Accessibility links

გასულ კვირაში საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის ხელმძღვანელობით, ავსტრიის დედაქალაქში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფებოდა. ვენაში საქართველოს დელეგაციას საშუალება მიეცა ბიზნესმენებისა და სახელმწიფოების წარმომადგენლებისთვის საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები გაეცნო.

ვენაში ეკონომიკური ფორუმი ძირითადად დახურულ კარს მიღმა გაიმართა და ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკურ თანამშრომლობას მიეძღვნა. თუ ევროპის კავშირში საბიუჯეტო კრიზისია და ეკონომიკა დაბალი ტემპით ვითარდება, აზიაში ეკონომიკის სწრაფ ზრდასთან გამკლავებას ცდილობენ. სწორედ ამითაა მნიშვნელოვანი ამ რეგიონის ქვეყნების წარმომადგენელთა გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ვენის ფორუმს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები გააცნო. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსის ნიკო მჭედლიშვილის განცხადებით, ვენის ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა საქართველოს მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა კორუფციასთან ბრძოლის საქმეში.

ნიკო მჭედლიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსი
”ამ შეხვედრაში, გარდა იმისა, რომ მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები, ასევე მონაწილეობდნენ კორპორაციებიც. მსოფლიოში უდიდესი კორპორაციის, „სიმენსის“ წარმომადგენელმა დაუფარავად განაცხადა, ჩვენ გამოვიყენეთ საქართველოს მაგალითი იმისათვის, რომ ჩვენს რიგებში აღმოგვეფხვრა კორუფციაო. ყველამ კარგად იცის, რომ კორპორაციები სხვაგვარად იმართება, ქვეყნები სხვაგვარად არის მოწყობილი, მაგრამ მათ გადაწყვიტეს, რომ საქართველოს მაგალითი, ის ანტიკორუფციული რეფორმები, რომლებიც ჩვენთან ჩატარდა, მათთვის სასარგებლოა და კმაყოფილებით აღნიშნეს, ჩვენ საქართველოს მაგალითს მივდევთო. სასიამოვნოა, როდესაც ასეთ განცხადებას კორპორაციის წარმომადგენლისგან ისმენ.”

მეორე საკითხი, რაშიც განსაკუთრებით ევროპის ლიდერებს საქართველოს გამოცდილება აინტერესებდათ, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მონაწილეობა მიიღო ტელეკომპანია ”ბლუმბერგის” მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში. ნიკო მჭედლიშვილის განცხადებით, ამ დისკუსიაშიც საქართველოს გამოცდილებას დიდი ყურადღება დაუთმეს:
”ამ კონფერენციაში მონაწილეობდა 4 პიროვნება - მათ შორის, ოპეკის გენერალური მდივანი და ნიკა გილაური. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ქვეყანამ ენერგოუსაფრთხოება დივერსიფიკაციის გზით და იგივე ურჩია ევროპას.”

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, მაგალითების გაზიარების გარდა, საქართველოს დელეგაციამ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს საინვესტიციო გარემოც გააცნო. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსი ნიკო მჭედლიშვილი იმედოვნებს, რომ ამგვარ ტრიბუნებზე საქართველოს წარმოჩენა ქვეყნის ეკონომიკას დადებით შედეგებს მოუტანს:

”ეს იყო კარგი ჩვენება საქართველოს ეკონომიკისა სხვა ქვეყნებისთვის და იმის ჩვენება, თუ რა რეფორმები ტარდება საქართველოში. იქ იყო ბევრი კომპანიის წარმომადგენელი, რომლებიც უყურებენ, თუ რა კეთდება საქართველოში და რამდენად მიმზიდველია საინვესტიციო გარემო და ეს არის კარგი საშუალება ინვესტიციის მოსაზიდად.”
XS
SM
MD
LG