Accessibility links

კოკოითის მესამე ვადით კენჭისყრაზე სასამართლომ უარი უთხრა


ედუარდ კოკოითი

ედუარდ კოკოითი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უმაღლესმა სასამართლომ პრეზიდენტის მესამე ვადასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება არაკონსტიტუციურად ცნო. ამ გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე კოკოითიმ განაცხადა, რომ მესამე ვადით კენჭისყრას აღარ აპირებს, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. სასამართლომ კი მხოლოდ დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო ენის სტატუსის გარკვევის საკითხის გატანა ცნო შესაძლებლად რეფერენდუმზე. დე ფაქტო რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარემ აცამაზ ბიჩენოვმა გადაწყვეტილება 14 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, გამოაცხადა.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე კოკოითის მომხრეები სასამართლოსთან მიტინგს მართავდნენ და აცხადებდნენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერს უფლება აქვს მესამე ვადითაც იყაროს კენჭი. თუმცა ცხინვალში ყველა ასე არ ფიქრობს. საზოგადოების ნაწილის აზრით, კონსტიტუცია ხელშეუხებელია და კოკოითის წასვლის დროც მოსულია.

ცოტა ხნის წინ კოკოითის მომხრეებმა შექმნეს საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც, რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ამ ჯგუფში დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შედიან. საერთო სახალხო გამოკითხვაზე ორი კითხვა უნდა გასულიყო: გსურთ თუ არა, რომ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ენად ოსურთან ერთად რუსული გამოცხადდეს და მხარს უჭერთ თუ არა, რომ ერთმა და იმავე პირმა ზედიზედ სამჯერ იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე. შეგროვილი დოკუმენტაცია ჯერ საარჩევნო კომისიაში შევიდა, საიდანაც უმაღლეს სასამართლოში გადაიგზავნა. სასამართლომ კი მეორე საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება შეუძლებლად ცნო, რადგან იგი მოქმედ კონსტიტუციასთან შეუსაბამო იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით დე ფაქტო რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარემ აცამაზ ბიჩენოვმა ჟურნალისტებს სპეციალურად განუმარტა, რომ საპრეზიდენტო ვადებზე პარლამენტს შეუძლია იმსჯელოს.

კოკოითის მომხრეები, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან, ახლა პარლამენტს მიმართავენ. კოკოითიმ უკვე განაცხადა, რომ მესამედ კენჭისყრას არ აპირებს, მისი მომხრეები კი ამისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

კოკოითის ოპოზიცია და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ იგი საკუთარი მომხრეების გამოყენებით სპექტაკლებს დგამს. ამ სპექტაკლების არსი კი ძალიან მარტივია - თითქოს ხალხი მას პრეზიდენტად დარჩენას ეხვეწება, კოკოითი კი ისეთი დემოკრატია, რომ კონსტიტუციის შეცვლას არ ეთანხმება. კოკოითის ოპოზიცია ტირანს უწოდებს, ცხინვალში კი მისმა მომხრეებმაც და მოწინააღმდეგეებმაც იციან, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ის გახდება, ვისაც კრემლი მხარს დაუჭერს.
XS
SM
MD
LG