Accessibility links

logo-print
ერთი კვირაა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქართველოს კონსერვატიული პარტიის წევრს, ლაშა ჩხარტიშვილს, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და მის მიმართ უცენზურო გამონათქვამების გამო ათდღიანი პატიმრობა შეუფარდა. პროტესტის ნიშნად დაკავებული შიმშილობს. დღეს კი, 11 ივნისს, საერთაშორისო „წითელი ჯვრის“ ორგანიზაციას ლაშა ჩხარტიშვილის სახელით მისმა ადვოკატმა, ქეთი ბექაურმა, მიმართა. ადვოკატი საერთაშორისო ორგანიზაციას სთხოვს, დაიწყოს მონიტორინგი დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი კანონიერი უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლის მიზნით. ანალოგიური თხოვნა უკვე გადაეგზავნა სახალხო დამცველსაც. ქეთი ბექაურის შეფასებით, დროებითი მოთავსების იზოლატორში ლაშა ჩხარტიშვილი სასტიკ, პატივისა და ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფება.

უწმაწური სიტყვა მას არანაირი არ უხმარია და არ გამოუყენებია და მისი ლექსიკონი, მისი ლექსიკა ამას არ ითვალისწინებს...
კონსერვატიული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი სამართალდამცავებმა მიმდინარე წლის 5 ივნისს რამდენიმე პირთან ერთად მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ რუსთაველის გამზირზე, რენი ჰარლინის ფილმის - ”აგვისტოს 5 დღის” - პრემიერის ფონზე, საპროტესტო აქციის მოწყობა სცადეს.

ინციდენტი პირველ საჯარო სკოლასთან მოხდა. დაგეგმილი საპროტესტო აქცია, რომელიც 26 მაისს სპეცოპერაციის დროს დაღუპულთა და დაშავებულთა სოლიდარობის მიზნით უნდა გამართულიყო, პოლიციამ აქციის დასაწყისშივე აღკვეთა. აქციის მონაწილეებს ხელთ ჰქონდათ პლაკატები, მათ შორის - ”აგვისტოს დღეები სააკაშვილისთვის დღესასწაულია, საქართველოსთვის კი - ტრაგედია.” მოგვიანებით საპატიმროდან გავრცელებულ განცხადებაში ლაშა ჩხარტიშვილი განმარტავდა, რომ უცენზურო გამონათქვამად სწორედ მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო შეძახილები ჩაუთვალეს. ნანა კაკაბაძე, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის”, ამბობს:

”უწმაწური სიტყვა მას არანაირი არ უხმარია და არ გამოუყენებია და მისი ლექსიკონი, მისი ლექსიკა ამას არ ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, ის თვლის, მე ბრალად მედება ის, რომ ვახსენე სააკაშვილის გვარი: ”ძირს სააკაშვილის რეჟიმი და თქვენ ხართ სააკაშვილის მონებიო.”

ლაშა ჩხარტიშვილის დაკავების ფაქტობრივი გარემოებები - მათ შორის, ისეთი ქმედებები, როგორიცაა მისი დაკავება სამოქალაქოფორმიან პირთა მიერ, შიდა ქართლის რეგიონის დროებითი მოთავსების იზოლატორში, ქალაქ გორში გადაყვანა ისე, რომ პატიმრის ადგილსამყოფლის შესახებ არ შეატყობინეს არც ოჯახს და არც დაცვის მხარეს და სხვა - უკვე გახდა უფლებადამცავთა მსჯელობის საგანი. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ლაშა ჩხარტიშვილის დარღვეული უფლებების აღსადგენად დაცვის მხარე საჩივრით ევროპულ სასამართლოს მიმართავს. 10 ივნისს გორის სამხარეო პოლიციის წინ ლაშა ჩხარტიშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობდა ლაშა ჩხარტიშვილის ადვოკატი ქეთი ბექაურიც, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკური პატიმარია და, შესაბამისად, მისი უფლებები საპატიმროშიც - ეგრეთ წოდებულ სამარტოვო საკანშიც - ირღვევა:

ყველა პატიმარი არის თანაბარ უფლებებში, ყველა სასჯელს იხდის ერთნაირ საკანში, არ არსებობს გამორჩეული პატიმარი...
”ელემენტარულად საკანში არ არის ვენტილაცია, არ არის პირსაბანი, ის არ გაჰყავთ სასეირნოდ უკვე ერთი კვირა ხდება, მას არ მიეწოდება მასობრივი ინფორმაცია. პრესა არ შედის, საერთოდ; არანაირი ჰიგიენური პირობები არ არის დაცული, ოთახში დამონტაჟებულია ეგრეთ წოდებული ღია საპირფარეშო, ლაშა ჩხარტიშვილს მოყვანისთანავე ჩამოართვეს სიგარეტი. ყველანაირად შეზღუდულია.”

ქეთი ბექაური აღნიშნავს იმასაც, რომ, მიუხედავად მოთხოვნისა, მოშიმშილე პატიმართან ექიმს არ იძახებენ, მხოლოდ ერთხელ მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას კი ტკივილგამაყუჩებელი აბებიც კი არ აღმოაჩნდა.შესაბამისად, ადვოკატის შეფასებით, ლაშა ჩხარტიშვილი იმყოფება არასათანადო, სასტიკ და არაადამიანურ პირობებში და მის მიმართ ადგილი აქვს არაჰუმანურ, პატივისა და ღირსების შემლახველ მოპყრობას, რაც არის როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, საყოველთაო დეკლარაციისა და წამების საწინააღმდეგო კონვენციის დარღვევა.

სხვაგვარად აფასებენ ვითარებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში. როგორც სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა თეა სუხიშვილმა გვითხრა, ლაშა ჩხარტიშვილის უფლებები საპატიმროში დაცულია, ისევე როგორც ყველა სხვა პატიმრის უფლებები:

”მე შემიძლია გითხრათ, რომ ყველა პატიმარი არის თანაბარ უფლებებში, ყველა სასჯელს იხდის ერთნაირ საკანში, არ არსებობს გამორჩეული პატიმარი - არც პრივილეგირებული და არც დაჩაგრული პატიმარი. ყველა ერთ პირობაშია. რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებას, ესეც ანალოგიურად ყველა პატიმრისთვის ხელმისაწვდომია.”

ლაშა ჩხარტიშვილი საკანში სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმაც მოინახულეს. მათი დასკვნა უახლოეს ხანში გახდება ცნობილი. კონსერვატორ ლაშა ჩხარტიშვილს პატიმრობის ვადა 15 ივნისს ეწურება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG