Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამკუთხედი


შერონ სტოუნის თბილისში ვიზიტზე ბევრი ითქვა, და, სავარაუდოდ, უფრო მეტი შთამომავლობა ჩარეცხა უნიტაზში ბევრმა ქართველმა ჯეელმა. თუმცა, სასოწარკვეთილი ჟურნალისტების თავგადაკლული მონდომების მიუხედავად, ეს ვიზიტიც ნაწილობრივ გაშუქდა. კადრს მიღმა კი გაცილებით მეტი იყო საჭვრეტი, ვიდრე ტელეეკრანზე.

ახლავე მოგახსენებთ, რასაც ვგულისხმობ. ისე მოხდა, რომ, მიზეზთა სხვათა და სხვათა გამო, ფილმ „აგვისტოს 5 დღის“ საპრემიერო ჩვენებაზე რუსთაველის კინოდარბაზში გახლდით.

წინა დღეს შერონი საპატრიარქოს სტუმრობდა. პატრიარქმა ამერიკელ სტუმართან ხელოვნებაზე ისაუბრა. შემდეგ საკუთარი ნაწარმოებები „ავე მარია“ და „სანქტუსი“ მოასმენინა. ამ ვიზიტმა, ცოტა არ იყოს, დამაბნია. თავის დროზე პაპი იოანე პავლე მეორე არ მიიღეს საპატრიარქოში. შერონ სტოუნს კი უარი ვითომ რატომ ვერ შებედეს? დავიჯერო, აქაც ძირითადი ინსტინქტი მუშაობს?

იმ დღეებში ყველა ქართულმა ტელეარხმა იმდენჯერ აჩვენა ქალბატონი შერონი, ჰოლივუდელი კინოდარბაზში რომ შემოვიდა, მეგონა, პირდაპირ ტელევიზორიდან გადმოხტა. უფრო სწორად, გადმოდინდა, ვითარცა მირონი. ოღონდ იმაზე უფრო მობერებული, ვიდრე ეკრანზე ჩანდა. ფრაკში გამოწყობილი მეშვიდე მოწვევის პარლამენტარი კობა ნაყოფია მერეღა შევნიშნე მის უკან, როგორც ერთგული მეაბჯრე. ხანმოკლე ფაციფუცის შემდეგ შერონმა, მისმა საჭურველთმტვირთველმა და ქართულმა პოლიტბომონდმა ადგილები დაიკავეს და მალე ფილმიც დაიწყო.

ბატონი კობა თურმე იშვიათი ნაყოფია. ჯერ დაგვანამუსა, თუ ფილმი არ მოგწონთ, რუსეთის აგენტები ხართო. მერე აგენტობას აღარ დასჯერდა და უფრო შორს წავიდა: „ყველა, ვინც კრიტიკულად უდგება ფილმს 'აგვისტოს 5 დღე', საქართველოს მტერია... ეს ის თემაა, რომელშიც ყველა ერთი უნდა ვიყოთ, ვისაც თავის ქვეყანა უყვარს“. მოკლედ, ბოლომდე ვეცადეთ, ნაყოფიას კადენციისთვის აგვეწყო ფეხი და წითელ ხალიჩაზე ფაშისტური გერმანიისთვის შესაშური მარშით გაგვევლო. გავიარეთ კიდეც. იყო ამ სცენაში რაღაც ეპიკური და ღირსეული. თითოეული ჩვენგანი გოროზი, მოქნილი და უძლეველი სხეულის ამა თუ იმ კიდურად გრძნობდა თავს. დევგმირის სხეულის ნაწილი იყო არა მარტო იქ შეკრებილი ხალხი, არამედ მთელი გამზირი, მთელი რუსთაველი, კერძოდ კი - კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორია. სამშობლოსთვის თავდადებული სპარტელებიც ხომ წითელი ნაჭრით იფარავდნენ სხეულს, რათა სისხლის კვალი დაემალათ.

ფილმზე ამბობენ, იაფფასიანი პროპაგანდააო. არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. სად მეცალა ფილმისთვის! მთელი გულისყური შერონისკენ მქონდა მიმართული. დიდ ხანს უძრავად იჯდა. მეგონა, ალბათ აღარ ჩაატარებს-მეთქი იმ თავის საფირმო „ნომერს ფეხებით“. რომ, უცბად, ჰოი სასწაულო, ვარსკვლავმა ჯერ ფეხი ფეხზე გადაიდო. სულ მალე კი იმავე ფეხებს ადგილი შეუცვალა და რაღაც წამით სრულიად საქართველოს მამაკაცთა სალოცავი სამკუთხედი გამოუჩნდა, რომელსაც, სიმართლე გითხრათ, იწრო არაფრით ეთქმოდა. სწორედ იმ სამკუთხედის შემყურემ ვიფიქრე, რომ ფართე არს დედაკაცთა ბუნებაი.

ფილმი რომ დამთავრდა, შერონს თვალთაგან ორი კურცხალი ჩამოუგორდა, ვითარცა მარგალიტნი. ის მარგალიტები ნაყოფიამ იატაკზე დაყრილი პოპკორნიდან უმალ აკრიფა და ფრაკის ჯიბეში ჩაიდო. ფაქტი მოტეხა.

დელეგაცია დარბაზიდან რომ გავიდა, ერთხანს ჩემს ადგილზევე შევრჩი. ისევ სრულიად საქართველოს მამაკაცთა საოცნებო შერონის სამკუთხედზე ვფიქრობდი. ალბათ, რამდენი ქართველი კაცი ისურვებდა შერონში შესვლას. მაშინ მივხვდი, რომ სწორედ შერონს და არა ნატოს შეუძლია საქართველოს გადარჩენა. მთავარია, თავისი კალთა ზედ გადაგვაფაროს ანუ შერონის წილხვედრი ქვეყანა გავხდეთ. ჩვენ პატარა ერი ვართ, შერონის ფეხებს შორის თავისუფლად შევეტევით. თან უსაფრთხოდაც ვიგრძნობთ თავს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მთავარი მტრისგან - პუტინისგან დაცულები ვიქნებით. მოგეხსენებათ, უსაფრთხოდ მაშინ ხარ, როცა მეგობარი ახლოს გყავს, მტერი კი უფრო ახლოს. პუტინისა და შერონის სიახლოვე ხომ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია.

შერონ სტოუნის თბილისში ვიზიტზე ბევრი ითქვა. თუმცა სამკუთხედზე ფიქრს დღემდე ვერ დავაღწიე თავი. მართლაც, რა უცნაური (და ფართო!) სასიყვარულო სამკუთხედი იკვრება: მიშა, შერონი, ვოვა. ამაზე თუა ნათქვამი, სიყვარული გზად და ხიდადო.
XS
SM
MD
LG