Accessibility links

logo-print

მოსკოვის მერია ანტიქსენოფობიურ კამპანიას იწყებს?


მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი

მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი

მოსკოვის ხელმძღვანელობა აპირებს აამოქმედოს სამართლებრივი მექანიზმები რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ანტიქსენოფობიურ პროგრამამდე, რომლის ინიციატორი მოსკოვის ხელისუფლებაა, რუსეთში აიკრძალა გავლენიანი მემარჯვენე-რადიკალური ჯგუფი, რომელმაც გასული წლის დეკემბერში მოსკოვში არეულობები მოაწყო.
მანეჟის მოედანზე გასულ დეკემბერში მომხდარი მოვლენების შემდეგ, ხელისუფლება ძალიან არის დაინტერესებული ტოლერანტობის მიღწევით...

გასული წლის დეკემბერში მომხდარი ძალადობის შემდეგ, მოსკოვის ხელისუფლებამ 110 მილიონი რუბლი (დაახლოებით 3.93 მილიონი დოლარი) გამოყო კამპანიისათვის, დევიზით „არა რასიზმს“. კამპანია გულისხმობს მრავალ ღონისძიებას: მრგვალი მაგიდების ორგანიზებას, ვებსაიტის შექმნას და კულტურულ მრავალფეროვნებაზე მომზადებული ფილმების ჩვენებას. პროგრამას გასულ კვირაში მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა მოაწერა ხელი. როგორც რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური კომუნიკაციების სააგენტოს გენერალური დირექტორი დიმიტრი ორლოვი ამბობს, აღნიშნული ნაბიჯით ხელისუფლება ქსენოფობიური პრობლემის მოგვარებას ცდილობს:

„ვფიქრობ, რომ მანეჟის მოედანზე გასულ დეკემბერში მომხდარი მოვლენების შემდეგ, ხელისუფლება ძალიან არის დაინტერესებული ტოლერანტობის მიღწევით და ეროვნებათშორისი დაპირისპირების შემცირებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას მართლაც გულწრფელი ზრახვები აქვს და ეს დასტურდება იმ დიდი რაოდენობის თანხებითაც, რაც გამოყვეს.“

როგორც ამ პროგრამის ნაწილი, მოსკოვის ხელისუფლებამ აპრილში აკრძალა „მოძრაობა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ“, ორგანიზაცია, რომელსაც კავშირი ჰქონდა მანეჟის მოედანზე მომხდარ ძალადობასთან. ნაციონალისტური გამოსვლების განახლების შიში გაიზარდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში მოსკოვში მოკლეს პოლკოვნიკი იური ბუდანოვი. ოფიცერი რუსმა ნაციონალისტებმა გმირად შერაცხეს მას შემდეგ, რაც სასამართლომ მას პატიმრობა მიუსაჯა, ჩეჩენი გოგონას მოტაცებისა და გაუპატიურების ბრალდებით. ბუდანოვი, რომელიც სასამართლომ 2008 წელს შეიწყალა, 10 ივნისს დაუდგენელმა პირებმა მოკლეს.

ალექსანდრ ვერხოვსკი, მოსკოვის „სოვა ცენტრის“ დირექტორი, ეთნიკურ თავდასხმებს აკვირდება. მისი თქმით, მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა, წინა წლებში ანალოგიური ანტიქსენოფობიური კამპანიის არაეფექტურობა კარგს არაფერს უქადის ამჟამინდელ ძალისხმევას. უფლებადამცველს ბევრი შეკითხვა აქვს დაგეგმილი კაპმანიის ზოგიერთი სეგმენტის მიმართაც.
ჩემი აზრით, ეს ვერავითარ გავლენას ტოლერანტობის დონეზე ვერ მოახდენს. თუ ადამიანს მეორე ადამიანი არ მოსწონს, ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ის ცუდად ცეკვავს ანდა მღერის, არამედ სულ სხვა რამის გამო...

„ზოგიერთ სხვა შემთხვევაში ეს იდეა არ არის ძალიან კარგი. მაგალითად, ჩვენში, ტოლერანტულობისათვის ბრძოლის თვალსაზრისით, ძალიან პოპულარულია სხვადასხვა მხატვრული ღონისძებებისა და ფესტივალების გამართვა. ჩემი აზრით, ეს ვერავითარ გავლენას ტოლერანტობის დონეზე ვერ მოახდენს. თუ ადამიანს მეორე ადამიანი არ მოსწონს, ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ის ცუდად ცეკვავს ანდა მღერის, არამედ სულ სხვა რამის გამო.“

მოსკოვის მერიის ანტიქსენოფობიური პროგრამა, როგორც ყოველდღიური „ვედომოსტი“ წერს, ასევე ითვალისწინებს სხვადასხვა რელიგიური და კულტურული დღესასწაულის აღნიშვნას, სხვადასხვა, როგორც ზემოთ ითქვა, ანტიქსენოფობიურ ღონისძიებებს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეებრძოლებიან დამქირავებლის მიერ არალეგალი უცხოელების იაფ მუშახელად გამოყენების გავრცელებულ პრაქტიკას, ასევე დაეხმარებიან მიგრანტებს, როგორც მათ ხელისუფლება უწოდებს, მოსკოვის „კულტურული ნორმების“ ადაპტირებაში. ამით მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ადმინისტრაცია ცდილობს დისტანცირება მოახდინოს იური ლუჟკოვის მკაცრი ხელის მმართველობისაგან. თუმცა სტატისტიკა ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი ძალადობის შესახებ რუსეთში კვლავაც შემაშფოთებელია. მიმდინარე წელს, „სოვა ცენტრის“ თანახმად, რუსეთში რასობრივ ნიადაგზე მომხდარ შეტაკებებში 11 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG