკოვი დარწმუნებით აცხადებს, რომ მხარეებს შორის არსებული უთანხმოების დაძლევა მოხერხდება.
XS
SM
MD
LG