Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განახლებული ეროვნული გალერეა - ”წითელი ხალიჩის” ალტერნატივა


”აგვისტოს 5 დღის” პომპეზური პრემიერა, ”წითელი ხალიჩის” გაშლა რუსთაველის პროსპექტზე, ქართული კულტურის ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას - რვა წლის წინ დახურული ეროვნული გალერეის გახსნას - დაემთხვა.

შერონ სტოუნის და ენდი გარსიას სტუმრობამ არა მარტო დაჩრდილა ღონისძიება, რომელსაც ხელოვნების მოყვარულები რვა წელია ელოდნენ, არამედ პრობლემაც შეუქმნა გალერეის გახსნის ცერემონიალზე დაპატიჟებულ მხატვრებს, ხელოვნების კრიტიკოსებს - რუსთაველის პროსპექტი გადაიკეტა და გალერეამდე მისვლა ძალიან გართულდა. ამას დაემატა მიხეილ სააკაშვილის სტუმრობაც - პრეზიდენტმა ჯერ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის განახლებულ შენობაში "არქეოლოგიური საგანძურის" გამოფენა გახსნა.

მუზეუმში შესვლისას პრეზიდენტმა წითელი ლენტი გაჭრა და ქართული ოქრომჭედლობის ნიმუშები დაათვალიერა.
ამის შემდეგ პრეზიდენტმა ეროვნული მუზეუმის გალერეის განახლებული შენობა გახსნა. გალერეის გახსნა აღინიშნა გამოფენით - "ქართული სახვითი ხელოვნების შედევრები - XX საუკუნის I ნახევარი".

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ეროვნული გალერეა 2007 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში გაერთიანდა.

შენარჩუნდა 1888 წელს აგებული შენობის ისტორიული თავისებურებები, თუმცა შიდა სივრცე მთლიანად გადაკეთდა და მოეწყო ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გალერეა. შეიქმნა 7 ახალი საექსპოზიციო დარბაზი და საგამოფენო-სასწავლო სივრცე. სანამ პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, რადიო თავისუფლება ესაუბრა ”ცისფერი გალერეის” მაშინდელ დირექტორს, ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კორძახიას, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა:

“ზალცმანის მიერ აშენებული შენობა აბსოლუტურად ოპტიმალურია იმისთვის, რომ იქ საექსპოზიციო საქმიანობა მიმდინარეობდეს, მაგრამ არ არის სათანადო განათება, დაცვისა და გათბობის სისტემა. გარდა ამისა, ის მიშენება, უკანა ნაწილი... მან სრულიად დაანგრია ქვედა სართული. საგამოფენო სივრცე უფრო სრულფასოვანია, მაგრამ ძალიან ნესტიანია.”

ქეთევან კორძახიამ მაშინ ფონდებიდან ნამუშევრების გამოფენის პრობლემებზეც ისაუბრა:

“ფონდების ამბავი, მართლაც, საინტერესოა, კატასტროფული არ არის... საბჭოთა პერიოდში იყო ორი ორგანიზაცია, რომელიც თანამედროვე ქართველ მხატვართა ნამუშევრებს იძენდა – ეგრეთ წოდებული “ხუდფონდი” და “კულტურის სამინისტრო”... “ხუდფონდს” ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ისედაც ჰქონდა ამ ნამუშევრების ჩამოწერის უფლება, მით უმეტეს, როცა დაინგრა საბჭოთა კავშირი, ეს ქონება სრულიად განიავდა. ერთადერთი, სადაც დარჩა ეს მხატვრობა, არის საქართველოს ეროვნული გალერეის ფონდი – ეს არის კულტურის სამინისტროს მიერ შეძენილი ნამუშევრები და ერთადერთი ფონდი, რომლითაც შეიძლება თანამედროვე ქართული მხატვრობის იმიჯის შექმნა.”

”თანამედროვე მხატვრობის იმიჯი” - ამაზე საუბრობდა ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კორძახია 5 წლის წინ და ამაზე საუბრობს ახლა საქართველოს პრეზიდენტიც, რომელმაც ეროვნული გალერეის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა:

”პირველად შევქმენით დიდი სამუზეუმო ცენტრი საქართველოს ისტორიაში. რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერ პოლიტიკოსს შევხვდი, რომელმაც მითხრა, რომ ვერავინ წარმოიდგენდა, ორი წლის განმავლობაში საქართველო, რომელმაც გადაიტანა დამანგრეველი შემოტევა, ქვეყანა, რომელიც ასეთ უბედურებაში მოხვდა, ასეთ უფსკრულში ჩავარდა, ახერხებს რადიკალურ შემობრუნებას და სწრაფადგანვითარებად ქვეყნად ქცევას.”

ამის მიზეზი კი ქართული კულტურა და ისტორიააო, აღნიშნა პრეზიდენტმა და გაიხსენა რამდენი მუზეუმი გაიხსნა საქართველოში მოკლე დროში. თუმცა განსაკუთრებული მადლობა მაინც ქართველ ძალოვანებს გადაუხადა.. ასე გამოვიდა.. რომ არა ძალოვანები, ასეთი გალერეის გახსნა გართულდებოდა.

ექსპოზიცია, რომლის ხილვაც გალერეაში დღეიდან კიდევ 6 თვე იქნება შესაძლებელი, ყველა იმ ქართველ და არაქართველ მხატვარს აერთიანებს, რომელთაც XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნება შექმენს. ცენტრალური ადგილი, ცხადია, ფიროსმანს უჭირავს - ექსპოზიციის ერთი დიდი ნაწილი. მეორე მხარეს ლადო გუდიაშვილისა და დავით კაკაბაძის ფერწერაა გამოფენილი, სხვა დარბაზში - სოლიკო ვირსალაძის, ირაკლი გამრეკელის, ელენე ახვლედიანის ნამუშევრები. წარმოდგენილია გიგო გაბაშვილი, კირილე ზდანევიჩი, შალვა ქიქოძე, დიმიტრი შევარდნაძის პორტრეტები. უფრო მეტიც, სოცრეალიზმიც არის - უჩა ჯაფარიძის ნამუშევრები.

ჯერჯერობით გალერეის კონცეფციაზე საუბარს ერიდებიან. გალერეას მხოლოდ ტექნიკური შტატი ჰყავს და ხელოვნების ისტორიკოსების, კრიტიკოსების აქტიური ჩართვა ეროვნული გალერის მუშაობაში უახლოეს ხანში უნდა მოხდეს. თავად ექსპოზიცია, რომელიც 5 ივნისს გაიხსნა, კიდევ ექვს თვეს იქნება გახსნილი. თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ნამუშევრები ფონდებიდანაა გამოტანილი და, წესით და რიგით, ეროვნულმა გალერეამ არა მარტო ქართული მხატვრობის კლასიკოსთა ნამუშევრები, არამედ ცოცხალი კლასიკოსები, ახალგაზრდებიც უნდა გამოფინოს. ასეა მთელ მსოფლიოში - ასეთი ტიპის სამხატვრო დარბაზები ცოცხალი სივრცეა, რომელიც მუდმივად იცვლება და არა თუნდაც 6 თვეში ერთხელ. ამაზე საუბრობდა რადიო თავისუფლების ეთერში ”ცისფერი გალერეის” მაშინდელი დირექტორი ქეთევან კორძაია. ახლა გალერეას ახალი ხალხი უხელმძღვანელებს, თუმცა გადაიქცვევა თუ არ კულტურული ცხოვრების, ცოცხალი ცხოვრების კერად, ამას მომავალში შევიტყობთ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG