Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანა ჯავახიშვილი - ფსიქოლოგი


5 ივნისი, კვირა
ვენაში ვარ, დღეს ევროპის ფსიქოტრავმის კვლევის საზოგადოების წლიურ კონფერენციაზე, დილის სესიაზე, 37 წუთიანი პრეზენტაცია მაქვს. 37 წუთი, არც მეტი და არც ნაკლები. მაინც, როგორ უყვართ სიზუსტე ევროპელებს. ხომ გამორიცხულია საქართველოში ასე მოგიგეგმონ სესია: გეტყვიან - ნახევარი საათი გაქვს, პლიუს-მინუსო. მერე გაუშვებენ ერთსაათიანს და არც არავინ შეაჩერებს. არც გაუკვირდებათ. აქ კი - 37 წუთი, თუ შეიძლება რეგლამენტი მკაცრად დაიცავითო. მაგას რას ვჩივი, მთავარია არ დამაგვიანდეს!

დროულად მივდივარ, თან ჩემი საყვარელი კოლეგები: ფსიქოლოგი ნანა აღაპიშვილი და ჟურნალისტი თიკო ცომაია მომყვებიან. უნივერსიტეტში პრეზენტაციის დაწყებამდე 5 წუთით ადრე შევდივართ. ნანას, თიკოს, ჩემი და თურქი ქალბატონის გარდა (რომელსაც ჩემამდე აქვს 37-წუთიანი პრეზენტაცია ტრავმის რეპრეზენტაციაზე თურქულ კინემატოგრაფიაში) ოთახში არავინაა. გუნება მიფუჭდება: აბა ეს საქმეა, ერთმანეთს უნდა ვეპრეზენტაციოთ-მეთქი მე და სეივჯანი (ასე ჰქვია ქალბატონს). სეივჯანი იწყებს მოხსენებას: გვიჩვენებს ნაწყვეტებს კინოებიდან - თურქეთის ციხეებში ხალხს როგორ აწამებენ, დემონსტრაციებზე როგორ ცემენ. მოკლედ, დილის უარყოფითი ემოციების ულუფა მივიღე, თანაც თბილისში 26 მაისს გამთენიისას მომხდარი ამბავი გამიცოცხლდა მეხსიერებაში. რა უბედურებაა - ნუთუ ეს არის ჩვენი სინამდვილეც, რაღა ამაში დავემსგავსეთ?!...

ამასობაში ხალხი დარბაზში ემატება და ემატება: ჯერ ევროპელი კოლეგები ჟურნალიზმისა და ტრავმის დარტ ცენტრიდან; მერე თბილისელი კოლეგები, ფსიქიატრი ნინო მახაშვილი და ფსიქოლოგი ქეთი ფილაური. ვენაში ქართველების დიდი დელეგაცია ვართ (ხუთნი), გუშინ ქართული სიმპოზიუმი ჩავატარეთ, ერთობ წარმატებული.

თავისუფლების დღიურები - ჯანა ჯავახიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:13:20 0:00
გადმოწერა



პრეზენტაციას ვიწყებ, უკვე მშვიდად ვარ: რა კარგია, როცა ერთგული კოლეგები და მეგობრები გყავს, რომლებსაც აინტერესებთ, თუ რას აკეთებ და როგორ აკეთებ. „იმედის“ იმიტირებული ქრონიკის შემთხვევის ანალიზს ვაკეთებ, საზოგადოების ტრავმატიზაციის კუთხით. კითხვა-პასუხის სესია თიკოსთან ერთად მიმყავს. როგორც ჩანს, თემა საინტერესოა აუდიტორიისათვის: როგორც კი დავამთავრე პრეზენტაცია, გერმანელი გამომცემელი გაგვეცნო მე და თიკოს, შევთანხმდით - 2 კვირაში ამ თემაზე სტატია უნდა ჩავაბაროთ. დარტ ცენტრის ევროპის ოფისის დირექტორმა ჯერ კიდევ დაუწერელ სტატიაზე სთხოვა: შენ რომ გამოაქვეყნებ ხომ შეიძლება ჩვენს ვებზეც დავდოო... გერმანელი გამომცემელი დათანხმდა (ცალყბად) - ძალიან თადარიგიანი ხალხია ეს ევროპელები, ნეტავი ცოტა მაინც ასეთი რამ ჩვენც მოგვცა...

მერე მთელი დღით ვივიწყებთ ფსიქოტრავმას (ძველსაც და აქტუალურსაც) და ვენაში სეირნობას ვეძლევით: ძია ზიგმუნდის სახლ-მუზეუმი, ბელვედერი თავისი კლიმტითა და ეგონ შილეთი, კონცერტი ბეთჰოვენის სახლში, უგზო-უკვლო სეირნობა ღამის ვენის ქუჩებში და მსუბუქი ვახშამი ქალაქის ცენტრში განლაგებულ იტალიურ რესტორანში - მოკლედ, ლამის არის, სინდისმა დამქენჯნოს, რომ საქართველო ასე არეული დავტოვეთ და აქ ასეთ კომფორტს მივეცით თავი...

6 ივნისი, ორშაბათი
დილის 9 საათზე საქმიანი საუზმე მაქვს ჟურნალიზმისა და ტრავმის დარტ ცენტრის ევროპის ოფისის დირექტორთან, გევინ რიზთან. სამხრეთ კავკასიაში ჟურნალისტებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების დიალოგის სტიმულირება-ხელშეწყობაზე ვსაუბრობთ, თანამშრომლობის გეგმებს ვაწყობთ, გრძელვადიან პროექტს ვგეგმავთ... სასტუმროდან გაწერის ბოლო ვადამდე (12.00) ნახევარი საათით ადრე მივხვდი, რომ საუბარს თუ არ შევწყვეტდით, ჯარიმის გადახდა მომიწევდა. სასწრაფოდ გამოვემშვიდობე, ბარგი ნაუცბადევად ჩავალაგე; სასტუმროდან გამოვეწერეთ და აეროპორტისაკენ გავემართეთ მე და ჩემი კოლეგები.

უკან თურქეთის ავიახაზებით მოვფრინავდით, აეროპორტამდე დროულად მივაღწიეთ, თვითმფირნავში რეგისტრაციის გამტარებელ თურქ ქალბატონს ვთხოვეთ - წინა ადგილები მოგვეცი-თქო, მანაც ღმილით თავი გვიქნია; თვითმფრინავში რომ ავედით, სულ ბოლო მწკრივში ამოვყავით თავი. მაგრამ ამან ხასიათი ვერ გაგვიფუჭა. სიამოვნებით მივირთვით წინასწარ შეკვეთილი ზღვის პროდუქტები, თან თითო ჭიქა ყინულიანი ვისკიც მივაყოლეთ და ამასობაში სტამბოლამდეც მივაღწიეთ. სტამბოლიდან თბილისში ასევე სწრაფად და თავშექცევით ვიფრინეთ.

ძალიან საინტერესო ოჯახი დაგვემგზავრა: ფეხმძიმე, ახალგაზრდა, ლამაზი ქალი სამი პატარა (3-დან 5 წლამდე) შვილით. დედა და შვილები ერთმანეთს რუსულად ესაუბრებოდნენ. ამავე დროს, გვერდზე მჯდომ ნაცნობს ქალი კარგი ქართულით გამოელაპარაკა. ვერ მოვითმინე და ვკითხე: რატომ საუბრობთ რუსულად, რუსეთიდან ხომ არ მოდიხართ, იქაური მაცხოვრებელი ქართველები ხომ არა ხართ-მეთქი? ახალგაზრდა ქალმა მომიგო: არა, მე პირადად სოხუმელი ვარ, ბავშვებს მარტო რუსულად ველაპარაკები, ჩემი მეუღლე კი მარტო ქართულად. ისე ქართველები ვართო. მაშ ახლა სოხუმიდან მოდიხართ? - იმედიანად შევეკითხე. არა, თბილისში ვცხოვრობთ, სოხუმში აქეთ გადმოსახლების მერე არცა ვყოფილვარო... - გულისწყვეტით მომიგო. ქალი ახალგაზრდაა, გადმოსახლების დროს ალბათ 5-6 წლისა თუ იქნებოდა. მე და ნანამ ერთმანეთს გადავუჩურჩულეთ: ეტყობა, სოხუმელის იდენტობას რომ ხაზი გაუსვას, იმიტომ ელაპარაკება ბავშვებს რუსულად... მერე ისიც გადავუჩურჩულეთ ერთმანეთს: განა არ ჯობს რომ მაშინ აფხაზურად ესაუბროსო? მერე გამახსენდა, რომ თვითონ აფხაზებიც ერთმანეთში უმეტესად რუსულად საუბრობენ... მთელი გზა უნებურად ყურადღებას იქცევდა მისი ხმამაღალი რუსული, რომლითაც ბავშვებს მიმართავდა-მწყემსავდა და მთელი გზა უნებურად ვფორიაქობდი: ღმერთო, როგორ მეუცხოება ქართველი დედის შვილებთან ეს რუსული საუბარი, ეს ხომ მათ იდენტობას აყალიბებს, და რა მიმართულებით აყალიბებს - ღმერთმა იცის... მერე გავიფიქრე: ყველამ თავისი საქმისა თვითონ იცის-მეთქი, ამ აზრმა დამამშვიდა და წავუძინე კიდევაც.

თბილისში ღამის სამ საათზე დავბრუნდით, წვიმდა...

7 ივნისი, სამშაბათი
ღამის სამ საათზე ჩამოსულმა დილის 6 საათზე დავიძინე, დღის 3 საათამდე მეძინა... დანარჩენი დღე სახლში გავატარე, სამყაროს ვემალებოდი - მობილური გამორთული მქონდა, რომ საქმიანი ზარები არ შემოსულიყო და დამესვენა. თანაც, ვცდილობდი, გავრკვეულიყავი, თუ რა ხდებოდა თბილისში, სანამ აქ არ ვიყავი.

კვირას ნესტან ცეცხლაძის დღიურს მოვუსმინე და უეცრად მარინა ვაშაყმაძემ დამირეკა - დღიურს ხომ არ დაწერდიო. ისეთი სინქრონიზმი მოხდა, რომ დაუფიქრებლად დავთამხმდი: ალბათ ასეა საჭირო-მეთქი.

ნესტანის დღიურმა შემძრა მაშინ. დღეს შემძრა ფეისქბუკზე აქა-იქ გამოჩენილმა ინფორმაციამ თვითმკვლელობებზე: შემძრა იმ ფაქტმა, რომ ხალხს ეს არ ჰგონია თვითმკვლელობა. შემძრა იმ ფაქტმა, რომ სინამდვილეში როგორ არის საქმე - ამაზე დანამდვილებით და დასაბუთებულ პასუხს ვერავინ და არავინ გაგცემს.

ჩვენი საზოგადოება ტრავმირებული საზოგადოებაა. ტრავმირებულ საზოგადოებას ახასიათებს მსხვერპლობის განცდა, აგრესორის მხრიდან დევნის განცდა. როცა ეს აგრესორი გარეშეა, უცხოა, ადამიანური მსხვერპლი ასეთ სიტუაციაში გმირობას უტოლდება (გავიხსენოთ 9 აპრილი) და ეროვნული სიამაყის საბაბი ხდება. როდესაც აგრესორი შენი მოძმეა - როგორც ეს 26 მაისს მოხდა, ამ შემთხვევაში მსხვერპლი მთელი ერის უბედურება და სირცხვილია. აქ უკვე სრული დაბნეულობა, გაუგებრობა, სირცხვილი და სასოწარკვეთა იპყრობს ადამიანს. ჯანსაღი ორიენტირები იკარგება.

უბედურებაა, რომ ძალაუფლებისათვის მებრძოლმა ორივე მხარემ ხალხი ჭადრაკის პაიკებივით გასაწირად გაიმეტა. ბუნებრივია, რომ ხალხი, ისედაც ტრავმირებული, კიდევ ერთხელ არის ტრავმირებული. ამ ფონზე არ არის გასაკვირი არც სოციალურ მედიაში ინტენსიურად დისკუსირებადი თვითმკვლელობის სტატისტიკის ზრდა, არც თვითმკვლელობის მკვლელობად აღქმა - ეს ყველაფერი ნორმალური რეაქციებია არსებულ არანორმალურ სიტუაციაზე.

8 ივნისი, ოთხშაბათი
დილიდან წავედი ალტერნატივა ჯორჯიაში - ნარკოლოგიურ საკითხებზე მომუშავე ერთ-ერთი საუკეთესო ორგანიზაციაა საქართველოში. მის ხელმძღვანელებს: დათო ოთიაშვილსა და ირმა კირთაძეს ნარკოვითარების წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე შევუთანხმდი (ერთად დავწერეთ, ახლა გამოვცემთ და ივნისის ბოლოს საზოგადოებას უნდა წარვუდგინოთ). თანაც, ჩეხეთის ჩარლზის უნივერსიტეტის ადიქტოლოგებთან (”ნარკომანიის” ანუ წამალდამოკიდებულების სპეციალისტებთან) შემდგომ თანამშრომლობაზე მოვილაპარაკეთ. ჩეხეთში ადიქტოლოგიის ძლიერი სკოლაა, მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს, დიდი ამაგი აქვთ საქართველოზე, განსაკუთრებით ახალგაზრდა პროფესორს, საერთაშორისო არენაზე უკვე სახელმოხვეჭილ ეპიდემიოლოგს, ტომაშ ზაბრანსკის.

ჩემი მეგობრის, ნინო აღდგომელაშვილის თხოვნით ფრანგებს შევხვდი: რაღაც ფილმს იღებენ და ნახევარსაათიანი ინტერვიუს ჩაწერა უნდათო. აღმოჩნდა, რომ ძალიან ვრცელი და პირადული ინტერვიუ აინტერესებდათ. აკეთებენ პროექტს ”პორტრეტები”, იწერენ ვიდეო-ინტერვიუებს, სადაც ხალხის პირადი ნარატივებია გადმოცემული ამა თუ იმ ქვეყანაში ცხოვრების თაობაზე. აკეთებენ ამას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში: აფრიკაში, აზიაში, ლათინურ ამერიკაში და ა.შ. ახლა მოადგნენ საქართველოს. გაუკვირდათ, როცა ვუთხარი რომ საქართველოში ყველა წიგნიერია, რომ ქალები სოციალურად ძალიან აქტიურები ვართ, და ა.შ. მოკლედ რასაც არ ვუყვებოდი, ყველაფერი უკვირდათ. მეც, მათი რეაქციით შეგულიანებული, ვუყვებოდი და ვუყვებოდი. ორი საათი გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა.

თიკო ცომაიამ შემომირბინა სამსახურში დარტ ცენტრთან თანამშროლობაზე მოსალაპარაკებლად, თავისი პატარა მარიამი მოიყვანა - ძალიან საყვარელი, სერიოზული და საქმიანი 3 წლის გოგონაა. თიკომ მითხრა - ნესტან ცეცხლაძეს ზოგიერთი კოლეგა აკრიტიკებს/აქილიკებს იმის გამო, რომ იგი სტრესირებულიაო. აღვშფოთდი: ნესტანის რეაქცია არის ნორმალური რეაქცია იმ არანორმალურ გარემოებებზე რომლებიც მან გამოიარა. რომ არ ჰქონოდა სტრესული რეაქცია, ეს იქნებოდა არანორმალური. მისი კრიტიკა ნიშნავს იმას, რომ მაკრიტიკებელ კოლეგებს არ ესმით, თუ რას ნიშნავს ტრავმა და რა კავშირშია ის დარბევასთან, ძალადობასთან, ღირსების შელახვასთან, დაუცველობასთან და დაუსჯელობასთან. რა არის ეს? სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი?... თუ ზოგადი სოციალური ანესთეზია? თუ კონფორმიზმი? ალბათ, ყველაფერი ერთად. ან, შესაძლოა, კოგნიტური დისონანსი: როცა რაიმე მიუღებელი მოვლენის მიმართ ამა თუ იმ მიზეზით ლოიალურად იქცევი, აზროვნებაც შესაბამისად გეცვლება და უკრიტიკო ხდები. მოვლენების უკრიტიკო მიმღებლობა კი ჰომო სოვეტიკუსის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება იყო. ნუთუ ისევ იქა ვართ? რა არის 20 წელი, ზღვაში წვეთი.

საღამოს ჩემი ძმა ზაზა მოვიდა თავის შეყვარებულთან ერთად, მითხრეს - შაბათს ვქორწინდებითო - დღე გენიალურად დასრულდა...

9 ივნისი, ხუთშაბათი
დილიდან ოჯახსა და ბავშვზე ზრუნვის ცენტრის თანამშრომლებს სუპერვიზიას ვუტარებ. ეს ჩვენი ორგანიზაციის დაარსებული სერვისია, იგი კანონთან კონფლიქტის რისკის მქონე ბავშვებს ფსიქოლოგიურ და სოციალურ მომსახურებას უწევს. ცენტრში მულტიდისციპლინარული გუნდი მუშაობს, ერთგულად და გატაცებით: ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, ბავშვთა ფსიქიატრი. ამ ბოლო დროს რამდენიმე რთული შემთხვევა აქვთ და ჩვენც შეხვედრებს მოვუხშირეთ, ბავშვების დახმარების სტრატეგიაზე ვმსჯელობთ, რომ არაფერი გამოგვეპაროს. ვცდილობთ მოვიფიქროთ რა ვუშველოთ მოზარდს, რომელსაც მშობლები არა ჰყავს და ჯართის პარვით ირჩენს თავს. ადრე თუ გვიან, თუ ამას თავი არ დაანება, დაიჭერენ და ცხოვრება სულ დასაწყისიდანვე გაუმწარდება-დაენგრევა. ამიტომ, ვცდილობთ მისი დასაქმების რაიმე საშუალება გამოვნახოთ. ძალიან გვიშლის ხელს, რომ ქვეყანაში ამ თვალსაზრისით შესაძლებლობები დღეს პრაქტიკულად არ არსებობს.

შუადღეზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი მოვიდა ინტერვიუს ასაღებად - დიმპლომს აკეთებს აზარტულ თამაშებზე. მის ახლობელ ადამიანს აწუხებს ეს პრობლემა და თემის არჩევანიც აქედან გამომდინარე გააკეთა. ჩემამდე ერთ-ერთ ძველი თაობის ფსიქიატრთან იყო, რომელმაც უთხრა: ეს ყველაფერი გენეტიკურიაო. გამოდის, ფატალური. გავუქარწყლე ნათქვამი: დამოკიდებულება, როგორც დაავადება ბიო-ფსიქო-სოციალური ხასიათისაა და აქედან გამომდინარე არა მარტო გენეტიკაზე, არამედ ადამიანის პიროვნებაზე და მის გარშემო არსებულ სოციალურ სინამდვილეზე და ფასეულობებზე არის დამოკიდებული. ამიტომ, ეს დაავადება ფატალური არ არის, უბრალოდ მის მორევას ამ სამ სხვადასხვა დონეზე მუშაობა უნდა.

საღამოს ნინო მახაშვილთან და ირინა ჩოფიკაშვილთან ერთად პიტერ ტაილერი - ფსიქიკური ჯანმრთელობის ღვაწლმოსილი ინგლისელი ექსპერტი - სადილად ღვინის სარდაფში, ოპერის უკან წავიყვანეთ. გვიყვარს ეს ადგილი: აქ ყოველთვის სიმშვიდეა და საუბარიც შესაძლებელია. თუმცა, დღეს ორი უზომოდ შეზარხოშებული ამერიკელი დაგვიხვდა, რომლებიც ცოტა არ იყოს და უგუნურად გაგვეხუმრნენ. ჩვენ მშვიდობიანად ვაგძნობინეთ დისტანცია, ტაილერმა კმაყოფილად ჩაილაპარაკა: ტიპიური ამერიკელები არიანო... ნეტავი, რა იგულისხმა?... ევროპაც არ არის მოკლებული წინასწარგანწყობებს.

10 ივნისი, პარასკევი
დილიდან სამსახურში ვარ, ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა საქმეს ვაკეთებ - ვჟონგლიორობ საქმეებით (როგორც ყოველთვის).

გადავდივარ ჩვენი ოფისის გვერდზე მდებარე სასტუმრო ჯორჯიაში, რომ ჩემს ინგლისელ კოლეგასა და მეგობარს, დონალდს და მის თვითშემოქმედ ბენდს ადგილები დავუჯავშნო. აგვისტოში აპირებენ საგასტროლოდ ჩამოსვლას. ბრეგოვიჩის სტილის მუსიკას უკრავენ, ქუჩაში, ძირითადად ჩასაბერი ინსტრუმენტებით - კლოუნადის ტიპის პერფორმანსს აწყობენ, კოსტუმირებულს - მამაკაცები ქალის ტანსცამელში არიან გადაცმული, ეს ყველაფერი კარნავალს ჰგავს. და არის კიდევაც.

დონალდს მუსიკალური მონაცემები არა აქვს, მაგრამ ეს არ უშლის ხელს, რომ ტრომბონზე უკრას, საშური დაჟინებითა და გატაცებით. დაკვრა ამ ხუთიოდე წლის წინ დაიწყო. მანამდე ეს ინსტრუმენტი საერთოდ არ სჭერია ხელში. სამაგიეროდ დღეს ხელიდან აღარ უშვებს. იმ დროის გარდა, რასაც ინგლისის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორობაში ატარებს, მთელ დანარჩენ დროს თავის ჰობის უთმობს. ძალიან უყვარს საქართველო და თვლის, რომ ახლა მისი ოსტატობა უკვე მიუახლოვდა იმ ნიშნულს, როცა თავის ბენდთან ერთად მას შეუძლია ქართული საზოგადოების წინაშე წარსდგეს. აბა რა მოგახსენოთ: მაინცა და მაინც არ მიხარია ეს ამბავი, მეშინია ამა თუ იმ საზოგადოებრივმა თუ რელიგიურმა გაერთიანებამ არ დაარბიოს: ჩვენთან ხომ დარბევები ამ ბოლო დროს ჩვეული რამ გახდა, ყველა კონტექსტში და ყველა დონეზე...

საღამოს, როცა სახლში ვარ და დღიურს ვაბოლოვებ, ჩემმა ახალგაზრდობის მეგობარმა გია კაკაბაძემ (იგივე ხეჩომ) ფეისბუკზე ჩვენი სამეგობროს ახალგაზრდობის უამრავი ფოტო გამოდო... სამეგობრო აჟიტაციაშია (ინტერნეტ-აჟიტაციაში), comment-ს comment-ზე ვაკეთებთ. აქ მთელი ჩვენი თაობის ანარეკლია: ლაშქრობები, სადაც საქართველოს ”ფეხით ვზომავდით” და გვიყვარდებოდა (და ერთმანეთიც გვიყვარდებოდა), ბიჭები, რომლებიც 90-იანების ომებში წავიდნენ და აღარ დაბრუნდნენ, ჩვენი პირადი პორტრეტები - ახალგაზრდა, ლამაზი და მიამიტი. ძალიან ნოსტლაგიურია ეს ყველაფერი - კინაღამ დღიურის წერა ჩამეშალა, მაგრამ მივიღე გადაწყვეტილება, ესეც ამესახა აქ და სიტუაცია გადავარჩინე.

11 ივნისი, შაბათი
დღეს დილიდან დღიურების ჩასაწერად რადიო თავისუფლებაში მივქრივარ, 10 საათისთვის იქ ვარ. მარინა ვაშაყმაძე, როგორც ყოველთვის, ხალისიანი და ენერგიულია, მასთან ურთიერთობა დადებითად გმუხტავს.

ხოდა, ასე დამუხტულმა, შევუარე სახლში საქორწილოდ გამოწყობილ დედაჩემს, რომელიც მაყრიონის ყველაზე ასაკოვანი (და ყველაზე ხალისიანი) წევრია, მივდივართ ზაზას და ნანას ხელის მოწერაზე ”ძველი ქორწინების სახლში”, იქიდან ჯვრისწერაზე თელეთში - მოკლედ, ყველაფერი გენიალურადაა.
XS
SM
MD
LG