Accessibility links

logo-print
საქართველო წყლის რესურსებით მდიდარი ქვეყანაა, თუმცა, ამის მიუხედავად, ხარისხიან სასმელ წყალზე ხელი ყველას როდი მიუწვდება. განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა სოფლად, სადაც ადამიანები ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეუმოწმებელ წყალს მოიხმარენ. როგორია სასმელი წყლის ხარისხი საქართველოში და რა უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ წყაროს წყალი მართლა კამკამა და სასარგებლო იყოს?

ხშირ შემთხვევაში ჭებთან ახლოსაა ბოსელი, ტუალეტი ღრმა ორმოზე. ხდება მავნე ნივთიერებების ჩაჟონვა და მოხვედრა მიწისქვეშა წყლებში...
საქართველოში რვაასამდე ტბა და ხელოვნური წყალსაცავია. მდინარეების რაოდენობა 20 ათასს აღწევს, თუმცა რაიონებსა და სოფლებში სასმელ წყალს, როგორც წესი, იღებენ ჭებიდან და წყაროებიდან, რომელთა დათვლა, სიმრავლის გამო, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

საქართველოში წყარო რომანტიკული შეხვედრების ადგილად, წყაროს წყალი კი სისუფთავის ეტალონად მიიჩნევა, თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ, ხშირ შემთხვევაში, ეს ასე არაა. მანანა გრძელიშვილი, სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტის წყლის სპეციალისტი, საქართველოს ორ დიდ რაიონში – მარნეულსა და დუშეთში -ჩატარებული მიკრობიოლოგიური კვლევების საფუძველზე ასკვნის:

„წყაროსა და ჭის წყლები დაბინძურებულია და მათი მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათოა. ეს არ არის წლების წინ გაკეთებული ნაგებობები და, შესაძლოა, წყლებს არ აქვთ ღრმა დგომა. ხშირ შემთხვევაში ჭებთან ახლოსაა ბოსელი, ტუალეტი ღრმა ორმოზე. ხდება მავნე ნივთიერებების ჩაჟონვა და მოხვედრა მიწისქვეშა წყლებში.“

სასმელი წყლის სავალალო ხარისხის გამო ჩივიან „საქართველოს ეკოლოგიური და ბიოლოგიური მონიტორინგის ასოციაციაში“, რომლის თავმჯდომარე მანან ჟურული ბიოლოგიური და ქიმიური დაბინძურების ძირითად მიზეზებს ასახელებს:

„საწარმოები არ იცავენ იმ ნორმებს, რომლებიც კრძალავს დაბინძურებული წყლების მდინარეებსა და წყალსაცავებში ჩაშვებას. წყალში გადადის პესტიციდები, ნიტრატები, აგროქიმიკატები...“
სპეციალისტების თქმით, ვითარებას ართულებს ის გარემოება, რომ, როგორც წესი, სოფლად წყლის ხარისხს არავინ ამოწმებს. თანაც ასეთი ვითარება მხოლოდ მარნეულსა და დუშეთის რაიონებში როდია. ქალბატონი მზევინარი, რომელიც თელავის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს, წლების განმავლობაში საეჭვო ხარისხის წყალს მოიხმარს:
არ უნდა მოვიხმაროთ წყალი, რომელიც არ შეესაბამება ჰიგიენურ ნორმებს. თუ წყლის დაბინძურება ხილულია, უნდა უარი ვთქვათ მასზე ან გადავადუღოთ.

„იყო შემთხვევა, როცა საქონლის სკორე ხვდებოდა სასმელი წყლის რეზერვუარში და ხალხი მოიწამლა. საქონელთან დაკავშირებული პრობლემა თითქოს მოაგვარეს, მაგრამ წყლის ხარისხი მაინც არ არის დამაკმაყოფილებელი. ჭაბურღილი არის სოფელში, მაგრამ როგორია ამ წყლის ხარისხი, ეგეც არავინ იცის. ჩვენ ვსვამთ წყაროს წყალს, რომელიც არავის შეუმოწმებია.“

უხარისხო წყლის მოხმარება, ცხადია, საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ტოქსიკოლოგი გივი კაციტაძე ამბობს, რომ არსებობს ორი სახის – ტოქსიკური და ბაქტეროლოგიური - მოწამვლის რისკი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ნანა გაბრიაძე ამბობს, რომ საქართველოში წყლის დაბინძურების ძირითადი მიზეზი ანთროპოგენური ფაქტორია, წყლით გადამდებ დაავადებათა შორის კი განსაკუთრებით სახიფათოა მუცლის ტიფი, ქოლერა...

„მართალია, ეს დაავადებები უკანასკნელი 6 წელია არ დაფიქსირებულა, მაგრამ სიფრთხილე მაინც საჭიროა. უნდა ვიყოთ ყურადღებით, არ უნდა მოვიხმაროთ წყალი, რომელიც არ შეესაბამება ჰიგიენურ ნორმებს. თუ წყლის დაბინძურება ხილულია, უნდა უარი ვთქვათ მასზე ან გადავადუღოთ“, უთხრა ნანა გაბრიაძემ რადიო თავისუფლებას.

თუმცა ვიზუალურად იმის განსაზღვრა, სასმელი შეესაბამება თუ არა ჰიგიენურ ნორმებს, ყოველთვის ვერ ხერხდება. სპეციალისტების თქმით, საჭიროა სასმელი წყლის სისტემატიური ლაბორატორიული გამოკვლევა, რასაც ადგილი აქვს დიდ ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში. გარემოს დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ალექსანდრე მინდორაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის ეროვნული სამსახური აწარმოებს:

„მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად, გამოთვლილი იქნა საშუალო წლიური მაჩვენებელი, რომლის თანახმადაც სასმელი წყლის ხარისხობრივი დაბინძურების მაჩვენებელი 16-20 პროცენტია, ანუ აღებული ნიმუშების მთელი რაოდენობის 20 პროცენტი არ შეესაბამება საქართველოში მოქმედ სასმელი წყლის ნორმებს.“
ადრე იყო სანეპიდსადგურები, რომლებიც გაუქმდა. უნდა შექმნილიყო ალტერნატიული სტრუქტურები, მაგრამ დღემდე არაფერი შეცვლილა.

თუმცა წყლის ხარისხის კონტროლით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ოფიციალური მონაცემები არ ასახავს რეალობას და ვითარება კიდევ უფრო მძიმეა. მანანა დევიძე, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ფონდი - კავკასიის ეკოლოგია“ ამბობს, რომ სოფლად სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგი, ფაქტობრივად, არ ხორციელდება, რისი მიზეზიც ყოფითი კულტურის დაბალი დონე, ფინანსური სიდუხჭირე და ლაბორატორიების ნაკლებობაა:

„ძვირად ღირებული - 800-1000 დოლარის ღირებულების - ტესტების გაკეთების შესაძლებლობა მოსახლეობას (განსაკუთრებით სოფლად) არ აქვს. ასევე პრობლემაა სინჯების ტრანსპორტირება. ანალიზი უნდა ტარდებოდეს ადგილზე სინჯის აღებისთანავე, წინააღმდეგ შემთხვევაში სწორი პასუხი არასწორი იქნება. ასევე პრობლემაა ლაბორატორიების სიმცირე. სულ ორი ლაბორატორიაა - ერთი თბილისში და ერთიც ქუთაისში. ადრე იყო სანეპიდსადგურები, რომლებიც გაუქმდა. უნდა შექმნილიყო ალტერნატიული სტრუქტურები, მაგრამ დღემდე არაფერი შეცვლილა.“

მანანა დევიძის თქმით, სასმელი წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად საჭიროა საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, ადგილზე ლაბორატორიების მშენებლობა და ნიტრატების გამოსავლენი იაფი ტესტების შემოტანა, თუმცა, დევიძის თქმითვე, ყველაზე მნიშვნელოვანია მომხმარებლებში საგანმანათლებლო საქმიანობის გაძლიერება და ყოფითი კულტურის ამაღლება, რის გარეშეც ვერ გაუმჯობესდება წყლის ხარისხი და წყაროზე ჩასვლაც დაკარგავს აზრს. შესაბამისად, წყარო, როგორც რომანტიკული შეხვედრების ადგილი, ბალადებსა და სიმღერებშიღა შემოგვრჩება.
XS
SM
MD
LG