Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის მე-16 რაუნდისა და ფასის მატების კვირა


გასულ კვირას განხილვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო აქტუალური თემა ფასების მატება გახლდათ. ამჯერად საქონლის ხორცის ფასმა მოიმატა 3-4 ლარით. ხორცის გამყიდველები და ხორცის მაღაზიის მფლობელები ფასის მატებას სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემოღებულ ახალ რეგულაციას უკავშირებდნენ, რომლის მიხედვითაც, თბილისში ხორცი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდება, თუკი ის სპეციალურ სასაკლაოზე დაიკვლება. ფასების გაძვირების შემდეგ თბილისის ბაზრების ის დახლები, სადაც საქონლის ხორცი იყიდება ხოლმე, დაცარიელდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო კი აცხადებდა, რომ ფასების მატებას ახალ რეგულაციებთან კავშირი არა აქვს და ხორცის დეფიციტი ხელოვნურად იყო შექმნილი.

7 ივნისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-16 რაუნდზე საქართველოს დელეგაციამ ერთადერთი საკითხი დააყენა - რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილი და განხორციელებული ტერაქტები. ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ თუ ტერაქტების მცდელობები გაგრძელდებოდა, საქართველო შეწყვეტდა მონაწილეობას ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესში. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა რადიო თავისუფლებას აუხსნა, თუ რატომ დადგა დემარშის საჭიროება სწორედ ახლა.

კვირის დასაწყისში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციური პარტიების გაერთიანებამ საზოგადოებას მოქმედების გეგმა გააცნო. ხელისუფლებასთან წარმოებული მოლაპარაკების ჩიხში შესვლის შემდეგ ეგრეთ წოდებული ოპოზიციური „რვიანი“ სამართლიანი არჩევნების მოსაპოვებლად მშვიდობიანი და მასშტაბური სამოქალაქო მოძრაობის დაწყებას აპირებს. დაიგეგმა საერთო სახალხო გამოკითხვის - პლებისციტის - ჩატარებაც. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, თუ რა უფლებებს ართმევს ხელისუფლება მათ, როცა უარს ამბობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე.

7 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ბადრი ბიწაძეს, გირაოს - 100 000 ლარის - გადახდის ვადა ამოეწურა. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მეუღლეს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წაუყენა, თუმცა იმავე დღეს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენება მოითხოვა. ბიწაძის მეუღლემ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და „სახალხო კრების“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, ცალსახად თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა:

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის გაგი მოსიაშვილის თქმით, მსგავს შემთხვევაში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მოქმედების თავისუფლებას პროკურატურას უტოვებს:

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ რაც შეეხება, მათ 10 ივნისს ”თბილისი მარიოტში” მოაწყვეს სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების სამართლებრივი ანალიზის პრეზენტაცია. ეს კვლევა 24 გახმაურებულ საქმეს მოიცავს და ყურადღებას ამახვილებს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელებისას მთელ რიგ სერიოზულ ხარვეზებზე სწორედ იმ პირთა მიმართ, რომლებიც ან პოლიტიკური პარტიის წევრები არიან, ან აქტივისტები, ან, სულაც, რომელიმე პოლიტიკოსის ნათესავები. საიას სამართლის იურისტი ეკა ხუციშვილი ამბობს, რომ მათი რეკომენდაციები ეხება როგორც საკანონმდებლო სისტემის დახვეწას, ისე უკვე არსებული კანონის პრაქტიკაში სწორად გატარებას:

მთელი კვირის განმავლობაში ერთ-ერთი აქტუალური თემა იყო ”მედიაპალიტრის” ერთდროულად 6 შპს-ში შემოსავლების სამსახურის გამოჩენა და 4 კომპანიის საწყობის დალუქვა. „ინვენტარიზაციის მიზნით” დალუქული საწყობები მეორე დღეს გაიხსნა, მაგრამ მედიაჰოლდინგის წარმომადგენლები მაინც გამოთქვამდნენ ეჭვს, ხომ არ არის ეს მიზანმიმართული მცდელობა მოხდეს მედიასახლზე გარკვეული ზეწოლაო.

კვირის ბოლოს კი იპოდრომზე მუსიკალური ფესტივალი "თბილისი Open Air" დაიწყო. მასში 20 მუსიკალური ბენდი იღებდა მონაწილეობას საქართველოდან, ბელგიიდან, საფრანგეთიდან და ინგლისიდან.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG