Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 14 ივნისი, 2011


“მონოპოლისტებმა ხორცის ბიზნესში წილები გადაინაწილეს” – “რეზონანსის” პირველ გვერდზე ნახავთ ამ სათაურს. ავტორი წერს: “ხორცის რეალიზატორები ხორცის ბიზნესში გავლენის სფეროების გადანაწილებაზეც საუბრობენ. ამბობენ, რომ მხარეებმა შეთანხმებას, ვის რა წილი ექნება ხორცის ბიზნესში, უკვე მიაღწიეს. ხორცის ბიზნესში გავლენის სფეროებს ორი სასაკლაო გაინაწილებს - „ნატახტარი“ და „თელეთი“. სამომხმარებლო ბაზრებს „თელეთის“ საწარმოდან გააკონტროლებენ, ხოლო მაღაზიებისა და სხვა წვრილი ობიექტების ბიზნესი “იბერმით ჯორჯიას” („ნატახტარი“) ხელში გადავა”, - წერს “რეზონანსი”.

ამავე გაზეთში ქვეყნდება ინტერვიუ “მედიაპალიტრის” საინფორმაციო სამსახურის უფროს ბაია ცანავასთან. ის სოლიდარობის აქციაზე ამბობს: “აქციაში მონაწილეობა მიიღეს იმ გამოცემებმა, რომლებმაც ჩათვალეს, რომ სოლიდარობის დროა.”
სოლიდარობის ამ აქციაზე “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში ლაპარაკობს ირაკლი სესიაშვილი: “როგორც კი პირველ, მეორე და მესამე დღეს მიიღო ხელისუფლებამ სერიოზული რეაქცია სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, ამ შემთხვევაშჲ პოზიციები შეარბილა. ეს ყოველთვის ასე იქნება მომავალშიც. რამდენადაც ყოჩაღად დავდგებით სამოქალაქო ინსტიტუტების დასაცავად, მით უფრო გაუჭირდება ხელისუფლებას ჩვენი ინტერესების და უფლებების შელახვა და საკუთარი დიქტატორული მეთოდების გამომჟღავნებაც.”

“მედიაპალიტრის” მიმართ სოლიდარობას დღეს პირველ გვერდზე გამოხატავს “საქართველოს რესპუბლიკა”. გაზეთში წაიკითხავთ 11 ივნისს აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში 26 მაისს ღამით დაკავებული სოსო ჯაჭვლიანის მხარდამჭერი ღონისძიების დეტალებზე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებულ კინემატოგრაფისტებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებიათ.
დღევანდელი “ალიის” პირველ გევრდზე კი სოსო ჯაჭვლიანის 13 ივნისით დათარიღებულ ხელნაწერს ნახავთ. “მოგესალმებით “ალიას” მკითხველს და მოვუწოდებ ქართველ ხალხს სულის სიმხნევეს და უკეთესი მომავლის იმედს. მე-20 დღეა ვშიმშილობ არა სპორტული ინტერესისათვის, არამედ სამართლიანობისათვის”, - წერს სოსო ჯაჭვლიანი მცხეთის იზოლატორიდან. “ალიაში” მის ადვოკატთან ინტერვიუც ქვეყნდება. ლევან ჯოხაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი შიმშილობას განაგრძობს და ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე ლაპარაკობს.

“ალიაშივე” წაიკითხავთ ინტერვიუს, როგორც თავად ავტორი წერს, “ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის” მასწავლებელთან, რომელიც სკოლაში “ახალი ნარკოტიკის” გამოჩენაზე ლაპარაკობს. რესპონდენტი ახსენებს ერთ-ერთ მედიკამენტს, რომლის შეძენასაც, მისი თქმით, მოსწავლეები ჩვეულებრივ აფთიაქებშიც ახერხებენ.
დღეს რამდენიმე გაზეთი წერდა სახალხო დამცველის ანგარიშის პარლამენტში დაგეგმილ მოსმენაზე. ამ საკითხს “24 საათიც” აშუქებს და მკითხველს ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ დადგენილების პროექტსაც აცნობს.

“24 საათში” დღეს სპორტის სფეროდან ერთი ამბავიც იქცევს ყურადღებას - „’მისტერ ნოკაუტი’ ნოკაუტით შეაჩერეს”. ტექსტში წაიკითხავთ: “კრივის სამყაროსთვის “ტორნადოდ”, ჩვენთვის კი “ჩაქუჩად” წოდებულმა ავთანდილ ხურციძემ გაზაფხულზე კრივის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ვაკანტურად გამოცხადებული საჩემპიონო ქამრის მოპოვებას თბილისში პოლონელ მარიუშ სენდროვსკისთან ჩხუბში თუ სრული 12 რაუნდი მოანდომა, ამჯერად საქმე აღარ გაირთულა და გაცილებით მოკლე დროში თავაწეულმა დატოვა რინგი, გულშემატკივარი კი უკმაყოფილო, რადგან კიევის სპორტის სასახლეში მისულ კრივის ათასობით მოყვარულს ორთაბრძოლის დინამიკის ხილვის საშუალება არ მიეცა - ქართველმა ტიტულის მოცილე კოლუმბიელი ერთ რაუნდზე ნაკლებ დროში შეაჩერა - მირანდამ ნოკაუტი იგემა, ხურციძემ კი მსოფლიო ჩემპიონის ქამარი დაიცვა”, - წერს “24 საათი”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG