Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანული ლიტერატურული პრემია ბელგრადში დაბადებულ ავტორს ერგო


ტეა ობრეხტი
ტეა ობრეხტი
ბელგრადში დაბადებული, ამჟამად კი აშშ-ში მცხოვრები 25 წლის მწერალი ქალი, ტეა ობრეხტი, თავისი სადებიუტო რომანის “ვეფხვის ცოლის” გამო ბრიტანული პრესტიჟული ლიტერატურული პრემიით - “ორინჯით” - დაჯილდოვდა. ობრეხტი ყველაზე ახალგაზრდა ავტორია, ვისაც ეს პრემია მიუღია.

“ვეფხვის ცოლი” - რომანი, რომელიც 1990-იანი წლების ბალკანეთის ომებზე მოგვითხრობს - პრესტიჟული ბრიტანული ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა.

რომანის ავტორი, ტეა ობრეხტი 25 წლისაა. ის ყველაზე ახალგაზრდა ავტორია, ვისაც კი ეს პრემია ოდესმე მიუღია.

პრემია ბრიტანეთის მობილური და საინტერნეტო ქსელების პროვაიდერმა, „ორინჯმა“ დააწესა და ის უკვე 16 წელია გაიცემა მთელი მსოფლიოს ქალ ავტორებზე.

ბელგრადში დაბადებული, 12 წლიდან კი აშშ-ში მცხოვრები ობრეხტისთვის “ვეფხვის ცოლი” პირველი რომანია.

აშშ-ის ლიტერატურულ წრეებში ობრეხტს ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევენ, თუმცა ამ გამარჯვებამ ბევრი მაინც გააკვირვა, თავად ავტორის ჩათვლით, რომელმაც 8 ივნისს ლონდონში, პრემიის გადაცემის ცერემონიაზე, აღიარა, ეს ამბავი რომ გავიგე, ადგილზე “გავხევდიო”.

30,000 გირვანქა სტერლინგის, ანუ თითქმის 50 ათასი დოლარის ოდენობის პრემიის სხვა პრეტენდენტები იყვნენ ემა დონოჰიუ, რომანით “ოთახი“, ამინატა ფორნა, რომანით “სიყვარულის მოგონება” და კიდევ სხვა მწერალი ქალები, მათ შორის - ემა ჰენდერსონი, ნიკოლ კრაუსი და კეთლინ ვინტერი.

ინგლისელი ისტორიკოსი და რადიოწამყვანი ბეტანი ჰიუ, რომელიც პრემიის გადაცემის ცერემონიას უძღვებოდა, ობრეხტის სადებიუტო რომანს “გამორჩეულ წიგნს” უწოდებს. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მან შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილება ასე ახსნა: “საბოლოო ჯამში, ობრეხტზე იმის გამო შევჩერდით, რომ ის ასეთი ორიგინალურია. ის მართლაც უაღრესად ორიგინალურია, ამაღელვებელი, თან ყველასათვის გასაგები. მართლაც შესანიშნავი წერის სტილი აქვს. ამასთან, ამ წიგნში გარკვეული ალქიმიაც არის. მას რომ წაიკითხავ, გეცვლება გარესამყაროზე წარმოდგენა და მისი აღქმა.”

“ვეფხვის ცოლში” მოქმედება ბალკანეთის გამოგონილ ქვეყანაში ადრეულ 1990-იან წლებში ხდება. ობრეხტი ერთმანეთს უხამებს რეალიზმს, მაგიურ თქმულებებს, ბავშვობის მოგონებებს და ფოლკლორს. რომანის მთავარი გმირი ახალგაზრდა ექიმია, რომელიც ომით გაჩანაგებული ბალკანეთის ქვეყნებში მოგზაურობს და ცდილობს თავისი პაპის იდუმალი სიკვდილის მიზეზები დაადგინოს.

გთავაზობთ რომანის ნაწყვეტს, რომელიც თავად ავტორმა წაიკითხა მინეაპოლისის ერთ-ერთ წიგნების მაღაზიაში ახლახან ჩატარებულ სალიტერატურო საღამოზე: “ჩემი ყველაზე პირველი მოგონებაა ქვასავით მელოტი პაპა, რომელსაც ვეფხვების სანახავად მივყავარ. იხურავს ქუდს, იცმევს უზარმაზარ ღილებიან ლაბადას. მე კი ლაქის ფეხსაცმელებსა და ხავერდის კაბაში ვარ გამოწყობილი. შემოდგომაა. ოთხი წლის ვარ. ყველაფერი ძალიან მყარი და სტაბილურია - პაპაჩემის ხელი, ტრამვაის სვლა, დილის ნოტიო ჰაერი, აღმართზე ხალხთან ერთად ასვლა და ციტადელის პარკში შესვლა.”

ობრეხტის ოჯახმა ბელგრადი ბალკანეთის ომის დაწყებისას დატოვა. აშშ-ში ჩასვლამდე ისინი კვიპროსსა და ეგვიპტეში ცხოვრობდნენ, სადაც ობრეხტი ბრიტანულ სკოლაში დადიოდა.

მწერლის თქმით, მისმა რომანმა მისი შერეული ეთნიკური წარმომავლობა აირეკლა: “მე იუგოსლავიაში დავიბადე, როცა ის იუგოსლავია იყო. ახლანდელ სერბიაში - ბელგრადში. სხვა ბევრი ხალხის მსგავსად, მეც ბევრი სხვადასხვა სისხლი მირევია. ნამყოფი ვარ ბოსნიაშიც; სახლი გვაქვს ხორვატიაშიც. [რომანში] მოქმედება ბევრ ამ ადგილას ვითარდება. ქალაქი, სადაც ვეფხვის სცენა თამაშდება, ბელგრადზე დაყრდნობით შევქმენი.”

“ორინჯის” ლიტერატურულმა პრემიამ ობრეხტს საბოლოოდ გაუმყარა ვუნდერკინდი მწერლის სტატუსი.

“ვეფხვის ცოლის” წერა მან 22 წლის ასაკში დაიწყო - კორნელის უნივერსიტეტში შემოქმედებითი წერის კურსის გავლისას. შარშან პრესტიჟულმა ჟურნალმა, “ნიუ-იორკერმა”, ობრეხტი 40 წლამდე ასაკის წამყვან 20 მწერალს შორის ყველაზე ახალგაზრდად დაასახელა.

“ვეფხვის ცოლს” ახლა ბევრ ენაზე გადათარგმნიან, მათ შორის -ობრეხტის მშობლიურ, სერბულ-ხორვატულზე.
XS
SM
MD
LG