Accessibility links

logo-print
„მტკვარმა გაუჩინარებული მომიტინგეების გამორიყვა დაიწყო?“ - ასეთი კითხვითი წინადადებითაა დასათაურებული 10 ივნისს გამოსული „რეზონანსის“ მეწინავე სტატია, რომლის ავტორი ეყრდნობა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილისა და საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმის“ ვარაუდებს. "საქინფორმის" რედაქციისათვის სატელეფონო შეტყობინებით ცნობილი გამხდარა, რომ მცხეთაში ერთ-ერთი ხიდის ქვეშ ნაპოვნია პლასტმასის ხელბორკილდადებული 4 გვამი, თუმცა სტატიაში ისიცაა ნათქვამი, რომ ამ ინფორმაციას არ ადასტურებს მცხეთა-მთიანეთის სამაშველო სამსახურის უფროსი გია აბუაშვილი, რომლის თქმითაც, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მდინარემ მხოლოდ ერთი ადამიანის ცხედარი გამორიყა.

"ინფორმაცია 4 გვამის აღმოჩენის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ბოლო ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთი ადამანის ცხედარია აღმოჩენილი სოფელ ძეგვთან, მდინარე მტკვრისა და არაგვის შესართავთან. გარდაცვლილი დახლოებით 40-45 წლმადე მამაკაცია, თუმცა მისი ვინაობის დადგენა ვერ ხერხდება", - უთქვამს გია აბუაშვილს „რეზონანსისათვის“.

ასევე „რეზონანსში“ ნახავთ ვრცელ სტატიას ყოველთა სომეხთა კათალიკოსის გარეგინ მეორის სტუმრობაზე საქართველოში. გაზეთის ცნობით, ვიზიტი ხუთდღიანია და მის ფარგლებში განხილული იქნება სადავო ეკლესიებისა და საქართველოში სომხეთის ეკლესიის იურიდიული სტატუსის საკითხები. „რეზონანსი“ გარეგინ მეორის ვიზიტთან დაკავშირებით აქვეყნებს საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლის მიტროპოლიტ გერასიმეს განცხადებას:

„სადავო ეკლესიების საკითხი განხილული იქნება, მაგრამ მისი გადაწყვეტა მარტივი არ არის. ეკლესიების ნაწილი მდებარეოს როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის ტერიტორიაზე. მოლაპარაკების დროს გაირკვევა ის, თუ რამდენ ეკლესიაზეა საუბარი. რაც შეეხება იურიდიული სტატუსის განსაზღვრას, ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა. საქართველოს საპატრიარქოს არაფერი აქვს საწინააღმდეგო.“

გაზეთ „ახალი თაობიდან“ კი მკითხელი შეიტყოს, თუ რა ბედია ეწია 25 მაისის ღამეს ნინო ბურჯანაძის მეუღლეს ბადრი ბიწაძეს, რომელსაც „ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ დმანისის ტყეში მიაგნო. გუბაზ სანიკიძე ნინო ბურჯანაძის ბავშვობის მეგობარი ყოფილა და საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარეს მოსაკითხად შინ სტუმრებია. „მე წავედი ბადრი ბიწაძის წამოსაყვანად. ნაცემი არ ყოფილა, თუმცა ტყეში მარტო იყო. სამართალდამცავებს ავტმობილი წაურთმევიათ და მიუტოვებიათ. გზაში მითხრა, რომ ბოლნისში დარჩებოდა და დარჩა კიდეც. აბსოლუტურად არაფერზე გვისაუბრია. მოგეხსენებათ, როგორ სტრესშიც იქნებოდა.“

გაზეთი „ვერსია“ კი აქვეყნებს ინტერვიუს პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანთან, რომელიც არ გამორიცხავს ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ „რვიანთან“ შეთანხმების შესაძლებლობას: „მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. იმედი მაქვს ზაფხულში შევთანხმდებით. პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ განცდა, რომ საარჩევნო სია სრულყოფილია, მასში მკვდარი სულები არ არის და რომ საარჩევნო დღეც მშვიდად ჩაივლის. დათმობაზე აუცილებლად წავალთ. მთავარია, ჩვენმა კოლეგებმა ბოლო მომენტში არ თქვან უარი. ასევე თანახმა ვართ შევთანხმდეთ ბიომეტრულ პასპორტებთან დაკავშირებითაც.“ ინტერვიუს მიხეილ მაჭავარიანთან 10 ივნისის „ვერსიაში“ წაიკითხავთ.
XS
SM
MD
LG