Accessibility links

რამდენად სამართლიანია სასამართლო საქართველოში?


საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობა

სახალხო დამცველის შეფასებით, სასამართლო სისტემის მდგომარეობა საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან შორს დგას სასურველისგან. 2010 წლის ანგარიშში ასახული პრობლემებიდან განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩევა, მაგალითად, სასამართლო გადაწყვეტილებათა არასათანადო დასაბუთებულობა, საქმის წარმოების პროცესში მოსამართლეთა უკანონო შეცვლა თუ მოსამართლეთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა.

ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საზოგადოებრივი აზრის სხვადასხვა გამოკითხვის შედეგები სასამართლო სისტემის მიმართ მოქალაქეთა ნდობის მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს. ბოლო ასეთი კვლევის შედეგები ივნისის დასაწყისში გამოქვეყნდა. კვლევა ჩატარებულია სამი საერთაშორისო ორგანიზაციის (NORLG, ABA, UNDP) მონაწილეობით და დაახლოებით 4 ათასი მომხმარებლის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ სასამართლოს ენდობა გამოკითხულთა 75 პროცენტი, დაახლოებით 16 პროცენტი - ნაწილობრივ ენდობა მას, ხოლო დაახლოებით 15 პროცენტს სასამართლოსადმი არანაირი ნდობა არ გააჩნია.

75-პროცენტიანი შთამბეჭდავი ნდობის ფონზე ბევრისთვის ერთობ შემაშფოთებლად გამოიყურება მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები, რომლებიც თავმოყრილია სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშში. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ასეთი პრობლემის მიღმა დგანან კონკრეტული ადამიანები, რომელთა უფლებებიც ხშირ შემთხვევაში უხეშად ირღვევა.

2010 წელს სახალხო დამცველის აპარატში განხილულ საქმეთა ანალიზით დგინდება, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში კვლავ პრობლემად რჩება სასამართლო გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობის საკითხი, რაც ომბუდსმენისთვის იმაზე მეტყველებს, რომ 2009 წელს გამოვლენილი სისტემური პრობლემა არც 2010 წელს აღმოფხვრილა.

მართალია, ბევრ სახელმწიფოში - და, მათ შორის, შეერთებულ შტატებში -მოსამართლეები ხშირ შემთხვევაში საჭიროდ არ მიიჩნევენ საკუთარი გადაწყვეტილების დასაბუთებას, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება პირის წინასწარ პატიმრობას, მაგრამ 14 ივნისს, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას, ომბუდსმენმა შეახსენა დეპუტატებს, რომ ევროსაბჭოს წევრ ქვეყანაში - საქართველოში - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება და ამიტომ სხვა ვალდებულებები არსებობს:

”არაერთი კონკრეტული საქმეა, რომელიც საქართველომ სწორედ იმ მიზეზის გამო წააგო ევროსასამართლოში, რომ სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაბუთებულობა იყო ან არარსებული, ან არასაკმარისი, ან ზოგადად ტრაფარეტულად გამოყენებული იყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დებულებები, როდესაც პირს შეეფარდა წინასწარი პატიმრობა. სწორედ ამ სტანდარტს ვიყენებთ, როდესაც შევისწავლით სისხლის სამართლის საქმეებს ამ კუთხით.”

სახალხო დამცველის დასკვნით, სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის პრობლემები თავს ძირითადად წინასწარი პატიმრობის შემთხვევებთან მიმართებით იჩენს, თუმცა არსებობს შესწავლილი საქმეები, რომლებთან მიმართებითაც სახალხო დამცველის აპარატს გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ სასამართლომ სათანადოდ არ დაასაბუთა საბოლოო გადაწყვეტილება ამა თუ იმ პირისთვის სასჯელის შეფარდებისას.

მწვავე პრობლემას წარმოადგენს ასევე მოსამართლეთა უკანონო შეცვლა საქმის წარმოების პროცესში - საკითხი, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის პრობლემასთან. მთელ რიგ შემთხვევებში უგულებელყოფილია აუცილებელი მოთხოვნა, რომ თუკი წინასწარ არ არის დანიშნული სათადარიგო მოსამართლე, ნებისმიერ სხვა შემთხვევაში მოსამართლის ცვლილება საჭიროებს საქმის განხილვის თავიდან დაწყებას.

მოსამართლეთა შეცვლის პრობლემას სახალხო დამცველი გარკვეულწილად მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობის კონტექსტშიც განიხილავს:

”როგორც სასამართლო ხელისუფლებაში არსებული მდგომარეობა ცხადყოფს, ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსამართლეს უფლებამოსილების განხორციელება სხვა სასამართლოში ეკისრება, რაც არცთუ იშვიათად დისკომფორტს უქმნის მოსამართლეებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებაში და აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ასეთი შემთხვევები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მოსამართლეთა გარკვეული დასჯის ან წახალისების სახით.”

აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს პარლამენტს - განიხილოს შესაბამისი ცვლილელები და დამატებები ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში, ”რაც უზრუნველყოფს მოსამართლეთა მსგავსი გადაყვანის იშვიათ და საგამონაკლისო ხასიათს.” სახალხო დამცველი ასევე აუცილებლად მიიჩნევს, რომ იმ მოსამართლეებისთვის, რომლებიც უფლებამოსილების განსახორციელებლად მივლინებული იქნებიან სხვა სასამართლოებში, განისაზღვროს დამატებითი სოციალური გარანტიები.

გიორგი ტუღუში ამბობს, რომ სახალხო დამცველისთვის საკმაოდ რთულია სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის შეფასება, მაგრამ მისი აპარატის მიერ აღმოჩენილი დარღვევები სასამართლო სისტემაში არსებულ არაერთ სერიოზულ ნაკლოვანებაზე მიუთითებს. ეს კი ომბუდსმენისთვის წარმოშობს გარკვეულწილად კითხვის ნიშნებს კონკრეტულ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხთან თუ პროფესიონალიზმთან დაკავშირებით:

”ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთხელ მივმართე იუსტიციის საბჭოს ათეული მოსამართლის დისციპლინარული წარმოების დაწყების მოთხოვნით, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ მოსამართლემ დაარღვია კანონმდებლობის მოთხოვნები.”

ომბუდსმენისთვის ეს ყველაფერი იმას ცხადყოფს, რომ ”ამ სისტემაში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ მივიღოთ ის სასამართლო, რომელიც ჩვენ ყველას გვინდა, რომ დავინახოთ ამ ქვეყანაში.”

სასამართლო ხელისუფლების მუშაობაში ომბუდსმენის მიერ დანახული პრობლემური საკითხების იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომაზე განხილვისთვის და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოხატავს ხსენებული საბჭოს წევრი, დეპუტატი უმრავლესობის რიგებიდან პავლე კუბლაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ მას და უმრავლესობის სხვა წარმომადგენლებს ომბუდსმენის 2010 წლის ანგარიშში თავმოყრილ ზოგიერთ პრობლემასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა აქვთ.

დაბოლოს, ვთქვათ, რომ ნაკლოვანებებთან ერთად, თავის 2010 წლის ანგარიშში სახალხო დამცველი ყურადღებას დადებით ტენდენციებზეც ამახვილებს, თუმცა მათი რიცხვი გაცილებით მცირეა.

გიორგი ტუღუშის შეფასებით, მაგალითად, ძვირად ღირებული მრავალი ტრეინინგის წყალობით თანდათან მაღლდება მოსამართლეთა კვალიფიკაციის დონე, მკვეთრად არის გაუმჯობესებული სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; აღარ არის ძველებურად გრძელი რიგები საქმეების განხილვაზე; დაახლოებით 50%-ით იმატა სასჯელის ალტერნატიული ზომების გამოყენების შემთხვევებმა და იმატა ასევე საპროცესო შეთანხმებების გამოყენების ფაქტებმა. ამ ხელშემწყობი ფაქტორის გამო ,სასჯელაღსრულების დაწესებულებები კიდევ უფრო არ გადაიტვირთა. თუმცა ხსენებული დაწესებულებების გადატვირთულობის პრობლემა, სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოში კვლავაც მეტად მწვავე პრობლემად რჩება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG