Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში საპროტესტო გამოსვლებისას 25 ადამიანი დააკავეს


მედია იუწყება, რომ ჩინეთში პოლიციამ დააკავა 25 ადამიანი და გამოიყენა ცრემლმდენი გაზი საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა დასაშლელად ამ ქვეყნის სამხრეთში, სადაც, გუანდუნის პროვიციის ქალაქ სინტიანში, სამ დღეს გრძელდებოდა არეულობა. ჩინეთიდან ბოლო ხანს არაერთი ცნობა გავრცელდა სოციულური უთანასწორობით, ოფიციალური პირების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, კორუპციის და დაბალი ხელფასებით უკმაყოფილი ხალხის გამოსვლების შესახებ. სინტიანში კვირა ღამეს მომხდარის საბაბი იყო ქუჩის ჯიხურის გამყიდველი, ორსული ქალის მიმართ პოლიციელის შეურაცხმყოფელი მოპყრობა.
„სინხუას“ სააგენტოს თანახმად, უკმაყოფილო მოქალაქეებმა ბოთლები და აგურები დაუშინეს მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებს, პოლიციის მანქანებს, რის შემდეგაც პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. თვითმხილვლეების თქმით, აღელვებულმა მასამ ცეცხლი წაუკიდა პოლიციის მანქანებს. 25 პირის დაპატიმრების შემდეგ, პოლიციამ მოახერხა წესრიგი დაემყარებინა ქალაქში, რომელშიც არაერთი სამკერვალო საწარმოა და სადაც ბევრი მიგრანტია დასაქმებული. ბოლო ხანს ასეთი ცნობები ჩინეთიდან გახშირდა. გასულ კვირას ქალაქ ლიჩუანში, ჰუბეის პროვინციაში, ასეულობით ადამიანმა ალყა შემოარტყა ადგილობრივი მთავრობის ოფისს, მას მერე, რაც პოლიციის საპატიმროში დაკითხვისას გარდაიცვალა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი. გარდაცვლილის, რან ძინსიანის ოჯახს წევრებმა განაცხადეს, რომ ის დაკითხვისას სცემეს და ამას მოჰყვა სიკვდილი. ქალაქის მცხოვრებთა თქმით, რანის დაკავება გამოიწვია მისმა დაუმორჩილებლობამ ზემდგომთა მოთხოვნაზე, მონაწილეობა მიეღო მიწის ჩამორთმევის აქციაში. რანის სიკვდილის გამო, არაერთი ოფიციალური პირი დააკავეს. მაისში გავრცელდა ცნობა გამოსვლების შესახებ ჩინეთის ჩრდილოეთის, შიდა მონღოლეთის პროვინციაში. იუწყებოდნენ ასევე ძიანსის პროვინციაში ადგილობრივი მთავრობით უკმაყოფილო პირის მიერ თვითნაკეთი ბომბების აფეთქების შესეახებ, რასაც მასთან ერთად ორი სხვა ადამიანი ემსხვერპლა. ჩინეთის ხელისუფლება მღელვარებით ადევნებდა თვალყურს არაბულ სამყაროში ამბოხებას. უფლებადამცავი ჯგუფების თანახმად, მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ასობით პირი გახდა დევნის სუბიექტი, მათ პოლიციაში გამოძახებენ, აკავებენ ან შინა პატიმრობაში ათავსებენ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG