Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსიკალური ახალი ამბები


ბავარიის სახელმწიფო ოპერის შენობა
ბავარიის სახელმწიფო ოპერის შენობა
ლაიფციგში - ქალაქში, რომელშიც ათწლეულები ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, ბევრისათვის, ყველა დროის უდიდესი მუსიკოსი, იოჰან სებასტიან ბახი, მისი სახელობის ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალი პარასკევს დაიწყო საზეიმო კონცერტით და სახელწოდებით “Nach italienischem Gusto“ – ანუ „იტალიური გემოვნებით“. ეს სიტყვები თვით კომპოზიტორს ჰქონდა შერჩეული ერთ-ერთი კონცერტის შესრულების დასახასიათებლად. სახელწოდების შესაბამისად, წლევანდელი ფესტივალი ეძღვნება იტალიური მუსიკის, მაგალითად, პალესტრინას და ანტონიო ვივალდის, გავლენას დიდი კომპოზიტორის შემოქმედებაზე.

***


ბავარიის სახელმწიფო ოპერა არ ცვლის გეგმას, რომელიც წელს იაპონიაში ვიზიტს ითვალისწინებს: ტურნე სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყება და ერთ თვეს გასტანს, ფუკუსიმის ატომურ ელექტროსადგურზე მძიმე ავარიის შედეგად გამოწვეული კრიზისის მიუხედავად. ბავარიის სახელმწიფო ოპერის ხელმძღვანელობა, მათ შორის დირიჟორი კენტ ნაგანო, რომელიც წარმოშობით იაპონელია, ივნისის დასაწყისში ესტუმრნენ ტოკიოს ადგილზე ვითარების გასაცნობად. ბავარიის ოპერა სამ წარმოდგენას და ორ საკონცერტო პროგრამას წარუდგენს იაპონელებს. განსაკუთრებულ ინტერესს წინასწარვე იწვევს ვაგნერის „ლოენგრინი“ - მასში მთავარ პარტიას ოპერის გერმანელი ვარსკვლავი, იონას კაუფმანი შეასრულებს.

***


ბავარიის სახელმწიფო ოპერისაგან განსხვავებით, იაპონიაში წასვლაზე უარი თქვა დრეზდენის ფილარმონიის ორკესტრმა, რომლის ტურნეც ოთხშაბათს უნდა დაწყებულიყო. გადაწყვეტილების მიზეზად ორკესტრის ხელმძღვანელობამ მოიყვანა ექსპერტების რჩევა, რომ მუსიკოსებისთვის თავიდან აეცილებინათ რადიაციული დასხივების საფრთხე. დრეზედენელებს სურთ, შესაბამისად, იაპონიაში ტურნე - 2012-2013 წლებისთვის გადაიდოს.

***


რამდენიმე კვირაც და გერმანიის ქალაქ ბაიროითში, რომელიც უწინარეს ყოვლისა, კომპოზიტორ რიხარდ ვაგნერის სახელს უკავშირდება, პირველად დაუკრავს ორკესტრი ისრაელიდან - ეს გახლავთ თელ-ავივის კამერული ორკესტრი. ორშაბათს მან გამოაცხადა, რომ 26 ივლისამდე, ანუ კანცერტის დღემდე, არაფერს იტყვის ამ ამბავზე დაპირისპირების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. დაპირისპირებასა და ესკალაციაზე იმიტომ არის საუბარი, რომ ვაგნერს ისრაელში, მისი ცნობილი ანტისემიტიზმის გამო ბოიკოტს უცხადებენ. თუმცა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ბოიკოტი რამდენჯერმე დაირღვა, რასაც, როგორც წესი, სკანდალი ახლავს ხოლმე.
XS
SM
MD
LG