Accessibility links

logo-print
ქართული პრესის მიმოხილვა მიმდინარე კვირის ორშაბათით დავიწყოთ. ამ დღეს, ანუ 6 ივნისს, პრესა, უმეტესად, წინა დღით თბილისში გამართულ კინოპრემიერასა და 26 მაისის ამბებზე წერდა. ეს თემები გასდევს მთელი კვირის ქართულ გამოცემებს.
”წითელი აგვისტო წითელ ხალიჩაზე” - ”24 საათის” ავტორი სტატიას ასე იწყებს: ”გუშინ თბილისში რაც ხდებოდა, ყველამ იცის - მათაც, ვისთვისაც შერონ სტოუნის სახელი მხოლოდ ყინულის სამტვრევი დანით კაცებზე მონადირე ქალს ნიშნავს. ენდი გარსია კი ის არის, "მოდილიანიში" რომ თამაშობს. რენი ჰარლინის შესახებ მხოლოდ ორი წლის წინ, დღეს უკვე "აგვისტოს 5 დღედ" წოდებული (მისი სამუშაო სახელწოდება ჯერ "ჯორჯია", შემდეგ "წითელი აგვისტო" გახლდათ) ფილმის გადაღებების შემდეგ შეიტყვეს.

”კვირის პალიტრაში” შალვა რამიშვილი წერდა, ”საქართველო ისე ხვდება ამ ფილმის პრემიერას, როგორც ნამდვილ ცუდ ქვეყანას შეეფერებაო”.

”ასავალ-დასავლის” პირველი გვერდი მთლიანად ფოტომონტაჟს ეკავა, რომელზეც გამოსახული იყო საქართველოს პრეზიდენტი შერონ სტოუნთან ერთად პრეზიდენტის სასახლეში, ქვევით კი - 26 მაისის ღამით რუსთაველის გამზირზე ხელებშეკრული, ნაცემი ადამიანები. ფოტოს ახლდა წარწერა: ”სიკვდილის პრემიერა!”. ამ დღეს სხვა გაზეთებიც ბევრს წერდნენ ფილმის პრემიერაზე.
”ხორცი სისხლის ფასად” - ასეთი სათაური ჰქონდა ”რეზონანსის” მეწინავე სტატიას. 7 ივნისს, სამშაბათს, ავტორი სტატიას დეზერტირების ბაზრიდან რეპორტაჟით იწყებდა, სადაც ის გამყიდველს ღორის ხორცის ფასს ეკითხებოდა. პასუხი იყო: 17 ლარი. გაზეთი წერდა: „ხორცის გაძვირების ერთ-ერთ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ”იბერმით ჯორჯია” მონოპოლისტია და ფასებს ხელოვნურად ზრდის, რათა გაყინული ხორცის ჩავარდნილი ბიზნესი წაახალისოსო”.

ქართული გაზეთები სამშაბათს ბევრს წერდნენ მსახიობ და რეჟისორ სოსო ჯაჭვლიანზე, რომელიც იმ დროისთვის მეცამეტე დღე იყო შიმშილობდა და, ”რეზონანსის” ცნობით, 16 კილოგრამი ჰქონდა დაკლებული. ”ალიამ” მის ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ის ამბობს: ”კაცი ტყუილუბრალოდაა დაჭერილი, გაასაჩივრა კიდეც თავის დროზე სააპელაციო სასამართლოში, საიდანაც პასუხი არ ისმისო”.

„საეჭვო რევიზია ”მედიაპალიტრაში” - დალუქულია გამომცემლობა და საწყობები“ - სტატიაში, რომელსაც გაზეთი ”რეზონანსი” 8 ივნისს აქვეყნებს, მედიასახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მარიკა დარჩია აღნიშნავს, „მედიაპალიტრის“ ერთდროულად 6 ობიექტის შემოწმება კითხვებს აჩენს და, შესაძლოა, ირიბ გაფრთხილებადაც იქნეს აღქმულიო. ”ჯერჯერობით პირდაპირ კავშირზე 26 მაისის აქციის დარბევის გაშუქებასთან ვერ ვილაპარაკებთ, მაგრამ ეჭვის საფუძველსაც ვხედავთ”, -უთხრა მარიკა დარჩიამ ”რეზონანსს”.

ვის ოჯახში იმყოფებოდა 26 მაისის აქციის შემდეგ ბადრი ბიწაძე სადახლოში და რა კრიმინალურმა ფაქტებმა დააკავშირა ბიწაძეები მამედოვებთან”- ამ თემის დეტალებს გაზეთი ”ვერსია” გვთავაზობდა. გაზეთის წყაროს თანახმად, ბადრი ბიწაძე, მისი მძღოლი და დაცვის წევრები - სულ 8 კაცი - სადახლოში, მამედოვების ოჯახში, 26 მაისს გამთენიისას, 4 საათზე, ნახეს. წყაროს მტკიცებით, ბადრი ბიწაძე თანმხლებ პირებთან ერთად სადახლოში 2 საათით გაჩერდა. დილით კი, გათენდა თუ არა, ეზოდან ორი ჯიპი გამოვიდა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა.
„აფხაზეთი კრემლს სოხუმის აეროპორტს სთავაზობს“ - სტატიაში, რომელსაც გაზეთ ”24 საათში” გაეცნობოდით, ოთხშაბათს ნათქვამი იყო, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ რუსეთს სოხუმის აეროპორტი სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის განმავლობაში სათადარიგო დანიშნულებით შესთავაზა. გაზეთი შენიშნავს იმასაც, რომ, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, აფხაზეთი საერთაშორისო ფრენებისთვის დახურული ზონაა და, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო სტატუსი მოეხსნა.

9 ივნისის ქართული პრესა ბევრს წერდა „მედიაპალიტრასთან“ ჩატარებული სოლიდარობის აქციის შესახებ. „ ‘პალიტრაში’ შემოსავლების სამსახურის შესვლას 26 მაისის დარბევის ფაქტის ობიექტურად გაშუქებას უკავშირებენ და იმედი აქვთ, რომ ეს მხოლოდ ვარაუდი იქნება და "მედიაპალიტრას" არაფერი დაემუქრება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით "არ დავთმობთ "პალიტრას" / პრევენციული აქცია "მედიაპალიტრის" დასაცავად/“.

”მტკვარმა გაუჩინარებული მომიტინგეების გამორიყვა დაიწყო?“ - ასეთი კითხვითი წინადადებითაა დასათაურებული 10 ივნისს გამოსული „რეზონანსის“ მეწინავე სტატია, რომლის ავტორი ეყრდნობა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილისა და საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმის“ ვარაუდებს. "საქინფორმის" რედაქციისათვის სატელეფონო შეტყობინებით ცნობილი გამხდარა, რომ მცხეთაში ერთ-ერთი ხიდის ქვეშ ნაპოვნია პლასტმასის ხელბორკილდადებული 4 გვამი, თუმცა სტატიაში ისიცაა ნათქვამი, რომ ამ ინფორმაციას არ ადასტურებს მცხეთა-მთიანეთის სამაშველო სამსახურის უფროსი გია აბუაშვილი, რომლის თქმითაც, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მდინარემ მხოლოდ ერთი ადამიანის ცხედარი გამორიყა.

ასევე „რეზონანსში“ ნახავთ ვრცელ სტატიას ყოველთა სომეხთა კათალიკოსის გარეგინ მეორის სტუმრობაზე საქართველოში. გაზეთის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება სადავო ეკლესიებისა და საქართველოში სომხეთის ეკლესიის იურიდიული სტატუსის საკითხები.

გაზეთმა „ვერსიამ“ კი გამოაქვეყნა ინტერვიუ პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანთან, რომელიც არ გამორიცხავს ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ „რვიანთან“ შეთანხმების შესაძლებლობას: „მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. იმედი მაქვს, ზაფხულში შევთანხმდებით. პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ განცდა, რომ საარჩევნო სია სრულყოფილია.“ ინტერვიუს მიხეილ მაჭავარიანთან 10 ივნისის „ვერსიაში“ წაიკითხავდით.

შაბათის - 11 ივნისის - „რეზონანსი“ იხსნება სტატიით ”საატესტატო გამოცდებზე მოსწავლეთა 13 %-ი ჩაიჭრა”. სტატიიდან შეიტყობდით, რომ წელს ატესტატის გრეშე სკოლადამთავრებულთა 13 % - დაახლოებით 6 ათასი მოზარდი - დარჩა. „რეზონანსთან“ საუბარში გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე სოსო გოგილიძე ამბობს, რომ ასეთი შედეგი მოსალოდნელი იყო, რადგან დამამთავრებელი კლასების წავლებაში ჯერჯერობით ბევრი ხარვეზი რჩება.

„ახალი თაობა“ ექსპერტ ლადო პაპავასთან ინტერვიუს სთვაზობს მკითხველს. ინტერვიუში, რომელიც მრავალ ასპექტს ეხება, ლადო პაპავა ერთ კითხვასაც სვამს: გაგვაგებინეთ, რა სახსრებით შენდება ახალი პარლამენტის შენობაო.
XS
SM
MD
LG