Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Open Air იხსნება


11 ივნისს თბილისში იხსნება მუსიკალური ფესტივალი ”ოფენ ეარი” - იპოდრომზე მოწყობილ საფესტივალო ქალაქის დიდ სცენაზე ორი დღის განმავლობაში იმღერებენ და დაუკრავენ ქართული და უცხოური მუსიკალური კოლექტივები.

”ოფენ ეარში” წელს სულ 19 ბენდი მიიღებს მონაწილეობას. გაგახსენებთ, რომ „ოფენ ეარი“ თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც მასკულტურის ალტერნატივა, უფრო სწორად, პოპულარული, მაგრამ დაბალი ხარისხის მუსიკის ალტერნატივა - შეიძლება ითქვას, რომ თავისებური ”ვუდსტოკიც”, რომელმაც ქართველ ახალგაზრდებში ნონკონფორმიზმის იდეის დამკვიდრებას უნდა შეუწყოს ხელი. ცხადია, ”ვუტსტოკი”, რომელიც ხელისუფლების მხარდაჭერით ეწყობა, უკვე ვეღარ იქნება ”ვუტსტოკი”, მაგრამ ნონკონფორმიზმი ხომ არა მარტო ხელისუფლებისა და ძალაუფლებისგან გამიჯვნას გულისხმობს, - ალტერნატიული ხელოვნება, რომელსაც მასობრიობის პრეტენზია არა აქვს და საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს ეწინააღმდეგება, ასევე არის ნონკონფორმისტული. ალბათ, არაა შემთხვევითი, რომ ფესტივალის ორგანიზატორებმა თავიანთ ჯგუფს ”ალტერვიზია” უწოდეს. ანუ ”ოფენ ეარი” შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც ”ევროვიზიის” ალტერნატივა - მასკულტურული კიტჩის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნიმუშის ალტერნატივა.
ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენთან რაც შესრულდება, თუკი ”ქავერები” გვექნა, სულ ერთია ვინ შეასრულებს, გადასახადს გადავიხდით...

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ფესტივალზე არა მოპარული, არამედ ლიცენზირებული სიმღერები აჟღერდება. ეს სიახლეა:

საქართველოს ავტორთა საზოგადოებასა და „ალტერვიზიის“ ჯგუფს შორის ხელი მოეწერა საავტორო უფლებებით სარგებლობის სალიცენზიო ხელშეკრულებას, რომლითაც თბილისში Open Air-ზე შესრულებული სიმღერები ლიცენზირებული იქნება და მუსიკის ავტორები კუთვნილ ჰონორარებს მიიღებენ. ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ”ალტერვიზიის” ორგანიზატორს, აჩიკო გულედანს.

”ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენთან რაც შესრულდება, თუკი ”ქავერები” გვექნა, სულ ერთია ვინ შეასრულებს, გადასახადს გადავიხდით (გადასახადს, დადგენილს კანონმდებლობით), რაც, კონკრეტულად, გაყიდული ბილეთების ორ პროცენტს შეადგენს, თუმცა მომავალ წელს, სავარაუდოდ, ერთი პროცენტით დაიწევს.”

ბილეთი მხოლოდ 5 ლარი ეღირება და მთელი დღე ივარგებს. ცოტა იმოქმედებს, თუმცა მგონია, რომ არ შეიძლება ფესტივალზე არ არსებობდეს ბილეთი...
აჩიკო გულედანს რეპერტუარზე ვკითხეთ, ხომ არ არის საშიშროება საავტორო უფლებების დაცვის გამკაცრებამ ერთფეროვანი და ნაკლებად საინტერესო გახადოს ფესტივალი. ღია ცის ქვეშ კონცერტის მოსასმენად მისულებს ხშირად სწორედ ნაცნობი მუსიკის ინტერპრეტაცია უფრო ხიბლავთ ხოლმე, ვიდრე ახალი ნაწარმოების მოსმენა. თუმცა აჩიკო გულედანი ამბობს, რომ პროგრამა იმდენად მრავალფეროვანია, არავინ მოიწყენს. თან სიახლეზეც გვესაუბრება:

”მიმართულება - მუსიკალური, აქტუალურობა, ის, რაც იყო შარშანწინ, უცვლელი დარჩება - სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებებია, ინდი მუსიკა, ყველაფერი, რაც ჩვენთან ალტერნატივად ითვლება... ახალი ისაა, რომ წელს კონცერტები უფასო აღარ იქნება.”

ესეც ხომ არ იმოქმედებს ფესტივალზე? გავიხსენოთ, რომ ”ოფენ ეარი” მასობრიობით გამოირჩეოდა - უფასო კონცერტებს უამრავი ახალგაზრდა დაესწრო. ამაზე აჩიკო გულედანმა ასე გვიპასუხა:

”ბილეთი მხოლოდ 5 ლარი ეღირება და მთელი დღე ივარგებს. ცოტა იმოქმედებს, თუმცა მგონია, რომ არ შეიძლება ფესტივალზე არ არსებობდეს ბილეთი, თუ არ არის ეს საქველმოქმედო აქცია. ადამიანი, რომელიც მოდის კონცერტზე, უნდა გრძნობდეს, რომ რაღაც ტერიტორიაზე შემოვიდა, სადაც მას ვიღაც ორგანიზებას უწევს.”

5 ლარი, არსებითად, პრობლემა არაა, თუკი ეს ფასი მომავალ ფესტივალებზე არ აიწევს. ჩვენთან (და არამარტო ჩვენთან) ხომ ასე ხდება: როცა კულტურული ღონისძიების პოპულარობა მატულობს, მას ფასი ედება.. ნორმალურია. თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ ”ალტერვიზია”, წესით და რიგით, ნონკონფორმისტებისთვის კეთდება - იმ ხალხისთვის, ვინც მასკულტურას არ ცნობს, ან დასცინის და ვისაც ქართული კულტურული ცხოვრება თითქმის ვერაფერს სთავაზობს. ეს ადამიანები არ წარმოადგენენ ეგრეთ წოდებულ ”ახალ ქართველებს”. მათ შეიძლება 5 ლარის გადახდის საშუალებაც არ აქვთ. მით უმეტეს, თუ შეყვარებულის, მეგობრის, ოჯახის წევრის დაპატიჟება მოინდომეს, როგორც აჩიკო გულედანმა გვითხრა, ”ტერიტორიაზე” მოსახვედრად - ალტერნატიული მუსიკის ტერიტორიაზე.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG