Accessibility links

logo-print
ომის შიში ომზე უარესია – ამ სიტყვებით იწყება კიდევ ერთი ფილმი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება. ფილმის სახელწოდებაა „სახლი“, რომელიც პოლონელმა რეჟისორებმა დოროთა პეტრუსმა და ბოგდან ლეჩნარმა გადაიღეს. ფილმის მთავარი გმირია პოლონეთში მცხოვრები ქართველი მანანა გრონერტი-ცუცქირიძე. იგი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გორში მშობლების სანახავად იყო ჩამოსული. ქალაქისკენ რუსული არმია მოდის და იწყება პანიკა. იმ პერიოდში გორის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ატენის ხეობაში გაიხიზნა. მანანას ოჯახმაც სოფელ ბობნევს მიაშურა. აღსანიშნავია, რომ ისინი სოფლამდე მიცვალებულთა სპეციალური მანქანით - ეგრეთ წოდებული კატაფალკით - მიდიან. ბობნევში ერთ-ერთ ქართულ-ოსურ ოჯახში 60 ადამიანი პოულობს თავშესაფარს. ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები - ქართველები, ოსები, რუსები და სომხები, რომლებიც თანაბრად იყოფენ მცირეოდენ საჭმელს და ერთად იზიარებენ ომის და დევნილობის საშინელებას. ამ დროს მანანა ცუცქირიძე სამოყვარულო კამერით მათ ყოფა-ცხოვრებას იღებს. ფილმის შექმნას სწორედ ეს კადრები დაედო საფუძვლად. ფილმის კულმინაცია ისევ პანიკაა: სოფელში ინფორმაცია ვრცელდება, რომ რუსული ჯარი ბობნევისკენ მოდის. დევნილები ტყისკენ გარბიან. სახლში ლოგინად ჩავარდნილი ავადმყოფი რჩება, რომელიც მოგვიანებით იღუპება. მისი ჭირისუფლები სრულიად უცხო ადამიანები, მის სახლში შეფარებული დევნილები არიან.

ომიდან ერთი წლის შემდეგ პოლონელ რეჟისორებთან ერთად უკვე ყოფილი დევნილები იმ სახლში ბრუნდებიან და ომის დღეებს იხსენებენ. ფილმის პრემიერა გორის უნივერსიტეტში შედგა, რომელსაც რეჟისორები და მოქმედი პირები დაესწრნენ. პრემიერას ცრემლის გარეშე არ ჩაუვლია. მანანა გრონერტი-ცუცქირიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ომი არ არის მარტო ტანკები, ბომბები და სისხლი. ომი შიშია, რომელიც ადამიანებს აერთიანებს.

სახლის დიასახლისი თინა მაისურაძე-ქერდიყოშვილი ემოციის გარეშე ვერ იხსენებს ომის დღეებს. განსაკუთრებით ის დღე ახსოვს, როცა მის სავსე სახლს კიდევ ერთი დევნილი, რუსი ეროვნების გოგონა, ახალშობილით ხელში მიადგა.

ფილმის ერთ-ერთი რეჟისორი, ბოგდან ლეჩნარი, ამბობს, რომ ფილმის ხარისხით და მისი მხატვრული ღირებულებით ბოლომდე კმაყოფილი არ არის, მაგრამ ამ ფილმით მან ქართველებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ომი საშინელებაა.

უახლოეს დღეებში ფილმის ჩვენება თბილისსა და ბათუმშიც იგეგმება.
XS
SM
MD
LG