Accessibility links

logo-print
„ცხინვალს დავულოცოთ იმედი, ცხინვალელს - მომავლის რწმენა,
ღმერთმა დაბრუნება ინებოს, ჭირი გადაგვექცეს ლხენად. ქართულ სულს, ქართულ ჯიშს, ქართულ გენს, ნათელი გაუთენდეს დილა. ცხინვალო, ჩვენს გულში კიაფობ, ცხინვალი ჩვენ ყველას გვტკივა.“

ცხინვალზე სიმღერა მაყვალა ბერიშვილმა დევნილობაში დაწერა. იგი ქალთა სამშვიდობო მოძრაობის წევრია. მოძრაობა „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ 2008 წლის დასაწყისში შეიქმნა, მაგრამ იმ დროისთვის ჯერ კიდევ სუსტმა ორგანიზაციამ ხელი ვერ შეუშალა ომის დაწყეებას. აგვისტოს ომის შემდეგ ეს მოძრაობა უფრო გააქტიურდა და საქართველოს თითქმის ყველა ქალაქი მოიცვა.

„გავერთიანდეთ მშვიდობიანი მომავლისათვის!“ – ამ მოწოდებით ქალები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან გორში შეიკრიბნენ. დაახლოებით 350-მა ქალმა როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ხელისუფლებას, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რეჟიმებს მოუწოდა, რომ ყველაფერი გააკეთონ დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად და სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში რაც შეიძლება მეტი ქალი ჩართონ. ქალთა ფორუმს „ქალთა პარტიის“ ლიდერი გუგული მაღრაძეც დაესწრო. მისი აზრით, ქალთა მოძრაობის გაფართოება ხელისუფლებას აიძულებს,მათი მოსაზრებები გაიზიაროს.

ქალთა მოძრაობის ძირითად ბირთვს ცხინვალიდან და ლიახვის ხეობიდან დევნილი ქალბატონები წარმოადგენენ. ანალოგიური მოძრაობა ცხინვალშიც არსებობს. ქართველი ქალები ოს კოლეგებს რამდენჯერმე უკვე შეხვდნენ. როგორც მოძრაობის წევრები ამბობენ, შედეგები დამაიმედებელია. ნაზი ბერუაშვილი ლიახვის ხეობიდან დევნილია. მან აგვისტოს ომის დროს ყველაფერი დაკარგა, მაგრამ, ამის მიუხედავად, მიიჩნევს, რომ მშვიდობის მშენებლობას ალტერნეტივა არ გააჩნია.

ქართველ ქალთა ფორუმი, შვედური ორგანიზაციის „TVINNA TIL KVINNA”-ს მხარდაჭერით გაიმართა. შვედური ქალთა ორგანიზაცია ქართველ ქალებს 2 წელზე მეტია პროექტების მომზადებაში ეხმარება. ორგანიზაციის წევრი მარი ვირდემი მიიჩნევს, რომ ქართველ ქალთა მოძრაობა საკმაოდ ძლიერია და მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყვნენ ჩართულნი.

ქალთა სამშვიდობო მოძრაობის ლიდერი მანანა მებუკე მიიჩნევს, რომ ჩატარებულმა ფორუმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართველ ქალებს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარება სურთ და მზად არიან ამ პროცესში ჩასართავად.

ქალთა სამშვიდობო მოძრაობა შეხვედრების გამართვას საქართველოს სხვა ქალაქებშიც გეგმავს. ორგანიზაციის ლიდერების აზრით, მნიშვნელოვანია ქალების გაერთიანება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთიანი, ძლიერი ქალთა მოძრაობის ჩამოსაყალიბებლად.
XS
SM
MD
LG