Accessibility links

logo-print
თავიდან ვერ თანხმდებოდნენ და კამათობდნენ. შეხვედრის მონაწილეებს ერთმანეთის პოლიტიკური ტერმინოლოგიაც აღიზიანებდათ.

– ჩვენ თქვენს ქვეყანას არ ვაღიარებთ და, შესაბამისად, არც საზღვარს ვაღიარებთ, –ამბობს ერთი.
– მაშინ შეთანხმება ვერ მოხდება. ფაქტია, რომ კონტროლი დაკარგეთ მაგ ტერიტორიებზე, – პასუხობს მეორე.
– ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ დაცულნი და ეს, ალბათ, თქვენც გინდათ, – ერთვება საუბარში მესამე.
–გთავაზობთ შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც იზრუნებს უსაფრთხოებაზე. - ბოლოს მაინც შეთანხმდნენ.

ეს ყველაფერი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის ინსცენირებულ შეხვედრაზე ხდებოდა. ნამდვილი შეხვედრის მსგავსად, აქაც 4 მხარე იყო წარმოდგენილი და იმ საკითხების განხილვა მიმდინარეობდა, რომლებიც კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს. შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ნამდვილი წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ასეთი შეხვედრის იდეა სადამკვირვებლო მისიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართლოსის“ კონსულტაციების შემდეგ გაჩნდა, შეხვედრაში მონაწილეობა კი ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებმა ოსმა და ქართველმა ახალგაზრდებმა მიიღეს.

რაიმე მექანიზმები უნდა შემუშავდეს, რომ ამ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებლებს თანაცხოვრება გაუადვილდეთ. არ მინდა ეს თამაში მარტო თამაშად დარჩეს...
გიორგი სტეფნაძე ნიქოზელია, მან კარგად იცის თანასოფლელთა გასაჭირი. ამიტომ შეხვედრაზე მეორე მხარეს ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრას სთავაზობდა. ნიქოზის მცხოვრებთა ერთი ნაწილი, ცხინვალთან სიახლოვისა და იქ უსაფრთხოების გარანტიის არარსებობის გამო, საკუთარ მიწის ნაკვეთს ვერ ამუშავებს. ცალკე პრობლემაა ჩაკეტილი სარწყავი არხები. გიორგის აზრით, მშვიდობიანი მოქალაქეები პოლიტიკური თამაშების მსხვერპლნი არ უნდა გახდნენ.

„როგორც ვიცით, ოთხმხრივი შეხვედრები ძალიან ხშირად უშედეგოდ იმართება და არ ხდება გადაწყვეტილებების მიღება. ამ ჩვენი შეხვედრით გვინდა მათ დავანახვოთ მოსახლეობის რეალური პრობლემები. ძალიან ბევრი ოსი მონაწილე გვყავდა. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებმა გვირჩიეს, ამ შეხვედრის რეზიუმეს გავაკეთებთ და რეკომენდაციებს ჩამოვწერთ“, - ამბობს გიორგი სტეფნაძე.

ინსცენირებული შეხვედრის ბოლოს მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და გადაწყვიტეს, რომ ნამდვილ პოლიტიკურ მოთამაშეებს საკუთარი რეკომენდაციები შესთავაზონ. მაგალითად, შერეული ოჯახების წევრებს სპეციალურ საშვთა სისტემით მეორე მხარეს მყოფი ნათესავების მონახულების საშუალება მიეცეთ; მოსაზღვრე ქართულ–ოსურ სოფლებში კი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სპეციალური კომისია შეიქმნას, რომელიც უსაფრთხოების საკითხებში დაეხმარება სამართალდამცავებს.

პირადად მე ოსი დედა მყავს და ქართველი ვარ და ჩემთვის ოსებიც ისეთივე საყვარელი ადამიანები არიან, როგორც ქართველები...
მარი კაძილოვი სოფელ წითელუბანში ცხოვრობს, მეზობელ ოსურ სოფელ წინაგარაში ნათესავები ჰყავს, მაგრამ მათ მონახულებას ვერ ახერხებს. დვანის შეხვედრებით მარი დიდი ხანია დაინტერესებულია და ელოდება როდის მიიღებენ მხარეები გადაწყვეტილებას, რომ ნათესავებმა ერთმანეთის მონახულება შეძლონ.

„მართლა მინდა, რომ პოლიტიკური მიზეზების გამო უბრალო ხალხი არ დავზარალდეთ. რაიმე მექანიზმები უნდა შემუშავდეს, რომ ამ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებლებს თანაცხოვრება გაუადვილდეთ. არ მინდა ეს თამაში მარტო თამაშად დარჩეს და მინდა, რომ სულ ცოტა წვლილი შევიტანოთ ნამდვილ მოლაპარაკებებში და რამენაირად მივიდეს ჩვენი პოზიცია იმ მოლაპარაკებებამდე“, აცხადებს მარი კაძილოვი.

ქართულ–ოსური კონფლიქტით გამოწვეული ტკივილი ეთერ რომელაშვილმა საკუთარ ოჯახზე გადაიტანა. დედით ოსი და მამით ქართველი ახალგაზრდა კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე ოცნებობს:

„არ არსებოს ოჯახი, ვისაც ოსი ნათესავი არ ჰყავდეს ან პირიქით. ეს ორი ერი ერთმანეთთან ისე ახლოს არის მთელი საუკუნეების განმავლობაში, რომ უბრალოდ ერთი ხელის მოსმით კავშირების გაწყვეტა შეუძლებელია. პირადად მე ოსი დედა მყავს და ქართველი ვარ და ჩემთვის ოსებიც ისეთივე საყვარელი ადამიანები არიან, როგორც ქართველები. მე დევნილი ვარ, მაგრამ, მიუხედავად ყველა სიმწარისა, მაინც მსურს ურთიერთობის აღდგენა“, – ამბობს ეთერ რომელაშვილი.

„ქართლოსის“ ხელმძღვანელი მეგი ბიბილური აცხადებს, რომ ის პრობლემები, რომლებიც დვანის მოლაპარაკების პროცესში განიხილება, ახალგაზრდებს ძალიან აწუხებთ, ამ თამაშით კი მათ უნდოდათ ეთქვათ, რომ მშვიდობას და უსაფრთხოებას ალტერნატივა არა აქვს და კონფლიქტის მხარეებმა რიგით ადამიანებსაც უნდა მოუსმინონ.

„ პირველი მესიჯი ის იყო, რომ დროა ეს ადმინისტრაციული საზღვარი გაიხსნას. მეორე მესიჯი ის არის, რომ შერეული ოჯახების წარმომადგენლებს ნათესავების მონახულების საშუალება მიეცეთ. ზუსტად ამ ახალგაზრდებს სტკივათ ყველაზე მეტად, რადგან ესენი არიან ამ კონფლიქტის მონაწილეები და მსხვერპლნი, რადგან ესენი შერეული ოჯახების წარმომადგენლები არიან“, – აცხადებს მეგი ბიბილური.

ეგრეთ წოდებული საზღვრის გასწვრივ ადამიანების დაკავება, მიწის უსაფრთხოდ დამუშავება, ავადმყოფების ოპერატიული გადაყვანა, სარწყავი წყლის უქონლობა – ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელთა მოგვარებაზე ქართველი და ოსი ახალგაზრდები ერთობლივად ფიქრობენ. ევროკავშირის მონიტორებმა აღნიშნეს, რომ ინსცენირებული შეხვედრა ნამდვილს ძალიან ჰგავდა. რაც შეეხება რეკომენდაციებს, სადამკვირვებლო მისია მას მხარეებს ვერ წარუდგენს, მაგრამ მათ ინფორმირებას უზრუნველყოფს. ახალგაზრდები ამბობენ, რომ პროცესს არ ამთავრებენ და ასეთი სახის შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებენ. ინსცენირებული შეხვედრა შიდა ქართლში მცხოვრები ქართველი და ოსი ახალგაზრდების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში გაიმართა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG