Accessibility links

logo-print
იტალიაში ჩატარებულ საყოველთაო რეფერენდუმზე ამომრჩეველმა უარი თქვა ბირთვული ენერგიის გამოყენებაზე. ეს დიდი დარტყმაა პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონისთვის, რომლის კოალიციამაც სულ რაღაც ორი კვირის წინ გამართულ ადგილობრივ არჩევნებზე დიდი დანაკარგები ნახა.

იტალიის მოქალაქეებმა ასევე უარი თქვეს სამთავრობო ინიციატივაზე - მინისტრებს სასამართლო საქმეებისგან იმუნიტეტი მიენიჭოთ, ისევე როგორც უარი თქვეს წყლის პრივატიზაციის გეგმებზე. კვირას და ორშაბათს გამართულ რეფერენდუმში მონაწილეობა ამომრჩეველთა 57-მა პროცენტმა მიიღო - 1995 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ რეფერენდუმზე 50-პროცენტიან კვორუმს მიაღწიეს.

წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა თითქმის 96-მა პროცენტმა თქვა უარი მთავრობის პოზიციის მხარდაჭერაზე. „იტალიელების ნება ნათელია აქ განსაზღვრულ ყველა საკითხთან მიმართებითო“ - ამ განცხადებით აღიარა დამარცხება სილვიო ბერლუსკონიმ და დასძინა: „მთავრობამ და პარლამენტმა ახლა ამას სრულად უნდა გასცენ პასუხიო“.

რეფერენდუმის შედეგს ატომური ენერგიის მოწინააღმდეგეთა მნიშვნელოვან წარმატებად მიიჩნევენ. იაპონიაში, ფუკუსიმის ატომურ ელექტროსადგურზე კრიზისის გაჩენის შემდეგ ეს რეფერენდუმი მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული პირველი გამოკითხვა იყო ბირთვული ენერგიის საკითხზე.

იტალიის მოქალაქეებმა ბირთვულ ენერგიას უარი პირველად 1986 წლის ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ უთხრეს, თუმცა მორატორიუმი მხოლოდ ხუთ წელიწადს გაგრძელდა და ბერლუსკონის მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ გადაწყვიტა ინდუსტრია ხელახლა აემუშავებინა.

მთავრობის გეგმის თანახმად, 2020 წლისთვის იტალიაში მოხმარებული ენერგიის ერთი მეოთხედი ატომური უნდა ყოფილიყო. მაგრამ ახლა, რეფერენდუმის შედეგად, იტალია გერმანიის და შვეიცარიის მაგალითს მისდევს და ენერგიის საკამათო წყაროს - ბირთვულ ენერგიას - უარყოფს.

ამასთან, რეფერენდუმის შედეგი მოწმობს, რომ იტალიის სკანდალებით ცნობილი პრემიერ-მინისტრის მიმართ მხარდაჭერა სულ უფრო მეტად იკლებს. ბოლო პერიოდის მოვლენების ფონზე ეს, ალბათ, არ იწვევს გაკვირვებას - იტალიას ეკონომიკური პრობლემები აქვს, ბერლუსკონი კი ახლახან სექსსკანდალში გაეხვა, რის შედეგადაც მას ბრალდებაც წაუყენეს არასწრულწლოვან მეძავთან სქესობრივი კავშირის დამყარებასა და შემდეგ ამ ფაქტის დაფარვის მიზნით თავისი ძალაუფლების გამოყენებაში. თავად ბერლუსკონი ბრალდებებს უარყოფს.

გასულ თვეში ბერლუსკონის ქალაქში - მილანში - მერის პოსტზე მის მიერ წამოყენებული კანდიდატი არ აირჩიეს. არადა, მილანი, ტრადიციულად, იტალიაში გამეფებული პოლიტიკური განწყობების ინდიკატორ ქალაქად ითვლება.

მხარდაჭერის კლებამ, თავის მხრივ, ბერლუსკონის თავისუფალი ხალხის მოძრაობაში გააჩინა ბზარი - რეგიონალისტური და ანტიიმიგრაციული ჩრდილოეთის ლიგა თავის ლიდერს - უმბერტო ბოსის - სთხოვს, მოძრაობას გამოეყოს.

მემარცხენე-ცენტრისტული დემოკრატიული პარტიის ლიდერმა პიერ ლუიჯი ბერსანიმ რეფერენდუმის შემდეგ განაცხადა, გამოკითხვის შედეგი მოწმობს, რომ ბერლუსკონის ხელისუფლებიდან წასვლის დრო მოვიდაო.

კრიტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ მთავრობა ცდილობდა რეფერენდუმში ბევრ ხალხს არ მიეღო მონაწილეობა. იტალიის ტელევიზია ბოლო დღეებამდე დიდწილად იგნორირებას უკეთებდა რეფერენდუმის საკითხს. თუმცა, როგორც ვთქვით, რეფერენდუმზე იშვიათი აქტიურობა აღირიცხა.

წყლის პრივატიზაციის უარყოფამ, შესაძლოა, ფინანსთა მინისტრ ჯულიო ტრემონტის მნიშნველოვნად გაურთულოს იტალიის სახელმწიფო ვალთან გამკლავება. ამ მომენტისთვის ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 120 პროცენტს შეადგენს.

რაც შეეხება რეფერენდუმზე გატანილ და ამომრჩევლის მიერ უარყოფილ კიდევ ერთ საკითხს - სასამართლო პროცესებისგან მინისტრებისთვის იმუნიტეტის მინიჭებას - ის განსაკუთრებით აქტუალური თავად ბერლუსკონისთვის არის.

ბერლუსკონის ოთხ სხვადასხვა სასამართლო პროცესში უწევს მონაწილეობა. მას შემდეგ, რაც ახლახან მოსამართლემ მას იმუნიტეტი მოუხსნა, ბერლუსკონიმ თანხმობა განაცხადა სასამართლოში გამოცხადებაზე.

თუმცა პრემიერ-მინისტრმა დათანხმების შემდეგ მაინც გააცდინა სასამართლოს რამდენიმე სხდომა - მათ შორის, ორშაბათს, როცა სასამართლოში გამოცხადების ნაცვლად მან ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართა შეხვედრა.
XS
SM
MD
LG