Accessibility links

logo-print

ომბუდსმენის „ცნობად მიღებული“ მოხსენება


გიორგი ტუღუში, საქართველოს სახალხო დამცველი

გიორგი ტუღუში, საქართველოს სახალხო დამცველი

საქართველოს პარლამენტმა სპეციალური დადგენილებით ცნობად მიიღო „2010 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენება. პარლამენტის დადგენილებითვე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს დაევალა განახორციელოს მონიტორინგი სახალხო დამცველის მოხსენებაში მითითებული ფაქტების პრევენციასა და რეკომენდაციების შესრულებაზე.

საქართველოს პარლამენტმა ტრადიცია არც წელს დაარღვია და სახალხო დამცველის ანგარიში მხოლოდ ცნობად მიიღო. დადგენილების პროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხუთი წავიდა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კახა ანჯაფარიძე ამბობს, რომ პარლამენტი ინტენსიურად ითანამშრომლებს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან იმ რეკომენდაციების შესასრულებლად, რომლებიც სახალხო დამცველის ანგარიშშია წარმოდგენილი:

„ბევრი რამ საგულისხმო იყო ომბუდსმენის ანგარიშში და, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააგრძელებს მუშაობას იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტად გაძლიერდეს პოზიტიური მომენტები და ნაკლოვანებები აღმოიფხვრას.“

საპარლამენტო უმრავლესობის ამგვარი დამოკიდებულება ომბუდსმენის ანგარიშისადმი და პარლამენტის მიერ მიღებული სტანდარტული დადგენილება არ აკმაყოფილებს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს. დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, დადგენილებაში არაადეკვატურადაა ასახული სახალხო დამცველის მიერ მოტანილი ფაქტები.

„სამწუხაროა, რომ მმართველმა უმრავლესობამ წარმოადგინა პროექტი, რომელიც პირდაპირი კალკირებაა 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშზე მიღებული დადგენილებისა, რომლითაც პარლამენტი მხოლოდ და მხოლოდ ცნობად იღებს სახალხო დამცველის ანგარიშს“, უთხრა დიმიტრი ლორთქიფანიძემ რადიო თავისუფლებას.

დადგენილების მიღებამდე პარლამენტმა კენჭი უყარა დადგენილების ალტერნატიულ პროექტს, რომელიც ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრებმა შეიმუშავეს. პროექტს მხოლოდ 7-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვეფხვაძის კომენტარი:

„ჩვენი პროექტის განსხვავება იმაში მდგომარეობდა, რომ თუკი მადლობას უხდიდა უმრავლესობა სახალხო დამცველს, მაშინ კეთილი უნდა ინებოს და მოტანილ ფაქტებზე მოახდინოს ადეკვატური რეაგირება, ანუ კონკრეტული თანამდებობის პირები უნდა დაისაჯონ. ჩამოთვლილი გვაქვს კონკრეტული გვარები, ათეულობით გვარი, რომელთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, მაგრამ სამწუხაროა ის, რომ ჩვენ ისევ მხოლოდ მოვისმინეთ ანგარიში და მხოლოდ ცნობად მივიღეთ ის.“

ანგარიში, რომლის მოსმენა, საერთო ჯამში, ათი საათი გაგრძელდა, მართლაც გაჯერებული იყო ადამიანის უფლებათა დარღვევის აღმწერი ფაქტებით. ყველაზე მეტი კრიტიკა, როგორც მოსალოდნელი იყო, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ დაიმსახურა:

„ზოგიერთ დაწესებულებაში, გადატვირთულობისა და მოშლილი ინფრასტრუქტურის გამო, გაუსაძლისი პირობებია და, რიგ შემთხვევებში, პატიმართა ამგვარ პირობებში განთავსება თავისუფლად შეიძლება შეფასდეს როგორც არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა.“

გიორგი ტუღუშმა ასევე ვრცლად ილაპარაკა სასჯელაღსრულების სისტემაში დაბალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების შესახებ და პატიმართა გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელზე. საარჩევნო პერიოდში აღრიცხულია პატიმართა გარდაცვალების 142 შემთხვევა, საიდანაც დიდი წილი ტუბერკულოზით დაავადებულებზე მოდის, თუმცა, მიუხედავად ამგვარი მწვავე კრიტიკისა, საპარლამენტო უმრავლესობამ საჭიროდ არ ჩათვალა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრის პასუხისმგელობის საკითხის დაყენება. საკითხავია, რატომ? კახა ანჯაფარიძის პასუხი:

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ, პირიქით, ამ სამინისტრომ მართლა გადადგა მძლავრი ნაბიჯები. ავიღოთ თუნდაც გრძელვადიანი პაემნები, რაც სულ ცოტა ხნის წინ ყველას შეუძლებლად მიაჩნდა. სწორედ ამ სამინისტრომ მოახერხა ეს და ბევრი სხვა ნოვაცია. ასე რომ, საფუძველი იმისა, რომ ვიფიქროთ, ეს სამინისტრო ცუდად მუშაობს, არ გვაქვს. პრიქით, ეს სამინისტრო განუწყვეტლივ ვითარდება. პრობლემები არის, მაგრამ დინამიკა არის აშკარად უკეთესობისკენ და, შესაბამისად, უმრავლესობამ მინისტრის პასუხისმგელობის საკითხის დაყენების წინადადება არ გაიზიარა.“

საპარლამენტო უმრავლესობამ არც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. ოპოზიცია ასევე მოითხოვდა ომბუდსმენის ანგარიშში დასახელებული კანონდარღვევის ფაქტების გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტეს, რომ ცალკეულ ფაქტებთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება, რაც ასევე შეიძლება ჩაითვალოს სახალხო დამცველის ანგარიშზე დროულ და ადეკვატურ რეაგირებად.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG