Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგარიში 5:0?


აუგუსტინ კარსტენსი და კრისტინ ლაგარდი (მარცხნივ)
აუგუსტინ კარსტენსი და კრისტინ ლაგარდი (მარცხნივ)
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაასახელა ორი კანდიდატურა, რომელთაგან ერთ-ერთი გახდება ამ საფინანსო ინსტიტუტის ახალი აღმასრულებელი დირექტორი. საერთაშორისო სავალუტო ფონდი, როგორც ცნობილია, ხელმძღვანელის გარეშე დარჩა მას შემდეგ, რაც გადადგა დომინიკ სტროს-კანი. ეს უკანასნკელი გასულ თვეში ნიუ-იორკში დააპატიმრეს სექსუალური ძალადობის ბრალდებით. საერთაშორისო სავალუტო ფონდი არის გლობალური საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც 190-მდე ქვეყანას აერთიანებს და ხელს უწყობს მათ ფინანსურ სტაბილურობას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი დირექტორობის კანდიდატებად ასახელებს საფრანგეთის ფინანსთა მინისტრ კრისტინ ლაგარდს და მექსიკის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე აუგუსტინ კარსტენსს. ფონდის განცხადებით, მისი 24-წევრიანი საბჭო ორივე კანდიდატს გაესაუბრება გადაწყვეტილების მიღებამდე, საამისოდ კი 30 ივნისამდე აქვს ვადა.

ბევრს მიაჩნია ფავორიტად ამ საფინანსო ინსტიტუტის ბოლო ხელმძღვანელის, ფრანგი დომინიკ სტროს კანის თანამემამულე კრისტინ ლაგარდი - 55 წლის მინისტრი ქალი, საერთაშორისო იურიდიულ კომპანია „Baker & McKenzie”-ის ხელმძღვანელობის ყოფილი წევრი, რომლის კანდიდატურასაც ევროკავშირი ემხრობა. ბრიუსელში არგუმენტად მოჰყავთ ის გარემოება, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქტიურად მონაწილეობს ევროზონის წევრების, საბერძნეთის, ირლანდიის, პორტუგალიისთვის დახმარების გაწევაში, მათი ვალებით გამოწვეული მძიმე პრობლემების მოსაგვარებლად და ამის გამო, სასურველია, ხელმძღვანელის პოსტი შეინარჩუნოს ისევ ევროკავშირის წარმომადგენელმა.

ლაგარდს მხარდაჭერას უცხადებს რამდენიმე სხვა ქვეყანაც, მათ შორის ეგვიპტე და ინდონეზია. თუმცა, ხელისშემშლელი ფაქტორიც ასრებობს: საფრანგეთში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის სკანდალთან დაკავშირებით იმის დასადგენად, თუ რა როლი ეკუთვნის მასში კრისტინ ლაგარდს.

რაც შეეხება ფრანგი მინისტრის კონკურენტს, 53 წლის მექსიკელ აუგუსტინ კარსტენს, მას საერთაშორისო სავალუტო ფონდში მაღალ თანამდებობაზე მუშაობის სამწლიანი გამოცდილება აქვს. 2003-2006 წლებში კარსტენსი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო, თუმცა, აღმასრულებელი დირექტორობის რეალური შანსი მაინც არა აქვს თუნდაც იმის გამო, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს აქამდე ყოველთვის ევროპელი ხელმძღვანელობდა.

„თავს არ ვიტყუებ... ეს ისეა, ფეხბურთის მატჩი რომ დაიწყო და ანგარიში უკვე ხუთით ნოლი იყოსო“, - ასე შეაფასა კარსტენსმა კრისტინ ლაგარდსა და თავის თავს შორის ძალთა თანაფარდობა ვაშინგტონის ერთ-ერთ კვლევით ცენტრში გამართულ შეხვედრაზე. მხარდამჭერები მასაც ჰყავს - ლათინური ამერიკის ათზე მეტი სახელმწიფო. თუმცა, მათ შორის არ არიან ბრაზილია და არგენტინა, რომლებიც ეკონომიკურად რეგიონში ყველაზე გავლენიან ქვეყნებს მიეკუთვნებიან. ამ ორს, ისევე როგორც შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, იაპონიას, რუსეთსა და ინდოეთს საჯარო მხარდაჭერა ჯერ არც ერთი კანდიდატისთვის არ გამოუხატავს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG