Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 15 ივნისი, 2011

  • ნიკო ნერგაძე

”სამუდამო პატიმრობა პოლიციელის ან საჯარო მოხელის კუთვნილი ქონების დაზიანებისათვის” - ასეთია დღევანდელი ”რეზონანსის” მოწინავე სტატიის სათაური. გაზეთი წერს: უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს - სხვათა შორის, პოლიციელის ავტომანქანასა და საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმისთვის სამუდამო პატიმრობასო. ”რეზონანსი“ დასძენს: ”ხელისუფლება ბოლო პერიოდში აქტიურად ლაპარაკობს, რომ სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ლიბერალიზაციის გზას ადგას, მაგრამ ეს ამ კანონპროექტის ფონზე ცოტა რთული დასაჯერებელი ხდება.”

”მედიაპალიტრის" გარშემო სიტუაცია ჯერ არ განმუხტულა და ნაადრევია საუბარი სამოქალაქო სექტორის გამარჯვებაზე. მმართველ პარტიას არ უყვარს დამარცხებით გამოსვლა თუნდაც ასეთი, ერთი შეხედვით, "რიგითი" სიტუაციიდანო”, - წერს დღეს ”ყველა სიახლე”. გაზეთს ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ უთხრა: "პრობლემა არის არა ის, რომ "მედიაპალიტრაში" შევიდა საგადასახადო სამსახური, არამედ ის, რომ ამ სამსახურმა შეიძლება არაობიექტური დასკვნები გამოიტანოს. გასაპროტესტებელია არა საგადასახადო სამსახურის "მედიაპალიტრაში" შესვლა, არამედ ის, სამსახური თუ გადაამეტებს კანონით მინიჭებულ უფლებებს და გამოავლენს ტენდენციურობას."

სახალხო დამცველის პარლამენტში გამოსვლას კი ქართული პრესა თითქმის ერთნაირად გამოეხმაურა - ომბუდსმენი ყველასთვის მისაღებია, მაგრამ მის მოხსენებაზე რეაგირებას არ უნდა ველოდეთო. ”ტუღუში უმრავლესობასაც მოსწონს და ოპოზიციასაც” - ასეთი სათაურის სტატიას აქვეყნებს დღეს ”ახალი თაობა”. ასევე წერს ”24 საათიც”: ”გიორგი ტუღუშმა ორმხრივი მადლობა მიიღო”. თუ რა ჰქონდა მმართველ პარტიას სამადლობელი, ამაზეც ”24 საათი” წერს: ”უმრავლესობის წევრები მიუთითებდნენ, რომ, მართალია, ომბუდსმენის ანგარიშში ადამიანის უფლებათა დარღვევის არაერთი შემთხვევაა აღნიშნული, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ქვეყანაში სახალხო დამცველის ინსტიტუტს ამ მასშტაბის სამუშაოს გაწევის შესაძლებლობა აქვს, ქვეყნის დემოკრატიულობის მაჩვენებელიაო”.

დაბოლოს, „ვერსიაში“ დღეს წაიკითხავთ კარგა მოზრდილ ინტერვიუს გენერალ გია ყარყარაშვილთან. ინტერვიუში ის ძველ დროსაც იხსენებს და მიმდინარე მოვლენებზეც აკეთებს კომენტარს. ”მე ჩემს ტვირთს ვზიდავ, მათ კი თავისი ტვირთის ზიდვა მოუწევთ”, - ამბობს ის. - ”ოღონდ ჩვენს შორის ერთი სხვაობაა - ჩემს ნაბიჯებზე სინანულს საჯაროდ გამოვთქვამ.”
XS
SM
MD
LG