Accessibility links

„სულ ცოტათი“ გაორმაგებული სამხედრო მისია ავღანეთში


ქართველი ჯარისკაცების გაცილება ავღანეთში. თბილისი, 7 აპრილი, 2010

ქართველი ჯარისკაცების გაცილება ავღანეთში. თბილისი, 7 აპრილი, 2010

საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ცდილობს ყველაფერში პირველი იყოს, მალე ავღანეთის სამშვიდობო მისიაში შეტანილი წვლილითაც გამოიჩენს თავს. გავრცელებული ინფორმაციით, ნატოს სარდლობამ დააკმაყოფილა საქართველოს ხელისუფლების დაჟინებული თხოვნა და მომავალ წელს მრავალეროვნულ კონტინგენტში გაამწესებს კიდევ ერთ ქართულ ქვედანაყოფს. საუბარი მიდის დამატებით ბატალიონზე, დაახლოებით 650 ჯარისკაცზე. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველო გაუსწრებს ავსტრალიას - ქვეყანას, რომელსაც, როგორც ნატოს არაწევრ სახელმწიფოს, პირველი ადგილი უჭირავს ქვედანაყოფის რიცხოვნებით (ISAF-ში) ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში. ქართულ საზოგადოებას, ჭრელ პოლიტიკურ სპექტრსა და არასამთავრობო სექტორს ხელისუფლების ასეთ გადაწყვეტილებაზე ჯერჯერობით არანაირი რეაქცია არ ჰქონია. ქართველი კანონმდებლები კი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მზად არიან უპირობოდ დაუჭირონ მხარი საქართველოს პრეზიდენტის ახალ ავღანურ ინიციატივას, როგორც ქვეყნის ეროვნული ინტერესებისათვის უკიდურესად მნიშვნელოვან ნაბიჯს.

ვერც ერთ ოფიციალურ საიტზე, ვერც ერთ საჯარო ინფორმაციაში და ვერც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში თქვენ ვერ ამოიკითხავთ, თუ რა უჯდება საქართველოს მოსახლეობას 970-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურის შენახვა ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში. უცნობია კონტრაქტის პირობები, რომელიც განსაზღვრავს დამქირავებლის, სახელმწიფოსა და დაქირავებულის - სამხედრო მოსამსახურის - ვალდებულებებსა და უფლებებს როგორც ჯარისკაცის ავღანეთის სამშვიდობო მისიაში გაგზავნის, ისე სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. აქ იგულისხმება არა მხოლოდ ხელფასი, სამედიცინო დაზღვევა და სრული კმაყოფა, არამედ ომის მონაწილის სტატუსი, იაფი კრედიტი, სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა სახელმწიფოს ხარჯზე; არავინ იცის, რამდენმა ავღანეთგამოვლილმა ჯარისკაცმა მოისურვა სამხედრო სამსახურში დარჩენა და რამდენი უზრუნველყო სახელმწიფომ სხვა სამსახურით კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ; არავინ გაგცემთ პასუხს, თუ რატომ არის ასე მკაცრად გასაიდუმლოებული ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სამშობლოში ჩამოსვენებისა და მათი დაკრძალვის ინფორმაცია, რამდენი უღირს დაღუპული ჯარისკაცი სახელმწიფოს, რამდენად ზრუნავს მათ ოჯახებზე და, საერთოდ, რას ფიქრობენ დაღუპული ჯარისკაცების მშობლები, როდესაც მათ სახლში საპატიო ყარაულს სახელმწიფო დროშაგადაფარებული კუბო მიაქვს.

„ქართველი ჯარისკაცი უნდა ემსახუროს თავის ქვეყანას, დედიკო. არა, შვილო, ყველამ დაიცვას თავისი ქვეყანა“, - ეს კაპრალ გიორგი ავალიანის დედაა, რომელსაც 22 თებერვალს მიუვიდა ცნობა შვილის დაღუპვის შესახებ. ჯარისკაცი ჰელმანდის პროვინციაში დაიღუპა საბრძოლო მოვალეობის შესრულების დროს.

კაპრალი გიორგი ავალიანი მშობლიურ სოფელ ციხესულორში პირველ მარტს დაკრძალეს. სამწუხაროდ, გიორგი ავალიანი არ არის უკანასკნელი ჯარისკაცი, ვინც ავღანეთში დაიღუპა. ბოლო ქართველი ჯარისკაცი ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, 27 მაისს დაიღუპა პატრულირების დროს, ნაღმზე აფეთქების შედეგად. მაგრამ საქართველოში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ, უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიძე საქართველოში უხმაუროდ გადაასვენეს და მიაბარეს მიწას.

