Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალთა ორგანიზაციები პარლამენტს მიმართავენ


საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველის მოხსენებამდე რამდენიმე საათით ადრე პარლამენტის შენობის წინ 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, ქალთა ორგანიზაციების მშვიდობიანი აქცია გაიმართა.
მოთხოვნებს შორისაა: დამნაშავეთა დასჯა და უდანაშაულო პირთა გათავისუფლება, ღირსების შემლახავი მოპყრობის შეწყვეტა, გაუჩინარებულთა მოძიება. ქალთა ორგანიზაციებმა პარლამენტში სპეციალური მიმართვა შეიტანეს.

პარლამენტის შენობის წინ წვიმა და ქალთა ორგანიზაციების მიერ გამართული მშვიდობიანი აქცია ერთდროულად დაიწყო. პარლამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი საქართველოს ქალების მიმართვას, რომელიც რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას პარლამენტის კიბეებიდან ”ქართული აკადემიის” წევრმა ნინელი ჭანკვეტაძემ გააცნო, ასზე მეტი ადამიანი ქოლგებს შეფარებული უსმენდა. 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა - ეს არის აქციის ორგანიზატორთა პირველი მოთხოვნა:

ნინელი ჭანკვეტაძე, ქალთა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი
”ბუნებრივია, მარტო პარლამენტარებს ვერ ვენდობით. ამიტომ კომისიაში უნდა შევიდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქართველი უფლებადამცველები და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირები. მეორე მოთხოვნაა დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაპატიმრებული პირები და მესამე - შეწყდეს პოლიტიკური რეპრესიები. ახლა ვეცადოთ, რომ ამ მიმართვას ისე მოვაწეროთ ხელი, რომ არ დასველდეს”...

ხელმოწერები იქვე, პარლამენტის კიბეებზე, შეგროვდა, აქციის დასასრულს კი ქალთა ორგანიზაციების ლიდერებმა მიმართვა პარლამენტის შენობაში იმ იმედით შეიტანეს, რომ მათ მოთხოვნას შედეგი მოჰყვება.

ქალთა მშვიდობიან აქციას დიმიტრი ლორთქიფანიძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეც შეუერთდა. ის რადიო თავისუფლებასთან ქალთა ორგანიზაციების ერთ-ერთი პირველი მოთხოვნის, - საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის, - ასე ვთქვათ, შესაძლებლობასა თუ შეუძლებლობაზე საუბრობს:

”ჩვენთვის უკვე ცნობილია საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის პოზიცია - ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ასეთი კომისიის შექმნას. ეს არის უკვე ერთგვარი ტესტი ადამიანურობაზე, აქ დემოკრატიის ხარისხზე აღარ არის საუბარი”, - ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ქალთა მოძრაობის საპროტესტო აქცია
ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელსაც ქალთა ორგანიზაციები ხელისუფლებას უყენებენ, 26 მაისის ღამით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაა. საზოგადოებრივი მოძრაობის ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ხელმძღვანელის ეკა ბესელიას მტკიცებით, დაკავებულთა რიცხვი დღითი დღე მატულობს. რაც შეეხება კიდევ ერთ მოთხოვნას, ასე ვთქვათ, აქციის გაუჩინარებული მონაწილეების მოძიებას, ეკა ბესელიას განცხადებით, მათ ხელთ არსებული სია 46 ადამიანისაგან შედგება და ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროც არის ინფორმირებული:

”ყოველდღე მოგვდის ინფორმაცია, რომ დაკავებულთა რიცხვი იზრდება. მე პირადად დავდივარ საქართველოს სხვადასხვა რაიონში, ვნახულობ 26 მაისის შემდეგ დაკავებულ ადამიანებს. შევხვდი 20-ზე მეტ ადამიანს და მინდა ვთქვა, რომ ისინი საშინელ პირობებში არიან”, - ირწმუნება ეკა ბესელია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ლაპარაკობს ე.წ. გაუჩინარებულის, გურჯაანელი გიორგი კანაშვილის შესახებ. ეს ინფორმაცია მან გიორგის ბებიასა და პაპისაგან მიიღო.

”მივაკითხე იმ ოჯახს, სადაც ცხოვრობს გიორგი კანაშვილი. მას ჰყავს მოხუცი ბებია და პაპა, რომლებიც საწოლს არიან მიჯაჭვულები. როგორც მათ მითხრეს, გიორგი მონაწილეობდა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში და 26 მაისის შემდეგ მასთან ყველანაირი კავშირი გაწყდა. ეს ინფორმაცია ასევე დაადასტურეს გიორგის მეზობლებმაც”, - ამბობს გელა მთივლიშვილი.

შოთა უტიაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ არც ერთი სოლიდური არასამთავრობო ორგანიზაცია დაკარგულთა შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს, და განცხადებებს გაუჩინარებულების შესახებ პროვოკაციულს უწოდებს. რაც შეეხება ეკა ბესელიას განცხადებას, რომ მათ დაკარგულთა სია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდეს, შოთა უტიაშვილი ამბობს, რომ არანაირი სია შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მიუღია. ის რადიო თავისუფლებასთან დაკავებულთა რიცხვსა და მდგომარეობაზეც საუბრობს:

”რუსთაველის გამზირი არ არის ჯუნგლები, რომ იქ ადამიანი დაიკარგოს. არანაირი სია ამ ქალბატონს ჩვენთვის არ მოუწოდებია. გარდა ეგზოტიკური ციფრებისა, მისგან არაფერი მიგვიღია. პროვოკატორი ორგანიზაციები საუბრობენ 18 მკვდარზე, ასეულობით დაკარგულზე, გაუპატიურებულებზე, მაგრამ არც ერთი ორგანიზაცია, რომელსაც რაიმე რეპუტაცია გააჩნია, ამის შესახებ აღარ საუბრობს. ჩვენ დავაკავეთ 105 ადამიანი, რომლებიც ზუსტად იმ მდგომარეობაში იმყოფებიან, რა მდგომარეობაშიც სხვა დაკავებულები არიან. არავითარი განსაკუთრებული მოპყრობა - ან დადებითი, ან უარყოფითი - მათ მიმართ არ ხორციელდება”, - ამბობს შოთა უტიაშვილი.

დაბოლოს, აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს 14 ივნისს, დღის ბოლოს, სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის გამოსვლა პარლამენტში. მოხსენების დასრულების შემდეგ, რომელიც 2010 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხებოდა, კითხვა-პასუხის რეჟიმში მან ე.წ. გაუჩინარებულების შესახებაც გააკეთა კომენტარი. მისი განცხადებით, ყველა ის პირი, რომლებსაც 26 მაისის მოვლენების შემდეგ ახლობლები დაკარგულებად მიიჩნევდნენ და დახმარებისთვის სახალხო დამცველის ოფისს მიმართეს, ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებმა დროებითი დაკავების იზოლატორებში იპოვეს:

”მას შემდეგ ვერ გეტყვით, რომ სახალხო დამცველს მიმართეს კონკრეტული პირების გაუჩინარების გამო. მე მოკლებული ვარ შესაძლებლობას კონკრეტულად ვისაუბრო დაკარგულთა შესახებ, იქიდან გამომდინარე, რომ მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ასეთი პირები ან არ არსებობენ, ან არსებობენ, თუმცა რატომღაც გადაიფიქრეს სახალხო დამცველისთვის ეს ეცნობებინათ. ”
XS
SM
MD
LG