Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ამერიკის დაზვერვის ინფორმატორების დაპატიმრება დაიწყეს


პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი
პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი
გავრცელებული ინფორმაციით, პაკისტანის მთავარმა სადაზვერვო უწყებამ დააპატიმრა ხუთი პაკისტანელი ინფორმატორი, რომლებმაც ბინ ლადენის განადგურების ოპერაციის წინ ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს გარკვეული ინფორმაცია მიაწოდეს. ამ ფაქტის გამჟღავნება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და პაკისტანის სამხედრო უწყებებს შორის გაწყვეტილია კავშირი „ალ ყაიდისა“ და „თალიბანის“ ექსტრემისტულ ჯგუფებთან ბრძოლის საქმეში.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ პაკისტანში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ოსამა ბინ ლადენს...

იმის ნაცვლად, რომ პაკისტანის სამხედრო დაზვერვა ბინ ლადენის ხელშემწყობ ქსელს ებრძოდეს, პაკისტანი იმ პირებს აპატიმრებს, ვინც დაეხმარა ამერიკის შეერთებული შტატების სპეცდანიშნულების ნაწილს დაედგინა და გაენადგურებინა „ალ ყაიდის“ ლიდერი. „ნიუ იორკ ტაიმსის“ თანახმად, დაპატიმრებულ ხუთ ინფორმატორს შორის ერთი მაიორიცაა, რომელმაც ამერიკის დაზვერვას იმ მანქანის ნომერი აცნობა, რომელიც ბინ ლადენის საცხოვრებელ რეზიდენციასთან ბოლო კვირის განმავლობაში ჩნდებოდა. აშშ-ის კონგრესის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის წევრმა დენ ბარტონმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ, მიუხედავად ასეთი უსიამოვნო ფაქტისა, საჭიროა შემდგომი თანამშრომლობა პაკისტანის სამხედრო უწყებასთან:

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ პაკისტანში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ოსამა ბინ ლადენს. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, თუ რამდენად შორს მიდიოდა ასეთი მხარდაჭერა, მაგრამ ჩვენი დაზვერვის სამსახურის წყაროები კარგ წარმოდგენას შეგიქმნით ამის შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რომ ბინ ლადენი იქ იმყოფებოდა. ჩვენი მიზანია გავანადგუროთ „ალ ყაიდა“ და „თალიბანი“. ეს სურს პაკისტანსაც, მიუხედავად ჩვენ შორის არსებული უთანხოებისა და ისეთი პრობლემისა, როგორიც იყო ოსამა ბინ ლადენის პაკისტანში ცხოვრება. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ პაკისტანის ხელისუფლებასთან ანდა მოვძებნოთ გზა, თუ როგორ ვიმუშაოთ მათთან და გადავჭრათ პრობლემები.“

„ნიუ იორკ ტაიმსში“ მოყვანილია დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორის მოადგილის, მაიკლ მორელის სიტყვები, რომლის თანახმად, პაკისტანისა და შეერთებული შტატების თანამშრომლობა კონტრტერორისტულ ოპერაციაში „სამიანზეა“ შეფასებული ათბალიანი სისტემის მიხედვით.
ისინი პაკისტანის მტრები არიან. ესენი არიან ხალხი, რომელიც ჩვენს შვილებს, ჩვენს ძმებსა და ჩვენს დებს ხოცავს...

ანგარიშის თანახმად, რომელსაც გამოცემა ეყრდნობა, ორ სადაზვერვო უწყებას შორის ანტიტერორისტულ საქმიანობაში დისტანცირება კიდევ უფრო გაძლიერდა ოსამა ბინ ლადენის მოკვლის შემდეგ, თუმცა ვაშინგტონი და ისლამაბადი კვლავ ინარჩუნებენ პარტნიორულ ურთიერთობას. ხოლო ცოტა ხნის წინ, ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან შეხვედრის დროს, პაკისტანის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ალ ყაიდისა“ და „თალიბანის“ წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის ინტერესებში შედის:

„ისინი პაკისტანის მტრები არიან. ესენი არიან ხალხი, რომელიც ჩვენს შვილებს, ჩვენს ძმებსა და ჩვენს დებს ხოცავს. ესენი არიან ხალხი, რომელმაც ჩემი შვილების დედა მოკლა. და რამდენადაც ეს პირადად მე შემეხება, არ ვაპირებ სხვის ომში ჩარევას. პაკისტანი საკუთარ ომს აწარმოებს.“

პაკისტანის ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰუსეი ჰაქქანიმ, „ნიუ იორკ ტაიმსს“ უთხრა, რომ „ პაკისტანის დაზვერვის სამმართველო და შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სამმართველო ერთობლივად მუშაობენ, რათა შეთანხმებულად დაუპირისპირდნენ ტერორიზმის საფრთხეს“, თუმცა საჭიროდ აღარ ჩათვალა დეტალების დაზუსტება. კონგრესმენმა მაიკლ როჯერმა, რომელიც გასულ კვირაში ისლამაბადში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ საჭიროა მწვანე შუქი მიეცეს ორი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლობის ახალ ფორმატს, რომელიც შესაძლებელს გახდის ინფორმაციის გაცვლას და ამერიკელი დაზვერვის ოფიცრების დაშვებას პაკისტანში დაპატიმრებული ექსტრემისტების დასაკითხად.
ჰილარი კლინტონი

პაკისტანთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება ცოტა ხნის წინ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, როდესაც თალიბი მებრძოლებისა და ავღანეთის ხელისუფლების შერიგების პროცესზე საუბრობდა:

„იმისათვის, რომ წარმატებული იყოს შერიგების პროცესი ავღანეთში, ამ პროცესის მონაწილე უნდა გახდეს პაკისტანი. „თალიბანის“ ბევრი ლიდერი განაგრძობს ცხოვრებას პაკისტანში, ხოლო პაკისტანს აქვს ლეგიტიმური ინტერესი პროცესის შედეგის მიმართ და ამ ინტერესს პატივისცემა და გათვალისწინება სჭირდება.“

შერიგების პროცესს კლინტონმა უწოდა ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი. „პროცესი, რომელსაც ავღანეთი წარმართავს, მიზნად ისახავს გათიშოს „თალიბანი“ და „ალ ყაიდა“ და შემოირიგოს ის მეამბოხეები, რომლებიც უარს ამბობენ ძალადობაზე და აღიარებენ ავღანეთის კონსტიტუციას,“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
XS
SM
MD
LG