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ცენტრალურ არხებს, რომლებიც, ტრადიციულად, დიდ ადგილს უთმობენ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარ საზარელ მკვლელობებსა თუ მსხვერპლით დასრულებულ არასწორ მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებებში, არ უჩვენებიათ არც ჯარისკაცის ჩამოსვენება ავღანეთიდან და არც მისი მხედრული პატივით დაკრძალვა, რის ჩვენება არც შიდა კანონით იკრძალება და არც საერთაშორისო ვალდებულებით. სამაგიეროდ, ყველა ნაციონალურმა ტელეარხმა აჩვენა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 9 ივნისის შეხვედრა ბრიუსელში ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდალ, გენერალ დევიდ პეტრეუსთან. შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ საქართველო აპირებს მნიშვნელოვნად გაზარდოს საკუთარი მონაწილეობა ავღანეთში:

„განვიხილეთ ავღანეთის ოპერაცია, მიმდინარე საკითხები. ჩვენი მონაწილეობა, როგორც მოგეხსენებათ, ორმაგდება [ავღანეთში]. ამავე დროს ტრეინერები არიან წარგზავნილი, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ISAF-ის ოპერაციაში.“

ავღანეთში ქართული კონტინგენტის გაზრდა არ ყოფილა მოულოდნელი და ახალი. მანამდე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დაჰპირდა ქართული ქვედანაყოფის გაზრდას, რაც „საქართველოს ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის ISAF-ში ყველაზე დიდ კონტრიბუტორად გახდიდა.“

მაგრამ ჩანს, რომ საქართველო მხოლოდ ავსტრალიის უკან ჩამოტოვებით არ დაკმაყოფილდება. ზემოხსენებულ განცხადებაში მინისტრი ახალაია აშკარად „მონაწილეობის გაორმაგებაზე“ ლაპარაკობს. ხოლო რაკი ამ დროისათვის საქართველოს ავღანეთში 970-მდე სამხედრო მოსამსახურე ჰყავს, გაორმაგების შემთხვევაში, ის არა მხოლოდ ავსტრალიას, არამედ შეიძლება თურქეთსაც დაეწიოს და გაუსწროს.

ეს გამალებული ლტოლვა ISAF-ში პირველობისაკენ საქართველოს სახელისუფლებო წრეებში ძირითადად საქართველოსათვის უსაფრთხოების მეტი გარანტიის მიღების სურვილითაა ნაკარნახევი, რის გამოც სხვა შეკითხვები იხსნება, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ მისიაში მონაწილეობა არის მხოლოდ და მხოლოდ მოხალისეობრივ პრინციპზე დაფუძნებული, ამით იხსნება ადამიანური უსაფრთხოების კუთხით დასასმელი კითხვები და პრობლემა ამ ასპექტისა თავისთავად იხსნება“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა, რომელიც ფიქრობს, რომ ქართული კონტინგენტის მისია კოორდინირებულია აშშ-სა და ნატოსთან და მისი ვადები და მოდალობებიც მაქსიმალურად ცივილიზებულადაა დადგენილი:

„და მესამე: უშუალოდ საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორობა - მათ შორის, წვლილის შეტანა ისეთი პრობლემების მენეჯმენტში, რომელიც შეერთებული შტატებისა და ნატოს სხვა წევრებისათვის უსაფრთხოების საკითხს წარმოადგენს - არის აუცილებელი და გარდაუვალი და მომდინარეობს უშუალოდ ჩვენი, საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან.“

ეს არის ის მიზეზები, რომლებითაც საქართველოს მმართველი უმრავლესობა და ხელისუფლება ამართლებენ საქართველოს მზარდ ყოფნას ავღანეთში, მაშინ როცა არ მოხსნილა არც ერთი ის პრობლემა, რაც საკუთრივ საქართველოს უსაფრთხოების წინაშე დგას 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ. მაგრამ არ ჩანს საპირისპირო არგუმენტები საზოგადოებიდან, მწვავე შეკითხვები, მძლავრი პროტესტი, რაც, ჩვეულებრივ, ახლავს ხოლმე დემოკრატიულ ქვეყნებში ჯარის საერთაშორისო ოპერაციებში გაგზავნის გადაწყვეტილებას. ყველაფერს წყვეტს ერთი კაცი, რომელიც დარწმუნებულია, რომ მეტი ჯარი ავღანეთში და მეტი მსხვერპლი კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს:

„ჩვენ გვყავდა მსხვერპლი ავღანეთში. ბოლო ჩვენი მებრძოლი ვანში გუშინ დავასაფლავეთ, როგორც იცით, ვინც იქ [ავღანეთში] ბოლოს დაიღუპა. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ შეიარაღებული ძალებისათვის ყველა ასეთი დანაკარგი - და ეს არის დანაკარგი ქვეყნისთვის და შეიარაღებული ძალებისათვის - უნდა იყოს საწინდარი უფრო მეტი გაძლიერების, უფრო მეტი სულისკვეთების. და, საბოლოოდ, ჩვენ ყველა ერთ საქმეს ვემსახურებით,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 1 მარტს, მას შემდეგ, რაც ავღანეთში დაღუპული, რიგით მეშვიდე ქართველი ჯარისკაცი მიაბარეს უხმაუროდ საქართველოს მიწას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG